ელენე გედევანიშვილი - ისევ მეათე ადგილი და ხელიდან გაშვებული შანსი

AutoSharing Option
ვიდეო
22 წლის ელენე გედევანიშვილმა ნიცაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავა. ეს მისი კარიერის საუკეთესო მიღწევის მორიგი გამეორებაა, თუმცა გულდასაწყვეტი ისაა, რომ ჩვენს თანამემამულეს მეტის მიღწევა შეეძლო.

თავისუფალი პროგრამის წინ ელენე მე-7 ადგილზე იყო, დაწინაურებულებს ბევრით არ ჩამორჩებოდა. ამას თუ დავუმატებთ შესუსტებულ შემადგენლობას (მონაწილეობა არ მიუღიათ კორეელებს, არ იყო ფინელი კიირა კორპი), საფუძვლიანად გვეიმედებოდა, რომ ქართველი ხუთეულისთვის იბრძოლებდა. სამწუხაროდ, თავისუფალ პროგრამაში გედევანიშვილი სუსტად გამოვიდა და მე-7 ადგილის შენარჩუნებაც ვერ შეძლო.

პროგრამაში ელენემ მსაჯებისგან 90,71 ქულა მიიღო. მან ქულები ტექნიკურ სეგმენტში მოისაკლისა,
2 ქულაც წაქცევებისთვის მოაკლდა და 24 ფინალისტს შორის თავისუფალში მე-15 ადგილი აიღო. ორი დისციპლინის ჯამში 149,20 ქულა მე-10 ადგილს ეყო. 2009 და 2011 წლებშიც შეძლო ქართველმა ათეულში შეღწევა.

საერთო ჯამში, გედევანიშვილმა კარიერის საუკეთესო შესრულებას (წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა) 16 ქულაზე მეტი დააკლო. სხვათა შორის, ევროპული ქულები რომ გაემეორებინა, ელენე ნიცაში მე-6 ადგილზე გავიდოდა.

მსოფლიოს ჩემპიონი იტალიელი კაროლინ კოსტნერი გახდა 189,94 ქულით. კოსტნერი ევროპის 4-გზის ჩემპიონია. მსოფლიოზე პოდიუმზე აქამდე სამჯერ ყოფილა, მაგრამ ჩემპიონი პირველად გახდა. ვერცხლის მედალი წილად რუს ალიონა ლეონოვას ხვდა, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერი იყო - 184,28 ქულა. პოდიუმზე აზიის წარმომადგენელიც ვიხილეთ - იაპონელი აკიკო სუზუკი (180,68).

საბოლოო მდგომარეობა. ტოპ-10
1. კაროლინა კოსტნერი იტალია 189.94
2. ალიონა ლეონოვა რუსეთი 184.28
3. აკიკო სუზუკი იაპონია 180.68
4. ეშლი ვაგნერი აშშ 176.77
5. კანაკო მურაკამი იაპონია 175.41
6. მაო ასადა იაპონია 164.52
7. კექსინ ჟანგი ჩინეთი 157.57
8. ვალენტინა მარკეი იტალია 150.10
9. ქსენია მაკაროვა რუსეთი 149.48
10. ელენე გედევანიშვილი. საქართველო 149.20

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული