მსოფლიოს ჩემპიონატი: ვუნდერკინდის ოქრო

AutoSharing Option
სპეციალური სლალომით დაასრულეს შლადმინგში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა ქალმა მოთხილამურეებმა. ბოლო დისციპლინის ტრიუმფატორი გახდა 17 წლის ამერიკელი სენსაცია მიკაელა შიფრინი. ასაკის მიუხედავად, ოკეანისგაღმელი ვუნდერკინდის გამარჯვება სენსაციად არავის მოუნათლავს, რადგან შიფრინმა ამ სეზონში მსოფლიოს თასზე სამი სლალომი მოიგო და ამ დისციპლინის ჩათვლაში ლიდერიც გახლავთ.

პირველი ცდის შემდეგ ლიდერობა მოულოდნელად შვედმა ფრიდა ჰანსდოტერმა მოიპოვა, რომელსაც მსოფლიოს თასის ეტაპი არასოდეს მოუგია, მაგრამ წელს ოთხი მეორე ადგილი ჰქონდა. სკანდინავიელმა ვერც ამჯერად შეძლო პირველ ადგილზე გასვლა, რადგან მას ორმა მოთხილამურემ გაასწრო და ფრიდა ბრინჯაოს მედალს
დასჯერდა.

მეორე ადგილზე გავიდა ავსტრიელი მიხაელა კირხგასერი, რომელსაც მთელი სტადიონი მხურვალედ უჭერდა მხარს, მაგრამ დღის მთავარი გმირი აღმოჩნდა არა მიხაელა, არამედ მიკაელა შიფრინი. ამერიკელი პირველი ცდის შემდეგ მესამე იყო და ჰანსდოტერთან 18 მეასედ წამს აგებდა, მაგრამ მეორე დაშვებისას მისთვის დამახასიათებელი აგრესიული სტილი გვიჩვენა და ისტორიული ტიტული მოიპოვა.

შიფრინი გახდა მესამე ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი მსოფლიოს პირველობების ისტორიაში და არ მისცა ავსტრიის ქალთა ნაკრებს ამ ჩემპიონატზე პირველი ოქროს მოპოვების საშუალება. ამ გუნდმა ორი წლის წინ, გარმიშში ხუთი შესაძლებლიდან ოთხი ოქრო მოიპოვა, შლადმინგში კი მხოლოდ ერთი ვერცხლითა და ორი ბრინჯაოთი იწონებს თავს.

სპეციალურ სლალომში მოქმედი ჩემპიონი, ავსტრიელი მარლის შილდი მხოლოდ მეცხრე ადგილზე გავიდა, მაგრამ ეს კანონზომიერი შედეგი იყო. ორი თვის წინ მიღებული უმძიმესი ტრავმის შემდეგ შილდი სამი კვირაა, რაც ტრასაზე დაბრუნდა და, ალბათ, მაქსიმუმს მიაღწია. რაც შეეხება ამ დისციპლინაში ოთხი წლის წინანდელ ჩემპიონს, გერმანელ მარია რიშს, მას მედლის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ მეორე ცდის ბოლოს შეცდომა დაუშვა და დისტანცია ვერ დაასრულა.

* * *
ჩემპიონატი დასრულდა მამაკაცების სლალომით. პირველობის ბოლო სტარტს ორი ინტრიგა ახლდა თან. პირველი: მარსელ ჰირშერი თუ ფელიქს ნოიროიტერი? მეორე: შეძლებდა თუ არა ამერიკელი ტედ ლიგეტი წლევანდელ პირველობაზე მეოთხე ოქროს მოგებას.

ლიგეტი არ ყოფილა საშიში მთავარი ფავორიტებისთვის - ის პირველი ცდის შემდეგ გამოეთიშა ბრძოლას. რაც შეეხება სლალომში ამ სეზონის ლიდერების - ჰირშერისა და ნოიროიტერის დუელს, აქ ავსტრიელს დიდი უპირატესობა ჰქონდა. მან ორივე ცდა მოუგო გერმანელს და კარიერაში პირველად მოიპოვა დიდ ტურნირებზე ინდივიდუალური ოქრო.

სლალომი

ქალები
1. მიკალე შიფრინი (აშშ) - 1:39.85 (50.59+49.26); 2. მიხაელ კირხგასერი (ავსტრია) - 1:40.07 (50.96+49.11); 3. ფრიდა ჰანსდოტერი (შვედეთი) - 1:40.11 (50.41+49.70); 4. ტანია პოუტიაინენი (ფინეთი) - 1:40.46 (50.58+49.88); 5. ტინა მაზე (სლოვენია) - 1:40.61 (50.88+49.73); 6. მარია პიეტილაე-ჰოლმნერი (შვედეთი) - 1:40.91 (51.92+48.99)...

მამაკაცები
1. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 1:51.03 (55.56+55.47); 2. ფელიქს ნოიროიტერი (გერმანია) - 1:51.45 (55.84+55.61); 3. მარიო მატი (ავსტრია) - 1:51.68 (56.12+55.56); 4. ანდრე მიურერი (შვედეთი) - 1:52.08 (56.34+55.74); 5. ივიცა კოსტელიჩი (ხორვატია) - 1:52.15 (56.56+55.59); 6. ალექსის პინტურო (საფრანგეთი) - 1:52.27 (56.56+55.71)...

გუნდური ჩათვლა

ო ვ ბ ს
1. აშშ 4 0 1 5
2. ავსტრია 2 2 4 8
3. საფრანგეთი 2 1 1 4
4. სლოვენია 1 2 0 3
5. გერმანია 1 1 2 4
6. ნორვეგია 1 0 1 2
7. იტალია 0 2 1 3
8. შვედეთი 0 1 1 2
9. ხორვატია 0 1 0 1
9. შვეიცარია 0 1 0 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სამთო თხილამურები: ლიგეტი ლეგენდა გახდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული