გეგი კიკაბიძე: გვინდა, ყველასთვის თითით საჩვენებელი გუნდი გავხდეთ!

AutoSharing Option
გეგი კიკაბიძე ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ახალგაზრდაა.

ჟურნალისტმა 1996 წელს დაშლილი კლუბი "შევარდენი" აღადგინა და ახლა კლუბს "შევარდენი 1906" ჰქვია. კლუბმა რეგიონალლიგიდან დაიწყო და მომავალ სეზონში უკვე ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებს და უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძოლებს. თუმცა, როგორც კლუბის პრეზიდენტმა ჩვენთან აღნიშნა, ისინი მარტო ამით დაკმაყოფილებას არ აპირებენ...

- კლუბმა, ეროვნული ლიგა 3-ში სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და დამსახურებულად გადავიდა ლიგა 2-ში...
- პირველი და მთავარი, რამაც ჩვენ აღნიშნული ჩემპიონატი მოგვაგებინა, იყო გუნდურობა, შემართება, სწორად დაკომპლექტებული შემადგენლობა და ფანატიზმი, რაც ნებისმიერ საქმეში
უდიდესი დოზით უნდა გქონდეს ადამიანს. აღმოსავლეთის გუნდების წინააღმდეგ ძალიან დაძაბული თამაშები გამოვიდა. ვფიქრობ, იქ მოპოვებულმა შედეგებმა განაპირობა ლიგა 3-ში ჩვენი გამარჯვება.

მეორე წრეში დასავლეთის გუნდებთან თამაში ბევრად მარტივი იყო და არცერთი შეხვედრა არ წაგვიგია. თუმცა, გამოვყოფდი ხონის "იმერეთს", რომელთანაც გასვლაზე ვერაფერს გავხდით და 1-1 ვითამაშეთ. მე ამაყი ვარ, ასეთი კონკურენტუნარიანი გუნდი უმოკლეს დროში რომ ჩამოვაყალიბეთ!

- ვინ არიან თქვენი სპონსორები? ვისი მეშვეობით არსებობს "შევარდენი"?
- სპონსორების მეშვეობით ჩვენ ვართ იქ, სადაც ახლა ვიმყოფებით. კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე ქართულ ფეხბურთს მომავალი არ ექნება. Keep calm tbilisi bar-ი გასვლითი შეხვედრების სპონსორია. ფარმაცევტული კომპანია "ჯეოფარმა" სამედიცინო ინვერტარითა და მედიკამენტებით უზრუნველგვყოფს. აღვნიშნავ კომპანია Citysport-ის და დუშეთის სტადიონის ადმინისტრაციის ტექნიკურ სპონსორობას, რამაც ფინანსური კუთხით დიდი შეღავათი მოგვცა.

რაც შეეხება მედიას, ჩვენი მხარდამჭერები რადიოები: "ჯაკო" და "თანამგზავრი" არიან, ასევე, საიტი Sarbieli.ge.

მომდევნო წელს კიდევ დაგვემატება სპონსორი, ჩვენ ამ თემაზე ვმუშაობთ. მიგვაჩნია, რომ სწორი მარკეტინგული მუშაობა დადებითი შედეგის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

- რას იტყოდით გუნდის მთავარ მწვრთნელ გიორგი კიკნაძეზე, დარჩება თუ არა იგი კლუბში?
- გიორგი ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ფეხბურთელი იყო. მან მწვრთნელობის პერიოდშიც დაამტკიცა, რომ შეუძლია მიაღწიოს წარმატებებს და დადებითი შედეგი დადოს. ჩვენ არ დავმსხდარვართ მოლაპარაკების მაგიდასთან, თუმცა ეს მალე მოხდება.

- სად მოემზადება "შევარდენი" მომავალი სეზონისთვის?
- შეკრების გავლა და მოსამზადებელი ეტაპის დაგეგმვა რაციონალურად ზუსტად უნდა მოხდეს. ისეთ გუნდებთან უნდა დაიგეგმოს ამხანაგური შეხვედრები, რომლებთანაც თამაში გამოცდილებას მოგვცემს. არაა გამორიცხული შეკრების თურქეთში გავლა ან საქართველოში ნაყოფიერად და პროდუქტიულად მომზადება.

- თქვენი გუნდის ძირითად ბირთვს ახალგაზრდა გამოუცდელი ფეხბურთელები შეადგენენ, თუმცა გუნდში იყო ვეტერანი და გამოცდილი დავით ოდიკაძეც...
- ჩვენს გუნდში ძალიან კარგად მოხდა გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების სინთეზი. ბირთვის შენარჩუნებას ვაპირებთ, ვგეგმავთ გაძლიერებასაც. ჩვენთვის ერთი რამ არის მთავარი: გვინდა ყველასთვის თითით საჩვენებელი გუნდი გავხდეთ. ეს კი მხოლოდ ნაჩვენები შედეგით არ უნდა განისაზღვრებოდეს. გვინდა ჩამოვაყალიბოთ მუშაობის ის მოდელი, რომელიც წარმატებული არა მარტო მოედანზე, არამედ მის გარეთაც იქნება. გვინდა, მოვახდინოთ ჩვენი კლუბის პოპულარიზაცია, ვიმუშაოთ ფეხბურთელების მოტივაციის გაზრდასა და მათი სპორტული ცხოვრების სწორად აქცენტირებაზე. გეგმაში გვაქვს საკუთარი ბაზის და სტადიონის გაკეთება, ვაპირებთ ბავშვთა აკადემიის ჩამოყალიბებასაც.

ჩემი დიდი სურვილია, შევქმნათ მეკარეების სკოლა, რომელიც ახალგაზრდა კიპერების აღზრდა-ჩამოყალიბებას, ფორმაში ყოფნას და განვითარებას მოემსახურება.

- რა არის თქვენი სამომავლო მიზანი? იბრძოლებს თუ არა "შევარდენი" მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად?
- ჩვენი მიზანია, მომავალ წელს გაცილებით უფრო გამოცდილი, ჩამოყალიბებული და სტრუქტურული კლუბი გავხდეთ. ჩვენი მიზანი მხოლოდ ლიგა 1-ს არ უკავშირდება, ჩვენ გაცილებით მეტი გვსურს, თუმცა იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ეს დღეს და ხვალ ვერ მოხდება.

დიახ, ჩვენი გვინდა ევროსარბიელზე მოხვედრა, მაგრამ ამას მოთმინებით და დაკვირვებით მუშაობა სჭირდება.

მთავარია, ის დრო, რომელიც წინ გვაქვს, მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენოთ. ორი წლის წინ ვერც იმას ვიფიქრებდი, რომ ჩვენი გუნდი ლიგა 2-ში მოხვდებოდა. მჯერა, რომ შეუძლებელი არაფერია!

მთავარია საკუთარი თავის რწმენა, პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და შეცდომების აღიარება! გადახედეთ "ჩიხურას" განვლილ გზას, ზუსტად ჩვენნაირად მოვიდნენ აქამდე.

რეგიონალლიგით დაიწყეს და ნახეთ, ამ სეზონში საქართველოს თასიც მოიგეს. მთელი გულით ვულოცავ მათ ამ წარმატებას! მჯერა, ჩვენც გველოდება დიდი და სასიხარულო წარმატებები!
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავთ გეგი, და უფრო მეტის მიღწევებს გისურვებთ, ახალი სუფთა ხალხი უნდა მოხვიდეთ ქართულ ფეხბურთში და უფრო კონკურენტუნარიანი გახადაოთ ის.
gizog
17:13 04-12-2017
0

სიახლეები პოპულარული