გადაწყდა: ვარსკვლავები სოჭის ოლიმპიადაზე მიდიან

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ NHL-ის მოთამაშეებს შეეძლებათ 2014 წელს სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება.

ეს იქნება ზედიზედ მეხუთე ზამთრის ოლიმპიადა, რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო ლიგის ვარსკვლავები ითამაშებენ. პირველად ისინი თამაშებზე 1998 წელს, ნაგანოს ოლიმპიადაზე გამოჩდნენ. ვარაუდობენ, რომ სოჭში NHL-ის დაახლოებით 120 ჰოკეისტი ჩავა.

"ბევრის ფაქტორის გათვალისწინებით, ეს საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო, - განაცხადა ლიგის კომისარმა გერი ბეტმენმა. - მაგრამ ვიცით, რომ ამით მოთამაშეებიც გავახარეთ და მთლიანად მსოფლიო სპორტის გულშემატკივრები".

* * *
სოჭში NHL-ის მოთამაშეების გამგზავრების შესახებ მას შემდეგ
გახდა ცნობილი, რაც ლიგის ხელმძღვანელობამ გამოაქვეყნა 2013-14 წლების სეზონის კალენდარი, რომელშიც 9-23 თებერვალს გათვალისწინებულია პაუზა ოლიმპიური თამაშებისთვის.

კალენდრის გამოქვეყნების გარდა, NHL-მ გამოაცხადა მასშტაბური ცვლილებების შესახებ ლიგის დივიზიონების შემადგენლობებში.

მომავალი ჩემპიონატიდან დაწყებული, ლიგაში დივიზიონების რაოდენობა ექვსიდან ოთხამდე შემცირდება. ამიერიდან, აღმოსავლეთი კონფერენცია შედგება ატლანტიკისა და მეტროპოლიტენის დივიზიონებისგან, დასავლეთი - წყნარი ოკეანისა და ცენტრალური დივიზიონებისგან. მათი შემადგენლობები ასე გამოიყურება:

აღმოსავლეთი კონფერენცია (16 კლუბი):
ატლანტიკის დივიზიონი: "ტორონტო", "მონრეალი", "ოტავა", "ბაფალო", "დეტროიტი", "ბოსტონი", "ფლორიდა" და "ტამპა ბეი".
მეტროპოლიტენის დივიზიონი: "ვაშინგტონი", "პიტსბურგი", "ფილადელფია", "ნიუ ჯერსი", "რეინჯერსი", "აილენდერსი", "კაროლინა" და "კოლამბუსი".

დასავლეთი კონფერენცი (14 კლუბი):
წყნარი ოკეანის დივიზიონი: "ვანკუვერი", "კალგარი", "ედმონტონი", "სან ხოსე", "ლოს ანჯელესი", "ფინიქსი" და "ანაჰაიმი".
ცენტრალური დივიზიონი: "ვინიპეგი", "ჩიკაგო", "კოლორადო", "დალასი", "მინესოტა", "ნეშვილი" და "სენტ ლუისი".
დასავლეთის თითოეული გუნდი თავის თანადივიზიონელს შეხვდება 29-ჯერ - ხუთჯერ ხუთი კლუბის და ოთხჯერ ერთი კლუბის წინააღმდეგ. კიდევ 21 შეხვედრას გუნდები ჩაატარებენ დასავლეთი კონფერენციის სხვა დივიზიონის გუნდებთან. დარჩენილ 32 მატჩს კი "დასავლელები" აღმოსავლეთი კონფერენციის კლუბების წინააღმდეგ გაატარებენ.

აღმოსავლეთ კონფერენციაში განსხვავებული სიტუაციაა. აქაური კლუბები საკუთარ დივიზიონში ხუთ-ხუთ მატჩს ჩაატარებენ მხოლოდ ორი კლუბის წინააღმდეგ და ოთხ-ოთხს - ხუთის წინააღმდეგ. მეზობელი დივიზიონის თითოეულ გუნდთან ჩატარდება სამ-სამი შეხვედრა, ხოლო დარჩენილი 28 მატჩი განაწილდება დასავლეთის გუნდებს შორის.

სერიოზული ცვლილებები შეეხება პლეი ოფის საგზურების განაწილებას. შემდეგ სეზონში, სტენლის თასისთვის ბრძოლას გააგრძელებს ყველა დივიზიონიდან სამი საუკეთესო გუნდი, დანარჩენ ოთხ საგზურს კი უაილდ-ქარდის მფლობელები მიიღებენ. ესენი იქნებიან აღმოსავლეთსა და დასავლეთში სამეულს დარჩენილი საუკეთესო ორ-ორი გუნდი. ეს სქემა ძალიან ჰგავს ამერიკული ფეხბურთის ლიგის სისტემას, სადაც 32 გუნდი თამაშობს. სავსებით შესაძლებელია, რომ უახლოეს მომავალში, NHL-ში გამოჩნდეს ორი ახალი გუნდი დასავლეთ კონფერენციაში.

რაც შეეხება 2013-14 წლების რეგულარული ჩემპიონატის განრიგს, სეზონის სტარტი პირველ ოქტომბერს არის დაგეგმილი. პირველ მატჩში სტენლის თასის მფლობელი "ჩიკაგო" "ვაშინგტონს" შეხვდება. ამ დღეს კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება: "მონრეალი"-"ტორონტო" და "ედმონტონი"-"ვინიპეგი". რეგულარული ჩემპიონატი 13 აპრილს დასრულდება, სტენლის თასი კი 16 აპრილს აიღებს სტარტს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL-ის მოთამაშეებს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება ექნებათ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული