გენო პეტრიაშვილი: მინდა ბევრი ტიტული მოვიპოვო

AutoSharing Option
19 წლის გორელი ფალავანი გენო პეტრიაშვილი ქართული საჭიდაო სამყაროს ამომავალი ვარსკვლავია.

წლეულს მან თანატოლებში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატი აშკარა უპირატესობით მოიგო.

უფროსებში კი ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ნიშანდობლივია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან მხოლოდ მან შეძლო მედლის მოპოვება.

წლევანდელი სპორტული სეზონის მიწურულს ჯერ საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა და მერე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ იგი წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად აღიარეს. ორგზის ლაურეატი დღეს "ლელოს" სტუმარია.

- გენო, გილოცავთ, კმაყოფილი ხარ წლევანდელი წლით?
- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. რა
თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ.

- დიდებში შენთვის ევროპის სადებიუტო ჩემპიონატზე მედლის მოპოვების მერე, საქართველოს თასიც მოიგე, რითაც, ფაქტობრივად, მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა გაინაღდე...

- ქვეყნის თასი, რომელშიც ყველა ლიდერს უნდა ეასპარეზა, ჩემთვის მორიგი გამოცდა იყო საშინაო ასპარეზზე. უნდა დამემტკიცებინა, რომ შარშან დიდებში საქართველოს ჩემპიონი შემთხვევით არ გავმხდარვარ.

საბედნიეროდ, თასიც მოვიგე, რითაც საკუთარ თავს და ჩემდამი სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებსაც ბევრი რამ დავუმტკიცე. ძალიან მინდოდა დიდების მსოფლიოს ჩემპიონატში ასპარეზობა, რისთვისაც საქართველოს თასის მოგება აუცილებელი წინაპირობა იყო. მწვრთნელთან ერთად ყველაფერი სწორად დავგეგმეთ.

- უცნაური იყო, რომ საქართველოს თასზე სამივე ლიდერი შენ, მოძმანაშვილი და საკანდელიძე ერთ ბადეში მოხვდით...
- გადაწყვიტეს, რომ არავინ განეთესათ და სამივე ერთ ჯგუფში აღმოვჩნდით. მოძმანაშვილი და საკანდელიძე თავიდანვე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, საკანდელიძე კი მე ნახევარფინალში შემხვდა.

საბოლოოდ ოთხი შეხვედრის მოგებით საქართველოს თასი მე მხვდა წილად, რამაც ახალგაზრდებს შორის მოახლოებული ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების წინ სტიმული მომცა.

- ორივე ეს ჩემპიონატი ტრიუმფით განვლე. აღსანიშნავია, რომ საერთო ანგარიშით შეხვედრები ევროპაზე 31:0, მსოფლიოზე კი 44:6 დაასრულე.
- ამაზე ბევრმა უშუალოდ შეჯიბრებებზეც მითხრა, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, ანგარიშებს ყურადღებას ნაკლებად ვაქცევ - მთავარი საბოლოო მიზანია - შენი ქვეყნის ჰიმნს რომ ააჟღერებინებ მეტად საამყოა! ისე, იმას უფრო დიდხანს ვიმახსოვრებ ვისთან რამდენი ქულა დავკარგე.

- დიდების მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრებიდან მხოლოდ შენ დაიმსახურე მედალი. სხვებზე უკეთ იყავი მომზადებული, თუ გუნდს უბრალოდ ჩავარდნა ჰქონდა?
- სხვებზე ვერაფერს გეტყვით. თავად კი, ვფიქრობ, კარგად მოვემზადე. მნიშვნელოვანი შეჯიბრების მერე მსოფლიოს ჩემპიონატის შეკრებაში კარგად ჩავერთე, მაგრამ ნაკრების თავკაცმა რეზო მინდორაშვილმა და პირადმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა გადაღლა შემნიშნეს და გადამიყვანეს ე. წ. "მიმყვან" ვარჯიშებზე, ზედმეტი დავტვირთვა ამაცილეს. ასეთი მიდგომა რომ სწორი იყო, ბუდაპეშტის მსოფლიოს ჩემპიონატმა დაადასტურა.

- გაცალოვთან კარგად დაწყებულ შეხვედრაში მარცხი რომ არა, ბუდაპეშტშიც ახლოს იყავი ტრიუმფთან.
- ყველა შეხვედრა კარგად მოვიგე. ნახევარფინალში გაცალოვთან კი მიუხედავად იმისა, რომ ვიგებდი, დასანანად წავაგე. ბევრმა მითხრა, რომ ეს გამოუცდელობის გამო მოხდა. შესაძლოა ასეც იყო, არ ვიცი.

მე უზომოდ მინდოდა ჩემპიონობა, ხალიჩაზე დიდი ჟინით შევედი, პირველი ქულის აღების მერე ვიჩქარე, გამოცდილ მეტოქესთან საქმის მალე მოთავება მოვინდომე.

ხალიჩიდან გამოსვლის მერე ძალიან რომ ვნერვიულობდი, ტიტულოვანი ხეტაგ გაზიუმოვი მოვიდა ჩემთან, გადამეხვია და მითხრა: "არაუშავს, შენ ძალიან მაგარი ხარ, მაგრამ მგონი თავი ისევ ახალგაზრდებში გეგონა, ამხელა სპორტსმენისთვის ეგრე ადვილად რომ გინდოდა მოგეგოო?"

- ტიტულებით გაცალოვის დარ სპორტსმენს ადრე არ შეხვედრიხარ?
- ის ხუთგზის მსოფლიოსა და ერთხელაც ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია და აქამდე ვინც შემხვედრია, მათ შორის მართლაც ყველაზე ტიტულოვანია. ვნახე როგორ ჭკვიანურად მოქმედებს ხალიჩაზე, სხარტია და ფიზიკურად ძლიერი, მოკლედ, დიდი ფალავანია!

დოპინგკონტროლზეც ერთად მოვხვდით და ვისაუბრეთ. მითხრა - მაგარი ბიჭი ხარ, პერსპექტიულიო და მომილოცა მოპოვებული ბრინჯაოს მედალი, მეც ცხადია, მივულოცე დამსახურებული გამარჯვება.

- საერთაშორისო ასპარეზზე ვის მიიჩნევ მთავარ კონკურენტებად?
- იგივე გაცალოვს (რუსეთი), ალან ზასიევს (უკრაინა), ტაჰა აკგულის (თურქეთი). კიდევ რამდენიმე ძლიერი სპორტსმენია, ვისთან მოგებაც იოლი არაა.

- მთავარი კონკურენტების წინააღმდეგ საპაექროდ განსაკუთრებით ემზადები ხოლმე?
- ამ საქმეში და საერთოდაც მომზადების პროცესში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩემი პირადი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი. ის მართლაც უძლიერესი სპეციალისტია. ძალიან ბევრი რამე იცის ტექნიკის, ტაქტიკის თვალსაზრისით, იმასთან დაკავშირებით, თუ ცალკეულ მოწინააღმდეგეს რა უნდა დავუპირისპირო მოსაგებად. მე მისი დიდი მადლობელი ვარ!

- მიუხედავად დიდებში წარმატებით გადასვლისა, კიდევ ერთი წელი დაგრჩა ახალგაზრდებში.
- ამ დროსაც მაქსიმალურად გამოვიყენებ ახალგაზრდებში და საერთოდ, სადაც შევძლებ ჭიდაობას, მუდამ ჩემპიონობისათვის ვიბრძოლებ! ჩემი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ტიტული მოვიპოვო და ჩემი ქვეყნის სახელი ყველგან ღირსეულად წარმოვაჩინო!

- ქართული ჭიდაობის ტურნირებზე მაყურებელთა შორის ხშირად გხედავ ხოლმე. "ფალავნობაზეც" ტრიბუნებზე იყავი. როდის გიხილავთ არენაზე?
- სხვათა შორის, წლევანდელმა აბსოლუტურმა ფალავანმა პაატა ღვინიაშვილმა, ფალავნობის წინ ბევრჯერ მთხოვა, რომ მეც მიმეღო მონაწილეობა ამ შეჯიბრებაში, მაგრამ მოგეხსენებათ თავისუფალი ჭიდაობა ქართულთან სტილით არცთუ ახლოსაა და მეც ბოლოს მაინც უარი ვთქვი. ისე კი მართლაც ხშირად ვესწრები ნახერხმოყრილ არენაზე გამართულ შეჯიბრებებს.

ტანში მბურძგლავს საჭიდაო მუსიკის გაგონებისასაც კი და ძალიან მომწონს ქართული ჭიდაობის სტილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სუპერ ბიჭი,არაჩვეულებრივი ადამიანი,წარმატებები პტრიაშვილს
saler
02:38 01-01-2014
0
გორელების და სრულიად საქართველოს სიამაყე! უნიჭიერესი ფალავანი და კარგი ქრისტიანი!
aleko
15:48 31-12-2013
0

სიახლეები პოპულარული