1-ლი იანვრიდან დოპინგის გამო მოჭიდავეები 4 წლით დაისჯებიან

AutoSharing Option
მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან დოპინგის მიღებაში მხილებული ყველა მოჭიდავე 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება.

ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებულმა ფედერაციამ მიიღო, რომელმაც ახალი ანტიდოპინგური კოდექსი შეიმუშავა, საზოგადოებას კი ეს ამბავი ფედერაციის პრეზიდენტმა ნენად ლალოვიჩმა აუწყა.

სასჯელის გაორმაგება ძალაში ახალი წლის დადგომისთანავე შევა, ლალოვიჩი კი სპორტსმენებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს: "დოპინგი არა მარტო ჭიდაობის, არამედ მთლიანად სპორტის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. ამიტომ გადავწყვიტეთ, მასთან ბრძოლა კიდევ უფრო გავაძლიეროთ.

საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს დახმარებით, არა მარტო კოდექსს გავამკაცრებთ, არამედ სინჯების რაოდენობას და ფინანსურ ჯარიმებსაც გავზრდით. 4-წლიანი დისკვალიფიკაცია,
ფაქტობრივად, კარიერის დასრულებას ნიშნავს. ამიტომ ვაფრთხილებ ყველას, პატიოსნად მოეკიდონ თავიანთ საქმეს და სუფთად იბრძოლონ წარმატების მისაღწევად" - განაცხადა მან.

ჭიდაობის ანტიდოპინგური კოდექსი სხვა ცვლილებასაც ითვალისწინებს - მცირდება სასჯელი იმ სპორტსმენებისთვის, რომლებიც სამჯერ აარიდებენ თავს დოპინგ-ტესტს - წელიწადნახევრის ნაცვლად, ახალი წლიდან ისინი ერთი წლით ჩამოშორდებიან აქტიურ სპორტს.

დოპინგზე საუბრისას ლალოვიჩმა ბოლო ორი სკანდალიც გაიხსენა, რომელთაგანაც ერთი თავისუფალ ჭიდაობაში თურქთა დაღესტნელ მსოფლიოს მესამეპრიზიორ შამილ ერდოღანს (97) უკავშირდება, მეორე - ქართველ ფალავანს, ასევე თავისუფალ ჭიდაობაში, ოღონდ ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონ გენო პეტრიაშვილს (120).

თურქი ორწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა და თან ბრინჯაოც ჩამოერთვა, ქართველს კი 6-თვიანი სასჯელი აკმარეს, თუმცა მსოფლიოს ოქროსთან მოუხდა გამოთხოვება (ის ამ ტურნირზე ჩავარდა და ამიტომ ევროპის ოქროს არ შეხებიან, თუმცა როგორც ექიმები ამბობენ, მას იგივე პრედუქტალი, რაზეც ახლა მიედავნენ, მაშინაც ჰქონდა მიღებული, ოღონდ ამის შესახებ სპორტსმენის ანკეტაში იყო ჩაწერილი). პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახალი კოდექსით, ორივე 4 წლით დაისჯებოდა.

როგორც ჩანს, კანონის ასეთი გამკაცრებისკენ არა მარტო ჭიდაობა, მთლიანად მსოფლიოს სპორტი წავა. საქმე ისაა, რომ ამგვარი რეგულაციის შემოღებას საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოც აპირებს, რასაც ასევე ახალი წლიდან გეგმავდა, თუმცა კონგრესზე ამ იდეის დახვეწა მოითხოვეს და მისი შემოღება დროებით გადაიდო. ლალოვიჩმა და ჭიდაობამ, უბრალოდ, მოვლენებს დაასწრეს...

ლალოვიჩი მართალია იმაში, რომ 4-წლიანი დისკვალიფიკაცია, ფაქტობრივად, კარიერის დასრულებას ნიშნავს. პეტრიაშვილის ასაკში (20 წლისაა) კიდევ შეიძლება რეაბილიტაცია, თუმცა გაცდენილი წლების აღდგენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ეს ის ასაკია, როცა სპორტსმენი საბოლოოდ ყალიბდება ათლეტად და ფორმის პიკზე უნდა გავიდეს, ასეთ დროს წყვეტა კი აუნაზღაურებელი დანაკლისია.

მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ აზერბაიჯანელი მსოფლიოს პრიზიორი ძიუდოში ნიჯატ შიხალიზადე (66), ვინც 18 წლისა მსოფლიოს პრიზიორი გახდა, თუმცა იმავე ასაკში მეორედ ჩავარდა დოპინგზე და 4 წლით დაისაჯა. მან სასჯელი მოიხადა, დაბრუნდა კიდეც და თავის ნაკრებშიც დაიბრუნა ადგილი, აქა-იქ ხელშესახებ წარმატებებსაც აღწევს, მაგრამ ეს მაინც არაა ის ძველი ფალავანი, რაც დასჯამდე იყო. დღეს მას ამ წონის ლიდერთა შორის არავინ მოიხსენიებს. არადა, ჯერ მხოლოდ 26 წლისაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული