ანგელინა ტელეგინა საქართველოს სახელით იასპარეზებს?

AutoSharing Option
წლეულს იანვარში ოჯახის წევრების მოსანახულებლად ამერიკიდან თბილისში ჩამოსულმა ოთარ ჯაფარიძემ, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მონაწილემ, "ლელოსთან" საუბარში აღნიშნა, რომ პარტნიორ ელისონ რიდთან საერთო ენა ვერ გამონახა და აქტიურ სპორტს თავს ანებებდა - თავის მწვრთნელ, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ევგენი პლატოვთან იწყებდა მუშაობას.

და, აი, 20 მარტს რუსულმა ინტერნეტ-წყაროებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ოთარ ჯაფარიძე კვლავ დაუბრუნდა დიდ ყინულს რუს ანგელინა ტელეგინასთან ერთად და სპორტულ ცეკვებში საერთაშორისო სარბიელზე კვლავაც საქართველოს დროშის ქვეშ იასპარეზებს.

რუსი ფიგურული მოციგურავე ანგელინა ტელეგინა ვალენტინ მოლოტოვთან ერთად
სპორტულ ცეკვებში რუსეთის თასის გათამაშების ეტაპების გამარჯვებული და პრიზიორია.

შარშან რუსეთის ჩემპიონატში წყვილმა მე-6 ადგილი დაიკავა. დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მოლოტოვი ტრავმის გამო აქტიურ სპორტს ჩამოშორდა და სანკტ-პეტერბურგის ფიგურული ციგურაობის აკადემიაში მწვრთნელად დაიწყო მუშაობა.

ეულად დარჩენილ ანგელინას ახალი პარტნიორი გამოუძებნეს. აი, რას ამბობს პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში ევგენი პლატოვი: "როცა ტელეგინა და მოლოტოვი ჩემთან ვარჯიშობდნენ, გახარებული ვიყავი - შემხვდა წყვილი, რომელთაგან ორივე რუსი ეროვნებისა იყო. სამწუხაროდ, ვალენტინის ტრავმის შემდეგ ანგელინა მარტო დარჩა და იძულებული გავხდი, მისთვის შესაფერისი პარტნიორი მეპოვა.

პარალელურად ჩემთან ვარჯიშობდა ქართული წყვილი - ოთარ ჯაფარიძე და ელისონ რიდი. მათი ურთიერთობა ვერ აეწყო და ოთარმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. საბედნიეროდ, მან ეს ნაბიჯი არ გადადგა და ტელეგინასთან ერთად ისურვა სრიალი. ახლა ოთარი და ანგელინა ცეკვებში საქართველოს სახელით იასპარეზებენ.

რუსულ ფორუმზე გამოჩნდა პირველი გამოხმაურებები: "სამწუხაროა, რომ ორი შესანიშნავი წყვილი დაიშალა. სამაგიეროდ, შეიქმნა ახალი ლამაზი დუეტი. წარმატებას ვუსურვებ მათ, თუნდაც ქართული დროშის ქვეშ". "ო, ოთარი დაბრუნდა? ძალიან კარგი. სამწუხაროა, რომ ელისონთან ურთიერთობა ვერ აეწყო. საინტერესო წყვილი იყო"...

ისიც შევიტყვეთ, რომ ერთკვირიანი ვარჯიშის შემდეგ ჯაფარიძეს და ტელეგინას ერთ-ერთ ამერიკულ შოუში მიუღიათ მონაწილეობა და მაყურებელთა მოწონება დაუმსახურებიათ.

დავიტოვოთ იმედი, რომ ოთარ ჯაფარიძის ახალი პარტნიორი საქართველოს მოქალაქე გახდება და ახალ ქართულ დუეტს საერთაშორისო სარბიელზე კვლავ ვიხილავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული