ჭადრაკი

ჭადრაკი

ბათუმი 8, 10 და 12-წლამდელ მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობას მასპინძლობს

AutoSharing Option
დღეს, 18 ოქტომბერს, აჭარის დედაქალაქში საზეიმოდ გაიხსნება 8, 10 და 12-წლამდელ მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობა (ტურნირის დირექტორია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივანი აკაკი იაშვილი, მთავარი არბიტრი - ბერძენი პანაგიოტის ნიკოლოპულოსი, არბიტრები - მარიკა ჯაფარიძე და მარგალიტა თანდაშვილი), რომელშიც 66 ქვეყნის 726 წარმომადგენელი იასპარეზებს.

ყველაზე მეტი მონაწილე - 103 გოგონა და ვაჟი - მასპინძლებს ეყოლებათ. სტუმართაგან მრავალირიცხოვანი დელეგაციებით ჩამოვიდნენ რუსეთი (57 მოჭადრაკე), აშშ (54), აზერბაიჯანი (38), ყაზახეთი (33), სომხეთი (29), ჩინეთი (28) და ინდოეთი (28).

საათები ხვალ ჩაირთვება და პირველობაზე, რომელიც 30
ოქტომბერს დასრულდება, 11 ტური გათამაშდება. 25 ოქტომბერი დასვენების დღეა.

ტურნირზე ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს 12-წლამდელებში ინდოელ საერთაშორისო ოსტატ პრაგნანანდხაას (2442). მას 21 პუნქტით ჩამორჩება უზბეკი ჯავოხირ სინდაროვი, გერმანელი ვინსენტ კეიმერის რეიტინგია 2402 პუნქტი. ამ ასაკში ჩვენგან საუკეთესოა ნიკოლოზ კაჭარავა, რომელიც 2100 პუნქტით მოასპარეზეთა შორის 21-ეა, გოგონებში დიანა ლომაია (1600) 45-ე ადგილზეა.

ბათუმში მსოფლიოს პირველობის პარალელურად მწვრთნელთა და არბიტრთა ფიდეს საერთაშორისო სემინარები გაიმართება, რომლებსაც ჭადრაკის ცნობილი ექსპერტები - ფიდეს მსაჯთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სომეხი ვართაპეტიანი და სლოვენიელი დიდოსტატი მორი უხელმძღვანელებენ. გამოცდების ჩაბარების შემდეგ მისი მონაწილენი სათანადო სერტიფიკატებს მიიღებენ.

აჭარის დედაქალაქშივე ევროპის ჭადრაკის კავშირის ეგიდით კიდევ ერთი საინტერესო ღონისძიება მოეწყობა სახელწოდებით - "ჭადრაკის საგანმანათლებლო როლი სკოლებში", რომელშიც მასპინძლების, ინგლისის, პოლონეთის, რუმინეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და სხვა ქვეყნების ჭადრაკის ფედერაციების მესვეურებთან ერთად განათლების სამინისტროების წარმომადგენლებიც ჩაებმებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"