საქართველოს "ბერძენ-რომაელთა" ნაკრებმა ყაზახეთის ტურნირში 4 მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ყაზახურ ჩიმკენტში დამთავრდა მარდან საპარბაევის სახელობის XXII ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ჩვენმა ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა - თითო ოქრო-ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

ჩემპიონი სერგო გოგისვანიძე (130) გახდა, არჩილ თურმანიძემ (65) მხოლოდ ფინალური პაექრობა დათმო და მეორე ადგილს დასჯერდა, ბრინჯაოს მედლებს კი გიორგი დათუნაშვილი (75) და ბექა როყვა (85) დაეუფლნენ.

ჩიმკენტში კიდევ ერთი ქართველი გაემგზავრა - გიორგი ჯავახია, რომელიც ამჯერად ზედა წონაში, 65 კილოგრამში გამოდიოდა, მაგრამ ერთ-ერთ შეხვედრაში, რომელსაც 4:0 იგებდა, ტრავმა მიიღო და ასპარეზობის გაგრძელება ვერ შეძლო.

ეს ხუთეული უკვე
გამოემგზავრა ყაზახეთიდან და სულ მალე ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება, რომელმაც შაბათს მორიგი შეკრება დაიწყო დუშეთში. ჩვენი გუნდი ახლა ევროპის პირველი თამაშებისთვის ემზადება, რომელიც ივნისში ბაქოში ჩატარდება.

ესაა რიგით მეორე შეკრება, პირველი კი ბორჯომში გაიარეს. ნაკრების სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში უკლებლივ ყველა ფალავანია, ვინც კი ბაქოში წასვლის კანდიდატად განიხილება. საბედნიეროდ, ყველა ჯანმრთელადაა და სრული დატვირთვით ემზადება. რამდენიმეს პატარ-პატარა ტრავმები კი აწუხებს, მაგრამ იმდენად საშიში არაფერია, ვარჯიშში ხელი შეუშალოთ.

ჯერჯერობით გაურკვეველია, "ბერძენ-რომაელთა" ეროვნული ნაკრები სად გაივლის დასკვნით შეკრებას. ნაკრების მთავარ მწვრთნელ ბეგი დარჩიას სურს, ადაპტაციის მიზნით, შეგირდები ბაქოში წაიყვანოს, თუმცა ეს საკითხი ჯერ მოლაპარაკების პროცესშია. იმ შემთხვევაში, თუ ბაქოს ვარიანტი გამოირიცხება, მაშინ დასკვნით ეტაპს საქართველოში გაივლიან, მაგრამ აქაც ასარჩევადაა საქმე. ფედერაციის მიერ დამტკიცებული გეგმით, ეს შეკრება ბორჯომშია დანიშნული, თუმცა ალტერნატივად ბათუმიც განიხილება, როგორც ბაქოსავით ზღვისპირა ქალაქი.

მწვრთნელებმა თავიანთი საქმე უკეთ იციან, მაგრამ საჭიდაო ნაკრებების (როგორც ამათი, ისე "თავისუფლებისა" და ძიუდოისტების) გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ზღვაზე დასკვნითი შეკრება არც ისე ეფექტურია. მაგალითისთვის შეგახსენებთ, რომ ათენის ოლიმპიადის წინ ამ ფედერაციის ორივე ნაკრებმა - "ბერძენ-რომაელებმაც" და "თავისუფლებმაც" ბოლო ეტაპზე შეკვეთილში ივარჯიშეს.

ყველას კარგად გვახსოვს, იქ რას ჰგავდნენ ჩვენი გუნდები. მართალია, მაშინ იქ ზედიზედ ორი შეკრება გადააბეს, რასაც ახალაშენებული სასტუმროს პრობლემები და სპორტსმენთა უდისციპლინობაც დაემატა (როგორც ბოროტი ენები ამბობდნენ, ღამით თურმე სასტიკად არღვევდნენ რეჟიმს), მაგრამ ის დონე მაინც მეტისმეტად დაბალი იყო იმ ძლიერი გუნდებისთვის, რომლებმაც წინა წელს ტრიუმფით გაიმარჯვეს მსოფლიოს არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში, ხოლო პირადში ორივეს მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული