რეალურად რა პლუსების მომტანია "დიდი პრიზი" საქართველოსთვის

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ცნობით, "დიდი პრიზის" ტურნირი თბილისში გაისად, 21-23 მარტს გაიმართება.

მოგეხსენებათ, ამ პრესტიჟული შეჯიბრების ჩატარება ახლახან გადაწყდა, როცა წინა კვირას საქართველოში სტუმრად მყოფმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა ხელშეკრულებები გააფორმა ჩვენს სამინისტროსა და ფედერაციასთან, ოღონდ მაშინ შეჯიბრების გამართვის ზუსტი თარიღი ვერ გვითხრა. სამაგიეროდ, განგვიმარტა, რომ სავარაუდო ვადებად მარტის პირველი ან მესამე უქმეები განიხილებოდა და დაგვპირდა, რომ საკითხი საბოლოოდ 5 დღეში გაირკვეოდა.

და აი, ვიზერმა მართლაც დაასახელა ზუსტი თარიღი, რომელიც მეტად ხელსაყრელია - ის ერთ თვეში გასამართავი ევროპის
ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლის პიკშია, რაც მონაწილეთა სიძლიერეს განაპირობებს.

საქმე ისაა, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების დასკვნით საშეჯიბრო ნაწილში რომელიმე ევროპული ნაკრების მთავარ მწვრთნელს თუ რამე საკითხი ისევ ექნება გასარკვევი საკუთარ გუნდში, მათ გადასაჭრელად ჩვენს ტურნირს ან ერთ კვირაში სამსუნში გასამართ ანალოგიურ შეჯიბრებას გამოიყენებს, რადგან მეტი შანსი აღარც რჩებათ.

გასაგებია, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება მონაწილეთა შემადგენლობა, მაყურებელიც მით მეტი მივა დარბაზში, რაც ძიუდოს ფედერაციას მეტ შემოსავალს უქადის. თან, "დიდი პრიზი" რეიტინგში ბევრად მეტ ქულას იძლევა, ვიდრე - "ევროპის ღია თასი", რასაც ახლა ვატარებთ - ჩემპიონი 300 ქულას მიიღებს (თასზე 100 ქულა ერიცხება), ფინალისტი - 180-ს (თასზე - 60), ბრინჯაოსმედალოსანი - 120-ს (40), მეხუთე ადგილზე გასული - 60-ს, მეშვიდეზე დარჩენილი - 48-ს და ასე შემდეგ.

მაგალითად, თასზე თუ 1/16-ფინალში გასული 12 ქულას მიიღებს, "დიდ პრიზზე" ამდენი პირველ წრეში წაგებულსაც კი ეწერება.

აქ მხოლოდ მონაწილეობაც კი ფასდება ქულით. მართალია, მხოლოდ - 2-ით, მაგრამ მაინც. რეიტინგი ჯერ არაა იმდენად აქტუალური, მაგრამ 2015 წლიდან, როცა ოლიმპიადის ლიცენზიებისთვის ბრძოლა დაიწყება, ქულებს ოქროს ფასი დაედება (თუმცა ამ ვადას საერთაშორისო ფედერაცია დაადგენს და იქნებ 2014-ის შეჯიბრებათა ნაწილიც მოხვდეს ამ სიაში).

აი, მაშინ კი არაევროპელებიც მოგვაწყდებიან. თან, საერთაშორისო ფედერაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება სამწლიანია, რაც ნიშნავს, რომ მიმდინარე ოლიმპიური ციკლის ბოლომდე ეს პრესტიჟული ტურნირი გარანტირებული გვაქვს.

ცხადია, ბოლო წლებში სალიცენზიოს სტატუსიც ავტომატურად გვექნება. აქედან გამომდინარე, მისი მაღალი ხარისხიც გარანტირებულია.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ "დიდ პრიზზე" საპრიზო ფონდიც გაიცემა: ჩემპიონი ჯილდოდ 3 000 დოლარს მიიღებს, ვიცე-ჩემპიონი - 2 000-ს, ხოლო ბრინჯაოსმედალოსნები 1000-1000 დოლარით დაჯილდოვდებიან.

არასალიცენზიო პერიოდში თანხაც მნიშვნელოვანია, თუმცა ლიცენზიებისთვის ბრძოლის დროს მთავარი პრიზი მაინც ქულები და ოლიმპიადის საგზური იქნება.

შეიძლება ითქვას, საქართველომ ამ მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენით წელიწადში ერთი დიდი სპორტული შეჯიბრება მიიღო საჩუქრად. აქამდე ტურნირი პერიოდულად მართლაც ძლიერი გამოდიოდა, ძალიან ბევრი ვარსკვლავიც გვინახავს, მაგრამ ეს მაინც შემთხვევითი ამბავი იყო - ვთქვათ, ვიღაცას მონაწილეობა სჭირდებოდა, ერთხელ კი ჩვენმა ფედერაციამ პერსონალურადაც მოიწვია ფალავნები და ზოგს ფულიც გადაუხადა პრემიად, ზოგს ბილეთი შეუძინა და ასე შემდეგ, ახლა კი ასეთი ხვეწნა და ნემსის ყუნწში გაძრომა არ დაგვჭირდება.

როგორც ვხედავთ, ტურნირი სამ დღეზეა გაწერილი. იმასაც შეგახსენებთ, რომ ამ რანგის შეჯიბრებებში, ვაჟებთან ერთად, ქალებიც მონაწილეობენ - სამდღიანი ფორმატიც ამითაა განპირობებული.

ასპარეზობის დასრულების შემდეგ ერთობლივი ვარჯიშების ჩატარებაც სავალდებულოა - ესეც რამხელა სკოლა იქნება არა მარტო ჩვენი ნაკრების წევრებისთვის, არამედ - დამწყებთათვისაც, რომლებსაც ვარსკვლავთა უშუალოდ ხილვის, თუნდაც მათთან სურათის გადაღების საშუალება ექნებათ...

"დიდი პრიზი" გაისად ნამდვილად სპორტის სასახლეში ჩატარდება, რადგან თანამედროვე მოთხოვნების შესაფერისი სხვა დარბაზი სადღეისოდ არც გვაქვს და იქამდე ვერც აშენებას მოვასწრებთ, მერე კი იქნებ გვეღირსოს და მართლაც აგვიშენონ სუპერთანამედროვე სტანდარტების შესაფერისი სპორტის სასახლე.

ახლანდელ სასახლეში სამი ტატამი ეტევა, რაც სადღეისო მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს, თორემ ადრე ამ დონის შეჯიბრებათა სამასპინძლოდ 4 ტატამს ითხოვდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული