თავისუფალი ჭიდაობა. მსოფლიოს თასი: ლოს ანჯელესში გამოსვლას რუსეთით ვიწყებთ

AutoSharing Option
შაბათ-კვირას ლოს ანჯელესში მსოფლიოს თასი ჩატარდება თავისუფალ ჭიდაობაში, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. ჩვენები უკვე ერთი კვირაა, რაც ამერიკაში იმყოფებიან და აკლიმატიზაციის მიზნით ადგილზე გადიან შეკრებას.

მსოფლიოს თასზე მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის რვა საუკეთესო გუნდი იჭიდავებს, საქართველო კი A ჯგუფში მოხვდა რუსეთთან, თურქეთსა და მონღოლეთთან ერთად. მეორე ჯგუფში არიან აშშ, ირანი, აზერბაიჯანი და ინდოეთი.

ჩვენები პირველ შეხვედრას 11 ივნისს რუსეთთან გამართავენ, რაც მათთვის, ფაქტობრივად, ფინალის ტოლფასია. მეორე შეხვედრას თურქებთან გამართავენ, 12-ში კი მონღოლებთან იჭიდავებენ. ჯგუფების გამარჯვებულები ოქროს მედლისთვის ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან,
მეორეადგილოსნები კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ. ჩემპიონი ჯილდოდ 50 000 დოლარს მიიღებს, მეორეადგილოსანი - 30 000-ს, ხოლო მესამეპრიზიორებს 20-20 ათასი დოლარი გადაეცემათ.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ მინდორაშვილმა ამერიკაში ოლიმპიურ წონებში 2-2 შემადგენლობა წაიყვანა - დიდწილად, სწორედ იქ გადაწყდება რიო დე ჟანეიროში წამსვლელთა ვინაობა. შესაბამისად, გუნდშია ყველა ლიდერი - ისინი, ვინც ლიცენზია მოიპოვა და მათი კონკურენტებიც.

ცოტა ძნელი სათქმელია, რომელი ჯგუფი ჯობდა ჩვენთვის - ფაქტია, რომ იოლი არც ერთი არაა და სადაც უნდა მოვხვედრილიყავით, ბოლომდე ბრძოლა მოგვიწევდა. მეორე ჯგუფში თავისი უძლიერესი ფალავნებით, ოლიმპიური ჩემპიონებით - ჯორდან ბაროუზით (74, თუმცა ეს სამგზის მსოფლიოს ჩემპიონიცაა, თანაც - მოქმედი), ჯეიკ უორნერით (96) და მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონ კაილ სნაიდერსით (97) გაძლიერებული მასპინძელი აშშ, მსოფლიოს თასის ოთხგზის გამარჯვებული ირანი და მუდამ ძლიერი აზერბაიჯანი (ამათაც უძლიერესი გუნდები ჰყავთ) არიან, ამათთან ბრძოლა კი გაცილებით ძნელია.

ჩვენს ჯგუფში ყველაზე ძლიერი რუსეთია და იმათაც გადახალისებული გუნდი ჰყავთ, თორემ თურქეთთან და მით უფრო მონღოლეთთან მოგება სავსებით რეალურია.

მეტოქეებიდან ჯერჯერობით მონღოლების შემადგენლობა არ ვიცით, რუსებზე კი იმის თქმა შეიძლება, რომ დაასვენეს რუსეთის წლევანდელი ჩემპიონები, ანუ ოლიმპიადაზე წასვლის მთავარი კანდიდატები. სამაგიეროდ, ლამის უკლებლად აჭიდავებენ იმ დაღესტნელებს, რომლებმაც ცნობილი პროტესტის გამო ქვეყნის პირველობა მიატოვეს (შეგახსენებთ, რომ 57 კილოგრამში დაღესტნელი ფალავნის წაგება გუნდის ხელმძღვანელობამ მსაჯს დააბრალა და ნაკრები შეჯიბრებიდან მოხსნა) - ევროპის წლევანდელი ჩემპიონი შამილ კუდიამაგომედოვი (86) და ევროპის ორგზის გამარჯვებული, მსოფლიოს ჩემპიონი აბდუსალამ გადისოვი (97).

თუმცა მათთვის ამ შანსის მიცემა და ოლიმპიური ნაკრებიდან ჩამოშორება ხომ არ ნიშნავს, რომ მწვრთნელმა ჯამბულათ თედეევმა ისინი საბოლოოდ გამოთიშა საოლიმპიადო კონკურენციიდან, რაზეც მინიშნებები ადრე უკვე გააკეთა? თუმცა, ასეც რომ იყოს, ეს ჩვენთვის დიდი შეღავათი არაა, რადგან ამ წონებში უფრო ძლიერები ჰყავს რეზერვში - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი აბდულრაშიდ სადულაევი (86) და ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ანზორ ბოლტუკაევი (97).

ამჯერად ლოს ანჯელესში გუნდში არაა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ბილიალ მახოვი (125) - ალბათ, იმიტომ, რომ ამ უქმეებზე "ბერძენ-რომაელთა"  შორის იჭიდავა რუსეთის ჩემპიონატში (მოგეხსენებათ, ის ორივე სახეობაში გამოდის). აი, ის თუ გამოაკლდა ოლიმპიურ ნაკრებს, ეს ჩვენთვის რიოში უდიდესი შეღავათი იქნება. თუმცა ასეთი დანაკლისის მიუხედავად, მსოფლიოს თასზე რუსთა შემადგენლობას ურიგო მაინც არ ეთქმის, რასაც ქვემოთ გაგაცნობთ.

ლოს ანჯელესში ძირითადი შემადგენლობით არც თურქები ჩასულან. რაც მთავარია, არ ჰყავთ ევროპის წლევანდელ პირველობაზე გენო პეტრიაშვილისგან (125) გვემული ლამის წაუქცეველი მძიმეწონოსანი ტაჰა აკგული, თუმცა სხვა ლიდერებიც აკლიათ. ეტყობა, საოლიმპიადოდ ისინიც განსხვავებული გეგმით ემზადებიან.

მათ შემადგენლობაში იჭიდავებენ ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი სულეიმან ატლი (57), რეცეპ ტოპალი (61), სერვეტ გოსქუნი (65), სალაჰეტინ კილიჩსალაიანი (70), ევროპის წლევანდელი გამარჯვებული სონერ დემირტაში (74), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი სელიმ იაშარი (86, სინამდვილეში ეს რუსეთიდან გადასული ინგუში კოლოი კორტოევია) და იუნუს ემრე (125), 97-ში კი მონაწილე გუშინ საღამომდე არც ჰყავდათ დასახელებული.

საქართველოს ნაკრები
57 კგ. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ბექა ბუჯიაშვილი
61 კგ. ლაშა ლომთაძე
65 კგ. ზურაბ იაკობაშვილი, კონსტანტინე ხაბალაშვილი
70 კგ. დავით ტლაშაძე
74 კგ. იაკობ მაქარაშვილი, ჯუმბერ ყველაშვილი
86 კგ. სანდრო ამინაშვილი, დავით მარსაგიშვილი
97 კგ. ელიზბარ ოდიკაძე, მამუკა კორძაია
125 კგ. გენო პეტრიაშვილი, გიორგი საკანდელიძე, გიორგი მეშვილდიშვილი

რუსეთის ნაკრები
57 კგ. ჰაჯიმურად რაშიდოვი, აზამატ ტუსკაევი
61 კგ. ვიქტორ პასადინი, იმამ აჯიევი
65 კგ. მაგომედ კურბანალიევი, ილიას ბეკბულატოვი
70 კგ. რადიკ ვალიევი, ხალილ ამინოვი
74 კგ. აცამაზ სანაკოევი, ხეტაგ ცაბოლოვი
86 კგ. შამილ კუდიამაგომედოვი, ალექსანდრ ზელენკოვი
97 კგ. აბდუსალამ გადისოვი, ადლან იბრაგიმოვი
125 კგ. მურადინ კუშხოვი, პაველ კრივცოვი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლინკიიიიი
დავით ცხამელი
09:53 12-06-2016
0
ლინკი დადეტ დზაან მაინტერესებს ეს ტურნირი?
mano
09:43 11-06-2016
0

სიახლეები პოპულარული