საქართველოს 29-ე ლიცენზია! - რევაზ ნადარეიშვილმა ოლიმპიადის საგზური მოიპოვა

AutoSharing Option
მონღოლეთის დედაქალაქ ულან ბატორში მიმდინარე მსოფლიოს სალიცენზიო ტურნირზე ჭიდაობაში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კიდევ ერთი ლიცენზია მოიპოვა - რევაზ ნადარეიშვილმა 98 კილოგრამში.

ქართველმა ფალავანმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიელი მარტინ ჰამლეტ ნილსენი 3:1 დაამარცხა, მერვედფინალში ყირგიზ უზურ ჯუზუპბეკოვს 6:0 მოუგო, პოლონელ რადოსლავ პაველ გრჟიბსკისაც იმავე ანგარიშით აჯობა, ნახევარფინალში კი ჩოქბჯენიდან ორჯერ დაატრიალა შვედი კარლ ფრედრიკს სტეფან შოენი: 4:0. მეორე პერიოდში წრიდან გასვლისთვის 1 ქულა დაკარგა, თუმცა ეს შეგნებული ტაქტიკური სვლა იყო, დროის გასაყვანად გამიზნული.

საბოლოოდ 4:1 იმარჯვა და ფინალში გავიდა, რითაც
ოლიმპიადის ლიცენზია ავტომატურად გაინაღდა, არაფრის მომცემ ფინალში კი ბელორუს ალექსანდრ ჰრაბოვიცკის შეხვდება.

ეს ჩვენი "ბერძენ-რომაელებისთვის" მესამე საგზურია, თუმცა ულან ბატორში ლიცენზიისთვის კიდევ ორი ჩვენებური აგრძელებს ბრძოლას: მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია და რევაზ ლაშხი (59) სანუგეშო წრეში გამოდიან. მოულოდნელად ქაჯაია ნახევარფინალში ჩინელ ქიან მენთან დამარცხდა - 1:2 და დამამშვიდებელში იაპონელ არატა სონოდასა და ბულგარელ მიროსლავ მეთოდიევს შორის მოგებულს შეხვდება.

ლაშხი ძირითად ბადეში პირველივე წრეში ისევ იმ ნორვეგიელ სტიგ ანდრე ბერგთან დამარცხდა, ვისთანაც წინა სალიცენზიო ტურნირი წააგო სერბეთში, დამამშვიდებელში კი პირველ წრეში მოლდოველი ვიქტორ ცებანუ პირველ სეტში ჩოქბჯენიდან ორჯერ შედეგიანად დაატრიალა - 4:0.

მეორეში უკვე თვითონ ჩააყენეს დაბლა, მაგრამ თავი არათუ მშვენივრად დაიცვა, ამოუზვრა კიდეც და იქით ჩაიყვანა დაბლა - 6:0. შეხვედრის ბოლოს ერთი ტაქტიკური ქულა შეგნებულად დაკარგა, მერე მოლდოველმა თავზე გადახტომაც მოუნდომა, მაგრამ მარტივად მოიშორა და 6:1 იმარჯვა. ის ბრინჯაოსთვის უკრაინელ დმიტრო ციმბალიუკთან იჭიდავებს.

თუმცა ჩვენებს ბრინჯაოს მოპოვება საგზურს ავტომატურად ვერ მოუტანს, საამისოდ მათ კიდევ ერთი შეხვედრა უნდა გამართონ მეორე ბრინჯაოსმედალოსანთან, რათა გაირკვეს საუკეთესო მესამე ფალავანი. სწორედ ის საუკეთესო მიიღებს ლიცენზიას - ამ ტურნირზე წონაში სამ-სამი საგზური გაიცემა.

მონღოლეთში სალიცენზიო ტურნირში დღეს, 22 აპრილს მხოლოდ "ბერძენ-რომაელები" ჭიდაობენ, 23 აპრილს ქალები იასპარეზებენ, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები კი 24 აპრილს გამოვლენ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
Imravlos henistana Cartvelma.Gilocav Revaz.იRevaz.imravla henna gvarma
Avto
17:24 23-04-2016
0
რევაზია თუ ლეონიდასი :D
dato
17:38 22-04-2016
0

სიახლეები პოპულარული