კარგი სტარტი მსოფლიოს ჩემპიონატზე: ელენე გედევანიშვილი მეშვიდეა!

AutoSharing Option
ვიდეო
22 წლის ელენე გედევანიშვილის საუკეთესო მიღწევა მსოფლიოს ჩემპიონატებზე მე-10 ადგილია. ახლა კი ქართველ მოციგურავეს ბრწყინვალე შანსი აქვს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ეს შედეგი.

ნიცაში მოკლე პროგრამის ჩამთავრების შემდეგ ელენე მე-7 ადგილზეა და თან მეოთხეადგილოსან მაო ასადას მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

ეს მსოფლიოს პირველობა მეშვიდეა ელენეს კარიერაში. 2009 და 2011 წლებში მან საუკეთესო შედეგი აჩვენა - მე-10 ადგილზე გავიდა. სავარაუდოდ, ქართველს ამ შედეგის გამეორება (უარეს შემთხვევაში) არ გაუჭირდება, რადგან მე-11 ადგილზე მყოფ იტალიელ ვალენტინა მარკეის 6 ქულაზე მეტით უსწრებს.

მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოკლე პროგრამის
შემდეგ ჩვენებური ორჯერ იყო მე-8 ადგილზე (ვერცერთხელ შეინარჩუნა). ასე რომ, მეშვიდე ადგილი მისი კარიერის საუკეთესო მიღწევაა მოკლე პროგრამაში მსოფლიოს ჩემპიონატებზე.

ქართველმა მოციგურავემ ჯეიკობ გარდის "ტანგო" შეასრულა. ტექნიკური ელემენტების სეგმენტში ჩვენებურმა 30,86 ქულა დააგროვა, ხოლო პროგრამულში - 27,63 ქულა.

სასიხარულოა ისიც, რომ გედევანიშვილს ვინც უსწრებს, მათი დიდი ნაწილი ოდნავ დაწინაურდა, რომლის აღმოფხვრაც შესაძლებელია თავისუფალ პროგრამაში.

მოკლე პროგრამის წინ რუსი ალიონა ლეონოვა დაწინაურდა. მოულოდნელ ლიდერს 64,61 ქულა აქვს (6 ქულით მეტი, ვიდრე ელენეს). შემდეგ მოდის იაპონელი კანაკო მურაკამი 62,67 ქულით (4-ქულიანი უპირატესობა გედევანიშვილთან). საპრიზო სამეულში ევროპის 4-გზის ჩემპიონი კაროლინა კოსტნერია (იტალია) - 61 ქულა (ელენეს 2,5 ქულით უსწრებს). როგორც ხედავთ, საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლაც სავსებით რეალურია.

ქალთა თავისუფალი პროგრამა 31 მარტს გაიმართება. შეჯიბრება საქართველოს დროით 20:30 წთ-ზე დაიწყება.

მსოფლიოს ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში. მოკლე პროგრამა
1. ალიონა ლეონოვა (რუსეთი) 64.61 (34.64.+29.97)
2. კანაკო მურაკამი (იაპონია) 62.67 (34.61+28.06)
3. კაროლინა კოსტნერი (იტალია) 61.00 (30.26+30.74)
4. მაო ასადა (იაპონია) 59.49 (30.89+29.60)
5. აკიკო სუძუკი (იაპონია) 59.38 (30.67+28.71)
6. კსენია მაკაროვა (რუსეთი) 58.51 (31.30+27.21)
7. ელენე გედევანიშვილი (საქართველო) 58.49 (30.86+27.63)
8. ეშლი ვაგნერი (აშშ) 56.42 (28.80+27.62)
9. კექსინ ჟანგი (ჩინეთი) 55.00 (32.76+22.24)
10. ვიკტორია ჰელგესონი (შვედეთი) 54.19 (28.35+25.84)
11. ვალენტინა მარკეი (იტალია) 52.14 (27.28+24.86)
12. ჯენა მაკკორკელი (დიდი ბრიტანეთი) 50.42 (27.56+22.86)
13. ამელი ლაკოსტე (კანადა) 49.37 (25.80+23.57)
14. ელენა გლებოვა (ესტონეთი) 49.04 (28.47+21.57)
15. ირეტა სილეტე (საფრანგეთი) 48.42 (27.60+20.82)
16. ალისა ჩისნი (აშშ) 48.31 (23.26+27.05)
17. იულია ტურკილა (ფინეთი) 47.75 (28.18+19.57)
18. სონია ლაფუენტე (ესპანეთი) 47.36 (26.98+20.38)
19. პოლინა კორობეინიკოვა (რუსეთი) 46.71 (25.36+21.35)
20. ნატალია პოპოვა (უკრაინა) 46.60 (26.57+20.03)
21. სარა ჰეკენი (გერმანია) 46.39 (24.99+22.40)
22. კერსტინ ფრანკი (ავსტრია) 45.80 (26.86+18.94)
23. ალისა მიკონსაარი (ფინეთი) 44.16 (24.90+19.26)
24. რომი ბიულერი (შვეიცარია) 44.02 (23.78+20.24)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული