ელენე გედევანიშვილი - წინსვლა მსოფლიოს ჩემპიონატზეც იქნება

AutoSharing Option
ბრიტანულ შეფილდში 22 წლის ელენე ედევანიშვილმა ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მეორედ მოიპოვა: თავისუფალი და მოკლე პროგრამების ჯამში 165,93 ქულით მესამე ადგილი დაიკავა - მხოლოდ 24 წლის ევროპის ოთხგზის ჩემპიონ კაროლინა კოსტნერსა (იტალია) და 23 წლის ფინელ კიირა კორპის ჩამორჩა.

- ვერცხლის მედლამდე ელენეს 1,01 ქულა დააკლდა, - გვითხრა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ასოციაციის პრეზიდენტმა მარიამ გიორგობიანმა, რომელიც შეფილდში ესწრებოდა ევროპის ჩემპიონატს, - ამ შეჯიბრებისთვის ქართველი მოციგურავე შესანიშნავად იყო მომზადებული.

მოგეხსენებათ, ამერიკელ რობინ ვაგნერთან მეცადინეობისას მიაღწია გედევანიშვილმა პირველ დიდ წარმატებას
- ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მაგრამ ბოლო წელს ელენეს მის ხელში წინსვლა არ ემჩნეოდა. ეტყობა, მწვრთნელმა და შეგირდმა ერთმანეთთან მუშაობის ლიმიტი ამოწურეს, ამიტომაც მოვიძიეთ ცნობილი კანადელი სპეციალისტი ბრაიენ ოსერი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ორგზის პრიზიორი და მსოფლიოს ჩემპიონი, რომელიც წლების განმავლობაში წვრთნიდა იაპონელ ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონს, ოთხი კონტინენტის გამარჯვებულ იუნა კიმს.

კანადელი გუნდური მეთოდით ამეცადინებს სპორტსმენებს. მის გუნდში შედიან ცნობილი ქორეოგრაფები, პროგრამების დამდგმელები. ელენეს, მაგალითად, ნახტომების დახვეწაზე ცალკე სპეციალისტი ავარჯიშებს. ამგვარი პრინციპით მუშაობამ დადებითი შედეგი გამოიღო - გედევანიშვილს სწრაფად შეეტყო წინსვლა.

ეს ჯერ კიდევ ამერიკულ ონტარიოში (ელენე და მისი მწვრთნელი კანადურ ონტარიოში ცხოვრობენ და ვარჯიშობენ) იგრძნობოდა. მართალია, ქართველმა სპორტსმენმა მსოფლიოს გრან პრიზე მე-7 ადგილი დაიკავა, თუმცა უკეთესი შედეგის მიღწევაც შეეძლო, მაგრამ ვარჯიშზე ციგურა დაუზიანდა და მოკლე პროგრამა ჩვეულად ვერ ისრიალა, თავისუფალში კი მეორე იყო.

ელენეს მსოფლიოს გრან პრის არც მეორე ეტაპზე დაუტოვებია ცუდი შთაბეჭდილება - მეხუთე ადგილი დაიკავა, არადა, იაპონიამ უძლიერეს სპორტსმენებს მოუყარა თავი.
ჩვენთვის ყველაზე შთამბეჭდავი მაინც შეფილდური ევროპის ჩემპიონატი იყო, სადაც ელენემ ორი პირადი რეკორდი გააუმჯობესა - თავისუფალ პროგრამასა და ორი დისციპლინის ჯამში.

მოკლე პროგრამის შემდეგ გედევანიშვილი სამ მეტოქეს ჩამორჩებოდა, მაგრამ თავად მოციგურავესა და მის მწვრთნელსაც მტკიცედ სჯეროდათ, რომ ჩემპიონატს უმედლოდ არ დატოვებდნენ. მართლაც ჩინებული იყო ქართველის სრიალი თავისუფალი პროგრამით ვებერის "ოპერის მოჩვენების" მუსიკის ფონზე, რითაც რუსი კონკურენტი - 17 წლის პოლინა კორობეინიკოვა ჩამოიტოვა და ვერცხლამდეც ცოტა დააკლდა.

რუსი სპეციალისტები, რომლებსაც სამი შესანიშნავი სპორტსმენი ჰყავდათ ჩამოყვანილი ბრიტანეთში და მედლის მოპოვებასაც გეგმავდნენ, ელენეს გამოსვლის შემდეგ მოვიდნენ ჩემთან და მომილოცეს - ეს ჩემპიონის სრიალი იყოო.

- მაშ, იმედი უნდა გვქონდეს, რომ გედევანიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზეც გვასახელებს?
- რომ არა ქვეყნის პრეზიდენტის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დახმარება და თანადგომა, ამგვარი შედეგის მიღწევა გაგვიჭირდებოდა. ელენე გედევანიშვილი მწვრთნელთან ერთად კანადაში დაბრუნდა და აქტიურად ემზადება მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელსაც მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში ფრანგული ნიცა უმასპინძლებს.

შარშან მსგვავს შეჯიბრებაზე ჩვენებური მეათე იყო. ახლა ხუთი საფეხურით ანაცვლებას ვგეგმავთ. ელენეს საამისო პოტენციალი აქვს.

- უწინ შეჯიბრებებზე ჩვენი სპორტული წყვილიც გამოდიოდა...
- ოთარ ჯაფარიძე, სამწუხაროდ, აქტიურ სპორტს ჩამოშორდა და თავისი მწვრთნელის - ევგენი პლატოვის ზედამხედველობით ამერიკაში მუშაობს. რაც შეეხება სხვა ქართველ მოციგურავეებს, მათ ჯერჯერობით დიდ სარბიელზე ვერ ვიხილავთ, თუმცა იმედისმომცემი ახალგაზრდებიც გვყავს. შარშან აგვისტოში სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით რამდენიმე მწვრთნელმა და მოციგურავემ ლუბლიანაში ერთთვიანი საწვრთნელი შეკრება გაიარა.

იმ ჯგუფიდან 7 წლის ანადეა გულბიანმა თანატოლთა შორის ბელგრადის ტურნირზე მე-8 ადგილი დაიკავა, ხოლო დანიაში სულაც პირველი იყო. სპეციალისტებს გერმანიაში თავი დაამახსოვრა 11 წლის ნია გადელიამ, რომელიც ხუთი-ექვსი წლით უფროსებს ეჯიბრებოდა და ფინალში მოხვდა. ჭაბუკთა მსოფლიოს პირველობაზე მეორედ იასპარეზებს არმენ აღაიანი, რომელმაც წლეულს იაპონიის ტურნირზე უკვე მოსინჯა ძალები.

შედეგები, ალბათ, გაცილებით უკეთესი გვექნებოდა, თბილისში სტანდარტული საციგურაო რომ იყოს. დედაქალაქის მერიის ინიციატივით მარინე ცერცვაძის სახელობის ყინულის სასახლე ახლა რემონტდება და მაისისთვის ჩადგება მწყობრში, ამიტომ თბილისელი სპორტსმენები ბათუმში დაგვყავს შეკრებებზე.

აი, ახლაც, ზამთრის არდადეგებისას, მერიის თანადგომით ორი კვირით ვესტუმრეთ აჭარის დედაქალაქს. უკვე მზადდება პროექტი და შორს არ არის ის დრო, როცა თბილისშიც გვექნება ყინულის სტანდარტული მოედანი და, დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო სარბიელზე ქართველ მოციგურავეთა მონაგარიც საგრძნობლად გაიზრდება.

ფოტოზე მარცხნიდან: ბრაიან ოსერი, ელენე გედევანიშვილი, მარიამ გიორგობიანი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული