სამბისტების ბრინჯაო

AutoSharing Option
საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა მოსკოვში, "პრეზიდენტის თასზე", 7 ნაკრებისგან შემდგარ გუნდურ შეჯიბრში, მესამე ადგილი მოიპოვა. ესაა გუნდური შეჯიბრება, რომელშიც ამჯერად 7 ნაკრები გამოდიოდა - საქართველო, რუსეთი, ბელარუსი, ბულგარეთი, უკრაინა, ყაზახეთი და კორეა. ჩვენები ჯგუფში ყაზახეთის, უკრაინისა და ბელარუსის გუნდებთან მოხვდნენ, პირველ შეხვედრაში კი ყაზახეთს აჯობეს - 8:1.

ამასობაში ჯგუფის მეორე ორთაბრძოლაში ბელარუსმა უკრაინას 6:3 მოუგო ანუ ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა ამათ შერკინებაში უნდა გარკვეულიყო. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს შეხვედრა ბელარუსებმა მოიგეს - 6:3 და ფინალში გავიდნენ, ჩვენებს კი ბრინჯაოსთვის ბრძოლის უფლება დარჩათ. ამ
ეტაპზე მათი მეტოქე ბულგარეთი აღმოჩნდა, რომელმაც ოლეგ იაძის შეგირდებს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია - ქართველებმა 7:2 მოიგეს ეს შეხვედრა. ბულგარელებთან დიმიტრი მულაძემ (52), უშანგი კუზანაშვილმა (57), ზურაბ ნოზაძემ (74), ნიკოლოზ კუციამ (82), მინდია ბოდაველმა (90), დავით ლორიაშვილმა (100) და ადამ ოქრუაშვილმა (+100) გაიმარჯვეს, ნესტორ ხერგიანი (62) და ლევან ნახუცრიშვილი (68) კი დამარცხდნენ.

იაძეს მათ გარდა მოსკოვში სათადარიგოები არც ჰყავდა წაყვანილი, ამ ნაკრებში კი თვალშისაცემია ძიუდოისტების სიმრავლე. ადრე პირიქით ხდებოდა - სამბისტები მიდიოდნენ ძიუდოში, ახლა კი საპირისპირო პროცესი შეინიშნება. ამ გუნდიდან ოთხი - კუცია, ხერგიანი, ბოდაველი, ლორიაშვილი და ოქრუაშვილი ქომაგმა სწორედ ძიუდოს ნაკრებიდან გაიცნო, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ხერგიანი და კუცია საბისტთა აღზრდილები არიან.

კუცია და ბოდაველი კარგა ხანია, რაც სამბოში დამკვიდრდნენ, ხერგიანი შარშან გადმოვიდა, ოქრუაშვილს კი ასე ხშირად არა, მაგრამ მაინც უჭიდავია. ამჯერად მისი არჩევანი ძიუდოში მიღებულ დისკვალიფიკაციას უკავშირდება, რომელსაც ვადა მალე გაუვა, ლორიაშვილი კი სამბოში პირველად გამოჩნდა, რაც უფრო იმას უნდა მივაწეროთ, რომ ძიუდოში საკმარისი შანსი არ მიეცა. ეტყობა, მოსწყინდა იქ უიმედო ლოდინი და სამბოში გადმოსვლა გადაწყვიტა. თუ გაამართლებს, იაძეს თავი ქუდში ექნება - კარგა ხანია, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ მირიან პავლიაშვილის ღირსეულ შემცვლელს ეძებს, რომელსაც ასაკიც მოეძალა, თუმცა მწვრთნელი საქმისადმი მისი დამოკიდებულებით კმაყოფილი არც ახალგაზრდობაში იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული