ელენე გედევანიშვილი: ტკბილ ქართულ ღვინოს არაფერი მირჩევნია!

AutoSharing Option
ამას წინათ ნიცაში ფიგურულად მოციგურავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორგზის ევროპის მესამეპრიზიორმა ელენე გედევანიშვილმა 149,20 ქულით მე-10 ადგილი დაიკავა.

22 წლის ქართველი სპორტსმენი საფრანგეთიდან სამშობლოში დაბრუნდა და ამჟამად თბილისში იმყოფება. დღეს იგი "ლელოს" სტუმარია. საუბარი, ცხადია, ფრანგული ბატალიების გახსენებით დავიწყეთ.

- წლევანდელი შედეგით კმაყოფილი ვარ, რადგან სტაბილური სეზონი მქონდა, - მითხრა ელენემ. - შარშან უიღბლო მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ საკუთარ თავს ვუთხარი - ან სპორტი და შედეგები, ან სწავლა-მეთქი. მაინც ციგურებმა გადამძალა და მონდომებით განვაგრძე ვარჯიში მწვრთნელთა ჯგუფის დახმარებით.

ინგლისში ევროპის ჩემპიონატზე მეორედ
მოვიპოვე ბრინჯაოს მედალი. მთავარი ის იყო, რომ სრიალით დიდი სიამოვნება მივიღე და ვერცხლის მედალს რომ ვერ შევწვდი, რისი დიდი შანსიც მქონდა, გული სულაც არ დამწყვეტია. ისე კარგად ვიყავი მომზადებული, მსოფლიოს ჩემპიონატზე უწინდელი შედეგის გაუმჯობესებაზე ვფიქრობდი.

თითქოს ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა, მით უმეტეს, რომ მოკლე პროგრამაში, ერთადერთმა ამ ჩემპიონატზე, უშეცდომოდ შევასრულე ურთულესი კომბინაცია - სამმაგი ლუტსი სამმაგი ტულუპით;.სამაგიეროდ, ყველაზე იოლ ნახტომში - ორნახევარ ბრუნში დავუშვი შეცდომა. ამიტომ აღმოვჩნდი მეშვიდე ადგილზე, თუმცა მე-3 ადგილზე მყოფი ოთხგზის ევროპის ჩემპიონი იტალიელი კოსტნერი მხოლოდ 2,51 ქულით მისწრებდა, რომ არაფერი ვთქვათ ჩემ წინ მდგომ სხვა მეტოქეებზე.

მართალია, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი, როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს ჩემპიონატებზე გვერდიდან არ მომშორებია და ყოველმხრივ მამხნევებდა, მაინც ვფიქრობ, რომ ემოციურად გადავიღალე. ქართველები ხომ მაქსიმალისტები ვართ - ახლოს ვიყავი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოსთან.

ეტყობა, ძალიან, ძალიან მოვინდომე და... არადა, პლანეტის უძლიერეს მოციგურავეთა შორის მე-10 ადგილის დაკავებაც ხომ პრესტიჟულია. თუმცა გეთანხმებით, რომ ამ შეჯიბრებაზე უკეთესი შედეგის მიღწევაც შემეძლო...

ელენეს მშობლები ყოფილი მოთხილამურეები არიან. ამიტომ უნდოდათ, შვილებიც მათი გზით წასულიყვნენ (დიმიტრიმ, ელენეს უმცროსმა ძმამ, დედ-მამას ოცნება აუხდინა - საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო ტურნირებში).

სამი წლისაც არ იყო ელენე, გუდაურში თხილამურებით სრიალს რომ აჩვევდნენ. ნაცნობებმა ურჩიეს, კოორდინაციისთვის უკეთესია, ფიგურულ ციგურაობაზე თუ მიიყვანთო. ასე მოხვდა სპორტის სასახლის გვერდით მდებარე საციგურაოზე ლელა ჩოფიკაშვილთან. მერე კარგახანს თამარ ანჯაფარიძე ავარჯიშებდა.

1999 წელს თანატოლებში საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა (სხვათა შორის, მაშინ მითხრა ირაკლი ჯაფარიძემ
, ნახეთ, ამ პატარა გოგოსგან როგორი სპორტსმენი დადგესო-ვ.დ.).

იმავე წელს მარიკა ჯაფარიძესთან, ნინო მანჯავიძესთან, ნინო აბაშიძესა და სოფიო მამულაშვილთან ერთად მოსკოვში წაიყვანეს ერთთვიან საწვრთნელ შეკრებაზე.

- ჩემზე ამბობდნენ, ნიჭიერია, მაგრამ ზარმაციაო, - იხსენებს 12 წლის წინანდელს ელენე. - მარინა სელიცკაიამ, რომელიც იმავე დარბაზში ავარჯიშებდა მოზარდებს, ქალბატონ თამარს სთხოვა, ეგ ბავშვი მე მომანდეთო. მე კი დედა მენატრებოდა და თბილისში მინდოდა დაბრუნება.

სელიცკაიას შეთავაზების შესახებ რომ გაიგო, დედამ მოსკოვში ჩამომაკითხა. ერთი წლის შემდეგ მამა და ძმაც შემოგვიერთდნენ. მთელი ოჯახი ისევ ერთად ვიყავით და ხალისი მომემატა.

ბატონ ირაკლი ჯაფარიძის დიდი მადლობელი ვარ. მაშინ ის იყო ფიგურული სრიალის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი და ყველაფერი გააკეთა, რომ დიდი სპორტისკენ გზა გამეკაფა. მარინა სელიცკაიაც ყოველმხრივ მეხმარებოდა - ხშირად დამატებით მავარჯიშებდა. ყოფილა ისეთი თვეებიც, ჩემი მშობლებისთვის მეცადინეობის ფული არ გამოურთმევია, რადგან იცოდა, რომ ეკონომიურად გვიჭირდა...

ელენე გედევანიშვილი 2002 წელს თანატოლთა შორის იმდენად დაწინაურდა, რომ მოსკოვის თასზე ყველას აჯობა. მისი წინსვლა მხედველობიდან არ გამოპარვია ცნობილ სპეციალისტ ელენა ვოდორეზოვას და ისევ ირაკლი ჯაფარიძის თანადგომით ნორჩი ქართველი მოციგურავე მის ჯგუფში აღმოჩნდა.

მოკლე დროში აშკარად დაეტყო გამოცდილი მწვრთნელის ხელი - 2003 წელს ჯერ მოსკოვის პირველობა მოიგო, მერე კი რუსეთის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ზედიზედ ორჯერ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ჩემპიონატებზე საქართველოს სახელით მეორე და მესამე ადგილები დაიკავა, იუნიორთა გრან პრის ეტაპებზე, 2004 წელს, თითო ოქრო და ბრინჯაო დაიმსახურა, მსოფლიოს პირველობაზე კი მეთორმეტე იყო.

- 2006 წლიდან უფროსებში გადავინაცვლე. - ამბობს ელენე. - ევროპის ჩემპიონატზე მაშინ მოკლე პროგრამით მე-4 შედეგი ვაჩვენე, საბოლოოდ კი მე-6 ადგილი დავიკავე. ეს ჩემთვის წარმატებაც იყო და წახალისებაც.

- უფრო დიდი შედეგი ხომ სამი წლის შემდეგ მოვიდა...
- გეთანხმებით, თუმცა მას უსიამოვნო ამბები უძღოდა. აი, მაგალითად - 2007 წელს დედაჩემის უმიზეზო დეპორტაცია რუსეთიდან. მაშინ მეც ჩამოვყევი სამშობლოში. დიმიტრი უკვე ავსტრიაში ემზადებოდა საქართველოს ნაკრებთან ერთად.

ირაკლი ჯაფარიძის დახმარებით ამერიკაში გავემგზავრე და ცნობილ მწვრთნელ გალინა ზმიევსკაიასთან დავიწყე ვარჯიში.

ორი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს გაზრდილი - ოქსანა ბაიუ და ვიქტორ პეტრენკო, თუმცა მძიმე ხასიათის პიროვნებაა და ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს. ოთხი თვის შემდეგ რომან სეროვის ჯგუფში გადავედი. ნიუ ჯერსის ყინულის სასახლეში ჩემ გვერდით შეგირდებს ამეცადინებდა 2002 წლის ოლიმპიური ჩემპიონის - სარა ჰიუზის დამკვალიანებელი რობინ ვაგნერი. მე და სეროვმა მას ქორეოგრაფიაში ვთხოვეთ დახმარება. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ვაგნერთან დავიწყე მეცადინეობა და მისი ხელმძღვანელობით 2009 წელს ტალინში კონტინენტის პირველობაზე მესამე ადგილი დავიკავე.

მახსოვს, ჩემს მოკლე პროგრამით გამოსვლას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან ერთად, რამაც დიდი სტიმული მომცა. მართლაც, ყველაზე ლაღად ამ ტურნირზე ვისრიალე. მეორე დღეს ბატონმა პრეზიდენტმა ტელეფონით მომილოცა ბრინჯაოს მედალი, ხოლო ძეგლთა დაცვის, კულტურისა და სპორტის მაშინდელმა მინისტრმა ნიკა რურუამ კი დაჯილდოებისას ვარდების დიდი თაიგული მომართვა.

- ვაგნერის ხელმძღვანელობით ვანკუვერში 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მე-10 ადგილი დაიკავე. ორი დიდი წარმატების შემდეგ ასეთ მწვრთნელს რატომ დასცილდი?
- დრომ აჩვენა, რომ მე და რობინმა ერთად მუშაობის მაქსიმუმი ამოვწურეთ, თანაც, ოჯახური პირობების გამო ჩემთვის სულ უფრო ნაკლები დრო რჩებოდა. არც ახლა მყავს ნაკლები მწვრთნელი - ბრაიან ორსერი მსოფლიოს ჩემპიონი და ზამთრის ოლიმპიური თამაშების ორგზის ვერცხლის პრიზიორია. 2010 წლის ოლიმპიური თამაშების კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე სწორედ მან აიყვანა კორეელი იუნა კიმი.

სექტემბრიდან მასთან ვემზადები. შეგირდებთან ჯგუფური მეთოდით მუშაობს, რაც ძალიან მომწონს. შესანიშნავი სპეციალისტები არიან. მათ შორის ქორეოგრაფი ვილსონი გამოირჩევა. მათი დამსახურებაა, წლეულს ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მეორედ რომ მოვიპოვე.

- ახლა რას აპირებ?
- ცოტა ხანს თბილისში დავრჩები და ახალი სეზონისთვის დავიწყებ მზადებას - პროგრამები უნდა შევცვალო. ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ მომავალი წელი უფრო უხვმოსავლიანი იქნეს. ჩემი მიზანია, სპორტული კარიერა ოლიმპიური მედლით დავასრულო. ვიცი, დიდი გარჯაა საჭირო. მეც მზად ვარ. ახალი პროგრამების ქორეოგრაფიის დასახვეწად დახმარება ქალბატონ ნინო ანანიაშვილს ვთხოვე. სიამოვნებით დამთანხმდა. ასეთ სახელოვან და ღვთისნიერ პიროვნებასთან მუშაობა ჩემთვის უდიდესი პატივია.

- ელენე, სულ ციგურაობაზე ვსაუბრობთ. სხვა რა გიტაცებს?
- ნიუ ჯერსის ბერკლი კოლეჯის სტუდენტი ვარ და სპორტს წარმატებულ სწავლას ვუთავსებ. ძალიან მიყვარს ჩოგბურთი - შარაპოვას, ფედერერსა და ნადალის ვქომაგობ. ცხადია, ჩემი ძმის დიდი გულშემატკივარი ვარ. თავისუფალ დროს ვუსმენ მუსიკას, ვუყურებ ჰოკეის, დავდივარ კინოში, თეატრში. სამწუხაროდ, ამგვარი ფუფუნებისთვის იშვიათად ვიცლი, რადგან დღეში 5-6 საათს ვვარჯიშობ.

- ოკეანის გაღმა ქართული კერძები თუ გენატრება?
- ხშირად მომინდება ხოლმე ბაჟე, სულუგუნი, ღომი, მჭადი, კუპატი, ჩურჩხელა, განსაკუთრებით - ხაჭაპური. ამერიკაში დედამ მასწავლა მისი გამოცხობა. როცა ძალიან მომენატრება, კანადური ყველით ან ხაჭოთი ვაცხობ და მეგობრებსაც ვუმასპინძლდები, თუმცა აქაურს მაინც ვერ შეედრება.

- სასმელები თუ გიყვარს?
- ტკბილ ქართულ ღვინოს არაფერი მირჩევნია, თუმცა ალკოჰოლიან სასმელებს იშვიათად ვეტანები.

- ისეთ ასაკში ხარ, ოჯახის შექმნაც არ უნდა იყოს შორეული ამბავი...
- (ეცინება). გამორიცხული არაფერია, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ სპორტულ კარიერაზე ვფიქრობ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ბავშვი რომ გაიზარდა სპორტის ამ სახეობისთვის ვერავინ ხვდებით?მაგის მატარებელმა ჩაიარა კაი ხანია და ფულს ტყუილა ნუ გადაყრით ვისაც გეხებათ
cisko
08:36 17-04-2012
0
დავიჯერო,წალამზე შემწვარი მწვადი ან მეგრული კუპატი არ გიყვარს?
bandera
16:32 16-04-2012
0

სიახლეები პოპულარული