საქართველოს სამბოს ნაკრები მინსკში მსოფლიოს პირველობაზე გამოვა

AutoSharing Option
8-12 ნოემბერს მინსკი სამბისტთა 36-ე მსოფლიოს პირველობას უმასპინძლებს, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით გამოვა: ნუკრი ბერაია (52), უშანგი კუზანაშვილი (57), ლევან ქოჩიევი (62), ლევან ნახუცრიშვილი (68), ბესო ბერულავა (74), ნიკო კუცია (82), გიორგი ბაინდუროვი (90), ლომერ ჟორჟოლიანი (100) და ნოდარ მეტრეველი (+100).

ორი მონაწილე გვეყოლება ქალთა ტურნირში: შორენა შარაძე (64) და ირინა ლეონიძე (80). ვაჟებში 100 კილოგრამში მირიან პავლიაშვილს უნდა ეჭიდავა, მაგრამ ბოლო შეკრებაზე ხელის ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად ჟორჟოლიანი გამოიძახეს.

არადა, ეს წონა თავდაპირველი დაკომპლექტებიდანვე საკამათოდ იქცა. საქმე
ისაა, რომ აქ საქართველოს ჩემპიონატი (რაც მსოფლიოსთვის მთავარი შესარჩევი შეჯიბრება იყო) დავით ლორიაშვილმა მოიგო.

როგორც ამბობენ, მან პავლიაშვილს მოგვიანებით საკონტროლო შეხვედრაშიც აჯობა, თუმცა, ამის მიუხედავად, მწვრთნელებმა შემადგენლობაში მაინც პავლიაშვილი დააყენეს.

ახლა, როცა მან ტრავმა მიიღო, ალბათ, ლოგიკური იქნებოდა, ლორიაშვილისთვის ეხმოთ, მაგრამ ის ისევ თამაშგარეში აღმოჩნდა! ბუნებრივია, ჩვენ არც პავლიაშვილის საწინააღმდეგო გვაქვს რამე და არც - ჟორჟოლიანისა და მხოლოდ სპორტული სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე ვლაპარაკობთ.

ნაკრები ამ წუთებში მინსკშია, სადაც "სტაიკების" ოლიმპიურ ბაზაზე დასკვნით შეკრებას გადის. ამიტომ მწვრთნელებს ვერ დავუკავშირდით და ამ საჩოთირო ვითარებაში გასარკვევად ისევ საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტ სოსო ლიპარტელიანს მივმართეთ.

მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება მწვრთნელებმა მიიღეს, რადგან მათ არ აკმაყოფილებთ ლორიაშვილის მომზადების დონე და მიაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე მისი კონკურენტები უკეთეს ფორმაში არიან! მწვრთნელთა საქმეებში ჩარევა ცოტა ძნელია, მაგრამ თუ ლორიაშვილი ფორმაში არაა, რატომ ვერ აჯობეს კონკურენტებმა, ან როგორ მოიგო საქართველოს პირველობა?

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის ჩემპიონატში პავლიაშვილი და ჟორჟოლიანი არ გამოსულან...

ლიპარტელიანმა ისიც გვითხრა, რომ საქართველოს პირველობა ამირან პაპინაშვილმა (57), ვახტანგ ზოიძემ (+100) და სხვებმაც მოიგეს, მაგრამ ნაკრებში ვერც ისინი მოხვდნენ, რადგან ამ ეტაპზე მწვრთნელებმა მათი კონკურენტების მზადყოფნა უფრო დამაიმედებლად მიიჩნიეს.

ვერაფერს იტყვი - ერთი შეხედვით, რკინის არგუმენტია, თუმცა, ვეჭვობთ, სამბოს ფედერაციას მაინც გაუჭირდება, საზოგადოებას აუხსნას, რატომ აღმოჩნდა ნაკრებს მიღმა ლორიაშვილი. საქმეს ის უფრო აფუჭებს, რომ ეს ბიჭი პირველად არაა მსგავს სიტუაციაშია და ასეთ მდგომარეობაში სამბოშიც და ძიუდოშიც ხშირად აღმოჩენილა.

როგორც გითხარით, ნაკრები ამჟამად მინსკშია დასკვნით შეკრებაზე. 8 ნოემბერს უკვე აწონვაა, ზეგ კი 52, 68 და 90-ის ფალავნები იჭიდავებენ. 10 ნოემბერს 57, 74 და 100-ის წარმომადგენლები გავლენ. ამავე დღეს იაპარეზებენ ჩვენი ქალებიც, დანარჩენები კი 11-ში დაასრულებენ გამოსვლას.

დასასრულს გეტყვით, რომ ნაკრებს ამ უმნიშვნელოვანესი შეჯიბრებისთვის ვანო არაბული, მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი ავთანდილ ცინცაძე და ემილ რაში ამზადებდნენ, ახალ წლამდე კი ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობასაც გავიგებთ.

შეგახსენებთ, რომ ნაკრების თავკაცი არჩილ ჩოხელი ლოპოტას ხეობაში საზღვრის დამრღვევებთან მომხდარი ჯერაც გაუკვეველი შეტაკებისას დაიღუპა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული