ავთანდილ ჭრიკიშვილი ისევ საოპერაციოა

AutoSharing Option
ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (90) საოპერაციოა. მას თურმე იდაყვის ძველი ტრავმა აწუხებს, რომელიც შარშან გერმანიაში მიიღო.

იმ ტრავმის ხარისხი მაშინვე საკმაოდ მძიმედ შეფასდა, რამაც დღესაც კი იჩინა თავი: ნაოპერაციები ხელის ძვალზე ეგრეთ წოდებული ანახლეჩი ბზარი შეინიშნება, რომელიც თავის დროზე დიდი მოცულობის მქონე სისხლჩაქცევის (ჰემატომა) გამო გადაღებებზეც არ გამოჩნდა. დროთა განმავლობაში ამას ერთგვარი წანაზარდიც დაემატა (შესაძლოა, მარილოვანი, რაც თურმე ჰემატომას ახასიათებს, მაგრამ მისი ტიპი გაკვეთის შემდეგ უფრო დაზუსტდება), რომელიც მყესს ეხება და ტკივილებს იწვევს. ეს ოპერაცია სწორედ ამ
დეფექტების მოშორებას ისახავს მიზნად.

ოპერაციის ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არაა, მაგრამ ამ ოქტომბერშივე სურთ მისი გაკეთება, რათა სამომავლო სეზონისთვის გამოჯანმრთელება მოასწროს.

გუნდის ექიმ გიორგი მგელაძის თქმით, ამგვარი ოპერაციის შემდეგ ვარჯიშის დაწყებას მინიმუმ, სამი-ოთხი კვირა სჭირდება, ოღონდ ეს საკითხიც უფრო ოპერაციის პროცესში დაზუსტდება. თანაც, აქ ლაპარაკია ვარჯიშის დაწყებაზე, ანუ მსუბუქ დატვირთვაზე, სრული დატვირთვით ვარჯიშს კი გაცილებით ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება.

ექიმები ეჭვობენ, ჭრიკიშვილი ვერ შეძლებს მონაწილეობას დეკემბრის ბოლოს დანიშნულ საქართველოს ჩემპიონატში, ხოლო ახლავეა გადაწყვეტილი, რომ გამოტოვებს მანამდე გასამართავ სეზონის ყველა დარჩენილ შეჯიბრებას, სადაც კი საქართველოს ნაკრები იასპარეზებს: აბუ დაბისა და ტოკიოს ძიგორო კანოს სახელობის "დიდ მუზარადებს" და მასტერსს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჭრიკიშვილს თავისი სიტყვა ჯერ არ უთქვამს ბოლომდე სპორტში.
ჯ ი ჯ ი
17:06 14-10-2017
0

სიახლეები პოპულარული