ქართული ჭიდაობის ბერძნული ნათება - ინტერვიუ ზაზა ჯიბლაძესთან

AutoSharing Option
ფოტოზე: იაკობ ქაჯაია
საქართველოს 23 წლამდე "ბერძენ-რომაელთა" ნაკრებმა ჩინებულად იასპარეზა ბულგარულ რუსეში, თანატოლთა ევროპის ჩემპიონატში, სადაც 8 წონიდან 6-ში მედალი მოიპოვა, ერთში ბრინჯაოსთვის იჭიდავა და დამაჯერებლად გაიმარჯვა გუნდურ პირველობაში, სადაც ჩამოიტოვა რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სხვა აღიარებული ლიდერები.

ჭიდაობა. ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი: ქართული ტრიუმფი რუსეში

ჩვენებურთა 6 მედლიდან 3 ოქროა, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ევროპის ჩემპიონები გელა ბოლქვაძე (74), ლაშა გობაძე (80) და იაკობ ქაჯაია (130) გახდნენ. ვერცხლი თორნიკე ჯანგავაძემ (66) და კუკური კირცხალიამ (98) მოიპოვეს, ბრინჯაოს კი რამაზ
ზოიძე
(71) დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ გუნდს აკლდა ეროვნულ ნაკრებში სალიცენზიო ტურნირებისთვის გამოძახებული რამდენიმე ლიდერი, ხოლო გობაძემ ზედიზედ მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა ამ ასაკში.

თუმცა სტატისტიკა ერთია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ჩვენი გუნდის ჭიდაობის უდავოდ მაღალი ხარისხია - უმეტესობა ტექნიკურად, ლამაზად, სანახაობრივად ჭიდაობს, რაც ბერძნულ-რომაულში დიდი ხნის წინათ გახდა იშვიათობა. სწორედ ეს გვიჩენს იმედს, რომ ნაკრები დაძლევს ჩავარდნას, უპირველესად კი,  სალიცენზიო შეჯიბრებებში გამოიჩენს თავს, თორემ ამ გუნდს დღემდე ერთი ლიცენზიაც არ აქვს.

ტურნირის თუ, ზოგადად, ამ ნაკრების შესახებ გვესაუბრება 23-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაზა ჯიბლაძე.

- ბულგარეთში წასვლამდე ელოდით ასეთ მასშტაბურ წარმატებას?
- გუნდი კარგად იყო მომზადებული და ნამდვილად ველოდით. ამ ტურნირამდე ხუთი შეკრება გავიარეთ. აქედან ორი სტამბოლში გვქონდა მაღალ დონეზე, იქაურ ნაკრებთან ერთად.

სტამბოლში თურქეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მუსა აიდინმა მიგვიწვია, რომელიც წარმოშობით ქართველია და იქაურ დიასპორასაც ხელმძღვანელობს. თავისი ხარჯით ჩაგვაფრინა ბაზაზე, სადაც 17 დღე ვივარჯიშეთ, მერე კი ვები ემრეს ხსოვნის ტურნირზეც გამოვედით. იქ ბიჭებმა კარგად იჭიდავეს და 23-წლამდელებმა უფრო უკეთესი შედეგი აჩვენეს, ვიდრე - ეროვნული ნაკრების წევრებმა.

ამის შემდეგ დუშეთში გავიარეთ ორი ეტაპი, დასკვნითი შეკრება კი ბორჯომში გვქონდა. ამას ერთი ტურნირიც დაემატა სოფიაში და ვხედავდით, რომ გუნდი კარგად იყო მომზადებული. აქედან გამომდინარე, გუნდურ პირველობასაც ვგეგმავდით - შარშანდელი მეორე ადგილის შემდეგ ეს აღარ გვეჩვენებოდა მიუღწეველი.

გამარჯვებას იმის მიუხედავადაც ვგეგმავდით, რომ ორი ლიდერი გვაკლდა - ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონები,  შმაგი ბოლქვაძე 66-ში და რობერტ კობლიაშვილი 85-ში. კობლიაშვილის წაყვანა მაინც მინდოდა, რადგან ის მეორე სალიცენზიო შეჯიბრებას ჭიდაობს მონღოლეთში, 27-დღიანი ინტერვალი აქვს, მაგრამ უფროსებში ევროპის ჩემპიონატზე ნეკნის ტრავმით წავიდა და ამიტომ არ გავრისკეთ.

Sportall.Ge

- ვინმეს თუ გამოარჩევთ თქვენი გუნდიდან?
- ყველამ კარგად იჭიდავა - ჩემპიონებმაც და მედალოსნებმაც. ჩემპიონები თავისთავად გამოირჩევიან სხვებისგან. სამივემ კარგად იჭიდავა - ბოლქვაძემაც, გობაძემაც და ქაჯაიამაც, თუმცა ყველას გამოსვლით კმაყოფილი ვარ, ყველა ბოლომდე დაიხარჯა.

- როგორ ფიქრობთ, შეიძლება იმის თქმა, რომ ქაჯაიამ დაძლია ჩავარდნა და ადრინდელი ფორმა დაიბრუნა?
- ვფიქრობ, ქაჯაიას ამ გამარჯვებით სტიმული მოემატება და საბოლოოდ "გაიხსნება". სხვათა შორის, სტამბოლში, ემრეს ტურნირზე მხოლოდ ქაჯაია არ გვახლდა, ჯერ სიცხეები ჰქონდა, მერე კი რაღაც მოიმიზეზა, თორემ ის შეჯიბრება ძალიან წაადგებოდა. წარმოიდგინეთ, თურქებს შვიდი კაცი ჰყავდათ ამ წონაში, ჩამოსული იყო ესტონელთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ჰეიკი ნაბი, იყვნენ ნორვეგიელი, ტუნისელი და უნგრელი მძიმეწონოსნები. ამიტომ რიგაში გამართულ უფროსთა ევროპის ჩემპიონატზე სატურნირო პრაქტიკა აკლდა.

საბედნიეროდ, ახლა ძალიან კარგად იჭიდავა და თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინა. მთელ ტურნირზე მხოლოდ ორი ქულა დაკარგა და ისიც ბოლო შეხვედრაში, ფინალში თავისი დაუკვირვებლობით დათმო უკრაინელ ვლადისლავ ვორონინთან, თუმცა ის შეხვედრა აშკარა უპირატესობით, 10:2 მოიგო. როგორც იტყვიან, გაიხსნა ბოლო-ბოლო, ფიზიკური მომზადება ისედაც არ აკლდა, დგომშიც კარგია, ხაზგარეთ გაყვანასაც აკეთებს, ჩოქბჯენშიც ატრიალებს - ერთი სიტყვით, ყველა მონაცემი აქვს.

- ამ გუნდიდან ბევრი გამოირჩევა კარგი,  ტექნიკური ჭიდაობით, ქართული ჭიდაობის ილეთებით: ლაშა გობაძეც, გელა ბოლქვაძეც და სხვებიც... ალბათ, ეს განსაკუთრებული სავარჯიშო სისტემის გავლენაა...
- ბერძნულ-რომაული ჭიდაობა უფრო დასავლეთ საქართველოშია განვითარებული, აჭარას კი ძლიერი სკოლა აქვს. იქიდან ბევრია წამოსული, რომლებიც ერთმანეთს ზრდიან.

- გელა ბოლქვაძემაც ძალიან კარგად იჭიდავა, თუმცა გობაძის მიერ ფინალში თურქ ბურჰან აკბუდაკთან გაკეთებული ის გდებები, როცა ჩოქბჯენიდან ჰაერში აიტაცა და ფეხზე მდგარმა მაღალი ტრაექტორიით დაახეთქა ლეიბს, ერთ რამედ ღირდა...
- გობაძე კაპიტნადაც ავირჩიეთ, რადგან გუნდში ყველაზე ტიტულოვანი იყო - მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანია უფროსებში. ძალიან სტაბილური მოჭიდავეა. ის რომ ჭიდაობს, ბოლო წამამდე მშვიდად ვარ - ვიცი, აუცილებლად მოიგებს. ამ ტურნირზე 0:4-საც აგებდა, 0:2-საც, მაგრამ საბოლოოდ მაინც გამარჯვებული დარჩა. ძალიან ძლიერია - ჩოქბჯენიდანაც კარგად აჰყავს მეტოქეები და ატრიალებს. ჩოქბჯენიდან აქაჩვა მისი კოზირია, ისე კი, კისრულსაც კარგად აკეთებს, მოგვერდსაც და სხვას. ფიზიკურადაც კარგადაა მომზადებული, რასაც მშვენივრად იყენებს - როგორც იტყვიან, "თავს უტეხავს" კონკურენტს, ანუ ტაქტიკურად ისეთ მდგომარეობას უქმნის, ილეთზე თუ არ გადაჰყვებიან, ტრავმას აიკიდებენ.

- რამდენად შესაძლებელია, მომავალ ოლიმპიურ ციკლში ზედა, ოლიმპიურ წონაში გადაინაცვლოს? საცოდაობაა, ასეთი მონაცემების პატრონი ოლიმპიადის გარეშე დარჩეს...
- მასაც სწყდება გული, სალიცენზიო ტურნირებში რომ ვერ გამოვა. თან საქართველოს ჩემპიონატშიც 80 კილოგრამში გამოვიდა. ალბათ, სამომავლოდ შეიცვლის წონას, თუმცა სიმაღლეც არ ჰყოფნის 85 კილოგრამისთვის. ამიტომ იქნებ ოლიმპიადამდე არც შეიცვალოს წონა და ეს სამი სეზონი კვლავ 80-ში გაატაროს. მოსაგები ხომ აქაც აქვს ტიტულები, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონობა. თან 23-იანებშიც რჩება და არის ლაპარაკი, რომ შეიძლება გაისად მსოფლიოს ჩემპიონატიც დაგვიმატონ.

- ოლიმპიადის შემდეგ წონითი კატეგორიების შეცვლაზე ხომ არაა ლაპარაკი? ეგებ, მისთვის უფრო მისაღები განაწილება შემოიღონ...
- როგორც წესი, ოლიმპიადის დასრულებას მოსდევს ცვლილებები, მაგრამ ჯერჯერობით რეფორმებზე არაფერი თქმულა. წესები მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, რადგან ქალებისა და ვაჟების კატეგორიები გაათანაბრეს. ამიტომ არა მგონია, წონები შეიცვალოს, თუმცა გამორიცხული არაფერია.

- გული თუ გწყდებათ რომელიმეზე?
- ყველაზე მეტად ჭითავაზე მწყდება გული, ძალით დაკარგა ბრინჯაოს მედალი. როცა გერმანელი ეტიენ კინსინგერი თავზე გადაახტა, საერთოდ უნდა გამოცლოდა, მაგრამ ამან გდება გაუგრძელა, ლამაზად მოგებაზე ფიქრობდა.

ისე, ის შეფასება საეჭვო იყო. ვფიქრობ, 2-2 ქულა ორივესთვის უნდა მიეცათ, მაგრამ, რადგან შემტევი გერმანელი იყო, ქულა იმას მისცეს.

- თქვენი აზრით, სალიცენზიო ტურნირებში რა შანსები გვაქვს და პირველ შეჯიბრებებში ამ გუნდიდან ვინ იჭიდავებს?
- ვფიქრობ, 5 ლიცენზია მაინც უნდა მოვიპოვოთ. სალიცენზიო შეჯიბრებებში მონაწილეობას რაც შეეხება, მთი ნაწილი პირველივე ტურნირზე წავა სერბეთში, ნაწილი კი მონღოლეთში გაემგზავრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული