U21. ფარერები-საქართველო 3:1 - ვის იმედადაა ქართული ფეხბურთი?! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მესამე მატჩი ჩაატარა და მესამე მარცხი იწვნია, მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც - თუ პოლონეთსა და დანიასთან ნაწვნევ მარცხებს კიდევ ჰქონდა რაღაც ახსნა, გუშინდელი კოშმარი რით უნდა ავხსნათ?

ფაქტია, ეს სერიოზული დარტყმაა გია გეგუჩაძისა და მისი შეგირდებისთვის.

ცხადია, რაღაც დოზით პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს გუშინდელი შეხვედრის ყველა მონაწილემ - მწვრთნელმაც და ფეხბურთელმაც, რადგან ეს არ იყო რიგითი მარცხი. ეს იყო ის, რის იქითაც ალბათ აღარაფერი აღარ არის და თვით თავისუფალი ვარდნაც კი ჩერდება.

ჯგუფიდან გასვლას
ვინ ჩივის, გუნდმა, რომლის იმედიც გვქონდა, უკვე შეიძლება ითქვას, გვარიანად შეგვარცხვინა.

კარგად ვიცით - ზოგადად, ფარერებზე ფეხბურთი წინ წავიდა, ისინი ძველებურად იოლად აღარ აგებენ, მაგრამ, სულო ცოდვილო, იმ ციდა კუნძულზე ხალხზე მეტი ცხვარია და...

მაგრამ ყველაფერს მასაც ვერ დავაბრალებთ. ვნახეთ ეს თამაში და ნეტავ არ გვენახა! მთელი 90 წუთის განმავლობაში მინდორზე უპასუხისმგებლობის ზეიმი იყო. თუ ფეხბურთელი გქვია, 2 მეტრიდან ცარიელ კარში როგორ ვერ უნდა გაიტანო?! თუ ფეხბურთელი გქვია, ორმეტრიანი პასი როგორ ვერ უნდა გააკეთო?! თუ ფეხბურთელი ხარ, ელემენტარულად ხომ უნდა იცოდე, რომ პარტნიორს დაზღვევა სჭირდება?!

ისე ჩანდა, რომ საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა დიდ ნაწილს... გუშინ საერთოდ არ უნდოდა თამაში. ყოველ შემთხვევაში, გვგონია, რომ თუ ის მაისურა გიყვარს, რომელიც გაცვია, ასე არ უნდა ითამაშო!

მეორე თემაა საქართველოს ნაკრების უკანა ხაზი. იქმნება შთაბეჭდილება (ასე იყო სამივე შეხვედრაში), რომ ამ ფორმაციის ახალგაზრდულ ნაკრებს დაცვა საერთოდ არ ჰყავს. ამ სათამაშო რგოლის გარეშე კი ფეხბურთის თამაშს აზრი არ აქვს და თუ ითამაშებ, იმას მაინც უნდა შეეგუო, რომ ვერაფრით მოიგებ.

გამოვლენ მერე ეს ჩვენი ფეხბურთელები, მეთევზეთა მიერ ძლეულნი და დაგვიწყებენ მტკიცებას, რომ მათი გადაბირება ამა თუ იმ კარგ გუნდს სურს, ოღონდ ჯერ კლუბს ვერ დაასახელებს. არა, შვილო, ძმაო, მეგობარო - ჯერ ფარერებს მოუგე და მერე იფიქრე სხვა რამეზე.

არადა, ცალკე თვითონ აქვთ მაღალი წარმოდგენა თავიანთ თავზე და ცალკე ის აგენტები თუ ვაიმენეჯერები აგიჟებენ, საშოვარზე გადაგებულნი დღენიადაგ რომ დაძრწიან და ოღონდ რაღაცას გამორჩნენ, სულაც არ დაეძებენ, სად ითამაშებს მათი კლიენტი.

სრული საფუძველი გვაქვს, მათ გუშინდელი თამაშის შემდეგ ვკითხოთ: რატომ ითამაშეს ასე, როცა ქვეყნის ეროვნული გუნდის მაისურა ეცვათ? ვინ არიან ისინი, ქვეყნის პატრიოტები თუ მხოლოდ საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანები, რომლებიც ციცინათელებივით წამიერად აენთებიან და მალევე ჩაქრებიან. და კიდევ: ამათ იმედადაა ქართული ფეხბურთი?

დამოუკიდებლობის წლებში ქართულ ფეხბურთს უკვე ძალიან ბევრი სირცხვილი შეემთხვა და, მგონი, გუშინ ქვეყნის დასალიერს განცდილი მარცხი კიდევ ერთი და ძალიან დიდი შავი ლაქა იქნება ჩვენი ფეხბურთის უახლეს ისტორიაში.

ფარერების ნაკრებმა მოიგო, ჩვენ კი სასიხარულო რა გვაქვს. ქართული ფეხბურთი ისვენებს. ქართული ფეხბურთი ცხვარში წავიდა...

U21. ევროპის ჩემპიონატი. შესარჩევი. III ჯგუფი
10.10. ტორსჰავნი
ფარერები-საქართველო 3:1
გოლები: 1:0 ოლსენი (22), 2:0 ტომსენი (26), 2:1 იაკობსენი (29-საკ. კარში), 3:1 იაკობსენი (39)
ფარერები (4-5-1): კ. ჰანსენი - მაგნუსონი, ვერდუმი, იაკობსენი, ედმუნდსონი - ბიარტალიდი (70. ი. ოლსენი), ტომსენი, მ. ოლსენი, ჰეინესენი, პეტერსენი (90. ნიკლასენი) - ბ. ჰანსენი (63. ანდერსენი).
სათადარიგოები: რასმუსენი, ფრედრიკსენი, იოჰანსენი, ა. ოლსენი
მწვრთნელი: ელი ჰენცე
საქართველო (4-3-3): კუპატაძე - შულაია, მარგველაშვილი, ტაბიძე, ნადარაია - ხარაიშვილი, ჩაკვეტაძე, მოხევიშვილი (68. ბერიძე) - არაბიძე, მიქელთაძე, არველაძე (46. კოხრეიძე).
სათადარიგოები: გოშაძე, ჩაჩუა, გიორბელიძე, ბაშელეიშვილი, ზარანდია
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: ედმუნდსონი (43), მ. ოლსენი (57), ჰეინესენი (58)
არბიტრი: ფარუჯა ჩანი (მალტა).

სხვა მატჩები
ლიტვა-პოლონეთი 0:2
ფინეთი-დანია 0:5

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დანია 4 4 0 0 19-2 12
2. პოლონეთი 3 2 1 0 8-3 7
3. ფარერები 4 1 1 2 4-8 4
4. ლიტვა 3 1 0 2 3-8 3
5. ფინეთი 3 0 2 1 4-9 2
6. საქართველო 3 0 0 3 3-11 0

მომდევნო მატჩები
10 ნოემბერი
საქართველო-ფინეთი
ფარერები-პოლონეთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 92 /
გასაგებია რომ გეგუჩაძემ ჩაისვარა, მაგრამ თავმოყვარე გუნდს მწრვთნელი საერთოდ რომ არ ყავდეს 3-1 მაინც არ უნდა აგებდეს ფარერებთან, თანაც ის 1 ბურთიც ფარერებმა საკუთარ კარში გაიტანა. აი თქვენი არაბიძე, ჩაკვეტაძე და ა.შ. არაბიძეზე სულ ვამბობდი რომ არაფერი ფეხბურთელია, რამეს რომ წარმოადგენდეს უკეთეს გუნდში გადავიდოდა, შახტარის დუბლებს ვერ გასცდა კაცი, იგივე იქნება ჩაკვეტაძეც, ჯერ ხომ ხეხავს გენტის სათადარიგო სკამს, მალე მაგ სკამზეც აღარ დააჯენენ. მოკლედ ქართული ფეხბურთი მძიმედ ავადაა, დაავადებას ქვია "საფეხბურთო სპიდი", რომელიც არ ინკურნება
dato
11 ოქტომბერი 2017 10:39
1
ის ხალხი სადააა რატომ არ ჩანხართ ვაისს რომ აგინებდით ჭაკვეტაძე და არაბიძე სად არისო ნაკრებში გოლებს ეგენი თუ გაიტანენო:)) 3 თამაში ითამაშეს თან ვისთან ვერაფერი დაამტკიცეს ასე რომ ჯერ ფაერების მერიიის თანამშრომლებს გაუტანონ და მერე ნაკრებზე იფიქრონ სადაც სადაც პრემიერლიგის სერია A la ligis Da ა.შ მცველები თამაშობენ..და კიდე გეგუჩაძის ნაკრებში ხილვა რომ გინდათ იმ ხალხმა არ თქვათ რომ ფეხბურთი იცით,ეგ კაცი არის ძაან მაგარი საქართველოს ლიგებში ლიახვის,გაგრის ბოლნისის და ჯ ყ ჩ კლასისი გუნდების წინააღმდეგ..
Gaga
11 ოქტომბერი 2017 11:04
0
იმედია, გამოვა "საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი" იკადრებს ბოდიშის მოხდას და წავა
შაკო
11 ოქტომბერი 2017 11:09
0
ალეკო მერე ვისი ბრალია რომ დაცვა არ გვყავს გუნდმა წინა ორ მატჩში 8 ბურთი გაუშვა იგივე დაცვით და მაინც არ შეცვალა და იგივე დაცვა დატოვა, საყრდნეად მოხევიშვილი რომელიც ფეხბურთელი საერთოდ არ არის ყველა თამაშში ათამაშა, ფორვარდად ვატო არველაძე რომელიც ვერ დარბის ვერ მოძრაობს და ვერაფერს აკეთებს და მარცხენა მცველად ნადარაია რომელიც უბანშიც კი არ უნდა ათამაშო და ლაკვეხელიანი დატოვა თბილისში არ წაიყვანა და ნადარაია 3-ვე თამაშში ძირითადში იყო უბრალოდ სამარცხვინოა რასაც გეგუჩაძე აკეთებს და მაინც პოსტზე რჩება
alekos
11 ოქტომბერი 2017 10:45
1
მაგიტომაც რჩება,...
zaza tbilisi
11 ოქტომბერი 2017 15:00
0
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ფეხბურთის ფედერაციას!!!! ამჟამად ვარ ინვალიდი და შესაბამისად უმუშევარი, გთხოვთ მიმიღოთ თქვენთან სამუშაოდ საქართველოს ნებისმიერი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ანაზღაურება იმდენი მინდა , რაც ნებისმიერი ახლანდელი მწვრთნელის ხელფასის მეოცედი იქნება, გარანტიას ვიძლევი არცერთ მწვრთნელზე ნაკლებ შედეგს არ დავდებ, (მითუმეტეს გეგუჩაძეზე). პასუხს ვ ე ლ ი სასწრაფოდ, ამდენი არ მცალია....
G E L A
11 ოქტომბერი 2017 19:46
1
დღეს წავიკითხე სტატია სადღაც 4 წლამდე ბავშვს ოპერაცია ესაჭიროება კვდება და ნახევარი თანხაც ვერ შეგროვდაო,ჩამოაჭარით 20 20 პროცენტი ყველას და გადავარჩინოთ ის ხომ 4 წლისაა და ეს არაფრის მქნელები სამარცხვინოა ასე დარჩებიან,როგორ ვუწოდო ამათ ფეხბურთელი კი არაა...
სამარცხვინოებიი
11 ოქტომბერი 2017 12:57
1
მართლა ამის იქით არაფერი აღარაა. ფარერების ძირითადი გუნდის კაპიტანი (რომელიც როგორც მახსოვს 36 თუ 37 წლისაა) არის მშენებელი (გადაცემა იყო ამ პიროვნებაზე). წარმოიდგინეთ მაგათი U21 ვინ არიან? საერთოდ ნაკრები თუ ყავდათ U21-ში არც ვიცოდი. გავიგე რომ ჩვენ საკმაოდ დაბალი დონის გუნდი ვართ, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია. გეგუჩაძეს ელემენტარული თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს გადადგებოდა (სულ რომ მისი ბრალი ამ წაგებაში არ იყოს). ვაიმეეეე ვერ ვიჯერებ, სრული კატასტროფაა
al
11 ოქტომბერი 2017 11:09
0
ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული
კობიაშვილი სასწრაფოდ გასაგდებია ამ შედეგებისთვის და მიაყოლეთ უკან ვაისები და გეგუჩაძეები (სანამ სულ არ დაგვღუპა)
სირცხვილი თქვენ ვინც ქართული ფეხბურთი დაასამარეთ და ამ შედეგებს ვიმკით
კობიაშვილი ვაისები და გეგუჩაძეები
11 ოქტომბერი 2017 11:23
1
ამას ნამდვილად არ ველოდი, სირცხვილი, ამის ქვევით სადღა უნდა დაეშვეს გუნდი? ფარერების დასაცინიც გავხდით; დაშალედ ეს სამარცხვინო გუნდი!
ალეკსანდრე
11 ოქტომბერი 2017 12:09
0
ქართული სპორტის მესვეურებს და საერთოდ, მთავრობას ვთავაზობ, ხუთი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დააფინანსოთ ეროვნული ჩემპიონატი და ასაკობრივი ნაკრებები, მათთვის ფედერაციას ისედაც საკმარისი თანხები აქვს. მხოლოდ საბავშვო ფეხბურთში ჩადეთ თანხა და რეგიონები გააძლიერეთ. გამოთავისუფლებული სახსრები სპორტის ისეთ სახეობებს მიახმარეთ, რომლებიც პერსპექტიულებია და მათი წარმომადგენლები სიხარულს გვანიჭებენ. კალათბურთის, ხელბურთის და სხვა ფედერაციები 5-6 ნაქირავებ ოთახში სხედან და საქმეს აკეთებენ(ფეხბურთელებზე უკეთ მაინც), ფეხბურთის ფედერაციას კი უზარმაზარი საკუთარი სასახლე აქვს ვაკეში. გაყიდონ ის შენობა და ფეხბურთს მოახმარონ, თავად კი სანამ წარმატება არ ექნებათ, სადმე ნაქირავებში გადავიდნენ, მაინც არაფერს აკეთებენ.
საშკა
11 ოქტომბერი 2017 13:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული