მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში: უღიმღამოდ და ულიცენზიოდ [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ლას ვეგასში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ქრონიკულ უმედლობას გადაურჩა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რომელსაც ამ ტურნირის დებიუტანტი ლაშა გობაძე (80) დაეუფლა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უცნაური ბედისწერაა - 8-დან მხოლოდ ერთ წონაში გავიბრწყინეთ და ისიც არაოლიმპიურში - 80 და 71 კილოგრამები არ შედის ოლიმპიადის პროგრამაში, ანუ ჩვენი ნაკრები ამ ჩემპიონატზე ლიცენზიის გარეშე დარჩა.

რიოში მოხვედრის შანსი ევროპის საგაისო ჩემპიონატსა და სამ საგანგებო სალიცენზიო ტურნირზე იქნება. ოღონდ ახლა თუ ექვსეული იძლეოდა საგზურებს, გაისად წონაში 2-3 გათამაშდება.

ბათუმელ გობაძეს
წლეულს მშვენიერი სეზონი უდგას - ტრიუმფით მოიგო 23-წლიანებში ევროპის ჩემპიონატი და გაიმარჯვა ირანში, ტახტის ზეპრესტიჟულ ტურნირზე, რითაც ამ შეჯიბრების მომგები პირველი "ბერძენ-რომაელი" ქართველი გახდა. წლეულს მან მხოლოდ ევროპული თამაშები ჩააგდო ბაქოში, თუმცა იმ შეჯიბრებამდე მოიწამლა...

გობაძე ძალიან ლამაზი, ტექნიკური და თვალსასეირო ქართული სტილით გამოირჩევა, რაც დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლისგან ცოტა გასაკვირია - ლიხს იქით ხომ ქართულს იმდენად არ ჭიდაობენ, როგორც - ლიხს აქეთ. ევროპაზეც და ირანშიც მან ბლომად ასიამოვნა ქომაგი მოგვერდებით და კისრულებით, ლას ვეგასში კი ჩოქბჯენში კარგი ჭიდაობით მიაღწია მიზანს.

თუმცა ეს კომპონენტი ადრეც იყო მისი კოზირი და სიახლე არ ყოფილა. მეტიც - დასახელებულ შეჯიბრებებში გობაძე ბევრად უფრო ტექნიკურად ჭიდაობდა, ახლა კი ის ერთადერთი შეხვედრაც ნახევარფინალში ჩოქბჯენით დათმო თურქთა მომავალ გამარჯვებულ სელჯუკ ჩებთან. ვფიქრობთ, იქაც უფრო ცაიტნოტის გამო იჩქარა - მეტოქე 2:1-ს იგებდა, როცა თურქი სასტვენამდე 25 წამით ადრე ჩააყენეს ჩოქბჯენში და გობაძემ კარგად ვერ შეკრა ხელები, ილეთი საფუძვლიანად ვერ მოამზადა. თან ის ცოტა რთულ გზას ირჩევს ჩოქბჯენში - ლეიბიდან სწევს მეტოქეს და ფეხზე მდგომი აგდებს, ამდენისთვის დრო კი არ ეყო და გამოცდილმა ჩებმა (მესამედ მოიგო მსოფლიო) გდება დაუხურა - 2:4.

თუმცა მანამდე გობაძემ მეოთხედფინალში ჭიდაობის გაკვეთილი ჩაუტარა რუსთა ევროპული თამაშების ჩემპიონსა და მსოფლიოს შარშანდელ ფინალისტ ევგენი სალეევს - პასიურობისთვის დგომში ჩაყენებული მეტოქე ხელში აიტაცა და მაღალი ტრაექტორიით ზურგს უკან გდებით 4-ქულიანზე დაახეთქა ლეიბს და იქვე ბეჭებზეც დააწვინა.

ამ ეპიზოდში საინტერესოა რუსთა ქართველი თავკაცის, გოგი კოღუაშვილის რეაქცია - როგორც კი გობაძემ მისი შეგირდი ხელში აიტატა, სკამიდან წამოდგა, თითქოს გულმა ცუდი უგრძნო... ეტყობა, კარგად იცოდა გობაძის ძალა, როცა კი ამ ხელსაყრელ მომენტს იხელთებდა. როგორც კი სალეევი ბეჭებით შეეხო ლეიბს, კოღუაშვილმა საერთოდ მიატოვა სეკუნდანტის სკამი. თუმცა რუსთა ზონა უქართველოდ მაინც არ დარჩენილა, რადგან მეორე მწვრთნელიც ქართველი იყო - ლევან კეზევაძე.

გობაძემ ამ გამარჯვებას 1.53 წუთი მოანდომა, ლას ვეგასში გამოსვლა კი წმინდა მოგებით დაიწყო და ასევე დაასრულა. მან პირველ წრეში დიდი უპირატესობით იმარჯვა ბერძენ ნიკოლაოს ვარკასთან - ჩოქბჯენიდან აყვანის შემდეგ დგომში ორჯერ გაუკეთა 4-ქულიანი გდება და 11:0 მოუგო, სერბი პეტარ ბალო კი 8:2 დაჯაბნა. სერბი არაა ძლიერი მოჭიდავე და ქართველს, რომელიც ფიზიკურადაც კარგად გამოიყურებოდა, პრობლემები არ შეჰქმნია, თუმცა რატომღაც ეს იყო ერთადერთი შეხვედრა, სადაც ჩოქბჯენიდან ბლომად ქულები ვერ მოიპოვა. იყო ეპიზოდი, როცა საერთოდ ვერ გადააგდო, თუმცა ერთხელ ამ გზითაც უწია მიზანს.

მან პირველი ქულები მშვენიერი მოგვერდით მოიპოვა, ბოლო გდებამ კი მსაჯებიც გვარიანად დააბნია - ჯერ ოთხქულიანი მისცეს და ანგარიში 10:2 გახდა, მაგრამ სერბების პროტესტის შემდეგ 2 ქულა დააკლეს და 8:2 დატოვეს, რაც მოგვიანებით საბოლოო შეფასებადაც იქცა.

ბრინჯაოსთვის პაექრობაში ქართველმა ფალავანმა ყველა ასპექტში დაჯაბნა ყაზახი აშხატ დილმუხამედოვი - 8:0 მოუგო.

ისევ ნაცნობი უძლურება
სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის სხვა წევრთა გამოსვლაზე დადებითს ვერაფერს გეტყვით - სამივემ საკმაოდ უსახური ჭიდაობით წააგო პირველივე წრეში და მერე არც სანუგეშოში გადასვლის შანსი მიეცათ. მათ ვერც ერთ კომპონენტში ვერ აჩვენეს სასურველი მომზადება.

ნაკრები ამჯერად არ გამოიყურებოდა მთლად ისე უსუსურად, როგორც - ბაქოში, ევროპულ თამაშებზე იყო, მაგრამ არც წინსვლა, პროგრესი იგრძნობა. ბიჭები კვლავაც ვერ აკეთებენ ილეთებს - ვერც დგომში, ვერც - დაბლა. ამაზე ცუდი რა უნდა იყოს, როცა ერთი ლიცენზიაც ვერ მოიპოვეს.

დასანანია, რომ ამ სამწვრთნელო შტაბმა მორიგი შანსიც გაანიავა და კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ტურნირი ჩააგდო. წინსვლა მხოლოდ ისაა, რომ ბოლო ორი წლისგან განსხვავებით, ერთი მედალი მაინც გვაქვს, თორემ შარშან და შარშანწინ არც ეს გვქონდა.

ჩვენი დანარჩენი სამეულიდან მურად მიქელაძემ ხორვატ ივან ლიზატოვიჩთან 2:4 წააგო, გოგა აფრიამაშვილმა (71) შვედ კნუტ ზაკარიას ტალროტთან 2:3 დათმო, იაკობ ქაჯაია (130) კი ესტონელთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ჰეიკი ნაბისთან 0:1 დამარცხდა.

საუბედუროდ, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მსაჯებმა დაჩაგრეს, მხოლოდ თავად წააგეს. მაგალითად, მიქელაძემ თავიდან ჩოქბჯენში კარგად დაიცვა თავი, თუმცა დგომში ორჯერ ლამის ერთნაირად შეცდა და დაბლა ჩასვლით 4 ქულა დაკარგა. თუმცა შუალედში მიქელაძემაც გადაიყვანა ჩოქბჯენში და ანგარიში გაათანაბრა - 2:2, მაგრამ მალევე ანალოგიურად შეცდა.

აფრიამაშვილმა ისე დაიწყო შეხვედრა, თქვენი მოწონებული - ჩოქბჯენიდან ამოუძვრა და იქით გადაიყვანა - 2:0. საუბედუროდ, უპირატესობა ვერ შეინარჩუნა - ჯერ წრიდან გავიდა, მერე კი შვედმა მასირებული შეტევა იმით დაასრულა, რომ დგომში კარგად შეეკრა ჯვარზე და ორქულიანზე გადააგდო - 2:3.

იაკობ ქაჯაია ვერაფერს გახდა ესტონელთან და ერთადერთი ქულა პასიურობისთვის დაკარგა.

რა ქნა ლოპესმა?
იმ დღეს ჭიდაობის ქომაგთა განსაკუთრებულ ინტერესს მძიმე წონაში განვითარებული მოვლენები იწვევდა, სადაც მართლაც საინტერესო ამბები მოხდა. ნაბი, ლოპესი, ყაზახი მსოფლიოს პრიზიორი ნურმახან ტინალიევი და ნაკრებიდან ნაკრებში მოხეტიალე რუსი ბილიალ მახოვი ბადის ერთ მხარეს მოხვდნენ მასპინძელ რობერტ ტიმოთი შმიდტთან ერთად; თურქი მსოფლიოს ორგზის, ევროპის ოთხგზის და ევროპული თამაშების ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი თურქი რიზა კაილააპი კი მარტო დარჩა მეორე ნახევარში, თითქოს საგანგებოდ გაუსუფთავეს ფინალისკენ მიმავალი გზა.

მას მართლაც არ შექმნია იქით პრობლემები, აი, მეორე მხარეს კი დიდი ამბები დატრიალდა. ლოპესმა პირველივე წრეში დაასამარა რუსთა საჩემპიონო იმედები, როცა ფიზიკური მასის ხარჯზე დაჯაბნა მახოვი - 3:0 და მერე სულაც გაილაღა, ისე თამაშ-თამაშ მოიგო. წვრილ-წვრილი მეტოქეების გარდა, ნაბის 2:0 აჯობა, შმიდტი კი ეგრევე ჩაიყვანა დაბლა და იქ მანამ ატრიალა წინ და უკან, ვიდრე ანგარიში 8:0 არ გახადა. ასეთი შეუჩერებელი ფალავანი ფინალში იოლად გააჩერა დედით ქართველმა თურქმა - 1:0 მოიგო, თუმცა ლოპესმა... წააგო თუ გაყიდა შეხვედრა, მიდი და გაიგე!

ბოლო წლებში ამ დუეტის პაექრობა წონის კლასიკად იქცა (მით უფრო, რაც ირანელი აკბარი მეორედ ჩავარდა დოპინგზე და სამუდამო დისკვალიფიკაცია მიიღო, რითაც ნაბიმ ისარგებლა - იმ წელს ტიტული მას გადაეცა და ასე გახდა მეორედ მსოფლიოს ჩემპიონი).

ისე, საინტერესოა, ამერიკელებს რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ მამიაშვილისთვის ვიზა რომ მიეცათ, როგორ განვითარდებოდა მოვლენები და როგორ კენჭისყრას მივიღებდით, სად აღმოჩნდებოდა მახოვი? თუმცა ჩვენ მამიაშვილს მივტირით და ამერიკელებმა არც ჩვენს ექიმ ზურაბ კახაბრიშვილს მისცეს ვიზა, სახლში დატოვეს რამაზ ნოზაძე, მწვრთნელები: ემზარ ბედინეიშვილი, ზაზა სილაგაძე და სხვები...

თუმცა ამერიკელები არა მარტო ქართველებს, სხვებსაც ასე მკაცრად მოექცნენ. მაგალითად, ვიზა არც უკრაინის "თავისუფალთა" ნაკრების მთავარ მწვრთნელ რუსლან შავლოხოვს მისცეს.

არადა, ლოპესი უკვე 33 წლისაა და მსოფლიოს ხუთგზის, ხოლო ოლიმპიადის ორგზის გამარჯვებულია.

კუბელებმა ამერიკაში კიდევ ერთი ოქრო მოინადავლეს - 59-ში ისმაელ ბორერო მოლინამ გაიმარჯვა, ერთი კი აზერბაიჯანმაც დაისაკუთრა - რასულ ჩუნაევმა (71) წლეულს დუბლი გააკეთა, ანუ ევროპული თამაშებიც მოიგო.

ოქროებით თურქეთი ლიდერობს, რომელსაც 2 ჩემპიონი ჰყავს, მისი დაწევის შანსს კი რუსეთი ინარჩუნებდა, თუ 85-ში ჩვენი თანამემამულე დავით ჩაკვეტაძე გაიმარჯვებდა, მაგრამ ის ნახევარფინალში აზერბაიჯანელ სემენ ტახმასებისთან დამარცხდა. აზერბაიჯანსაც შეუძლია ორი ოქროს მოპოვება, თითო ჩემპიონი ჰყავთ გერმანიას და სომხეთსაც, სალიცენზიო ჩათვლაში კი ალჟირიც შედის.

სოფაძეც გავარდა
გუშინ, 9 სექტემბერს ჩვენგან მათე სოფაძე (85) ჭიდაობდა, თუმცა წარმატება ვერც მან მოგვიტანა. პირველ წრეში ჩვენებურმა სამხრეთაფრიკელი დეან ვან ზილი იოლად დაამარცხა - 9:0, მაგრამ უნგრელთა მსოფლიოს პრიზიორ ვიქტორ ლორინცთან ვერაფერს გახდა - 1:2 წააგო.

არადა, მადიარიც ვერ წყვეტდა ციდან ვარსკვლავებს და მსაჯებმა პასიურობისთვის ქულითაც დასაჯეს. სოფაძე ერთხანს ინარჩუნებდა ამ უპირატესობას, მაგრამ შეხვედრის ბოლოს მიამიტურად შეუშვა წელში და დაბლა ჩაყვანით მომგებიანი ორი ქულა მიითვალა. სოფაძემ ორჯერ ვერ გამოიყენა ჩოქბჯენის უპირატესობა, თუმცა ერთხელ თვითონაც დაიცვა თავი იქ. სანუგეშოში მისი გადასვლის შანსიც მალევე ამოიწურა, რადგან ლორინცი მომდევნო წრეში უკრაინელთა ევროპის ჩემპიონ იან ბელენიუკთან 1:3 დამარცხდა.

დღეს, 10 სექტემბერს, ჩემპიონატში "თავისუფლებიც" ჩაებმებიან - 65 კილოგრამი იჭიდავებს, ანუ ჩვენგან ავთანდილ კენჭაძე გამოვა.

კვარცხლბეკი
59 კგ
1. ისმაელ ბორერო მოლინა (კუბა)
2. როვშან ბაირამოვი (აზერბაიჯანი)
3. ალმატ კებისპაევი (ყაზახეთი), ვონ-ჩოლ იუნი (სამხრეთი კორეა)
25. მურად მიქელაძე (საქართველო).

71 კგ
1. რასულ ჩუნაევი (აზერბაიჯანი)
2. არმენ ვარდანიანი (უკრაინა)
3. ადამ კურაკი (რუსეთი), კნუტ ზაკარიას ტალროტი (შვედეთი)
20. გოგა აფრიამაშვილი (საქართველო)

80 კგ
1. სელჯუკ ჩები (თურქეთი)
2. ვიქტორ სასუნოვსკი (ბელორუსი)
3. ლაშა გობაძე (საქართველო), იუსეფ გადერიანი (ირანი).

130 კგ
1. რიზა კაილააპი (თურქეთი)
2. მიჯაინ მუნიეს ლოპესი (კუბა)
3. ალექსანდრ ჩერნეცკი (უკრაინა), ბილიალ მახოვი (რუსეთი)
24. იაკობ ქაჯაია (საქართველო)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლუკა მართალი ყოფილა!!!!!
fu tqeni!
12:17 10-09-2015
0

სიახლეები პოპულარული