რიო 2016: რობერტ კობლიაშვილისა და იაკობ ქაჯაიას სავარაუდო მეტოქეები

AutoSharing Option
დღეს, 15 აგვისტოს, რიოს "კარაოკე არენაზე" ორი ქართველი "ბერძენ-რომაელი" იჭიდავებს - რობერტ კობლიაშვილი (85) და იაკობ ქაჯაია (130).

- რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 15 აგვისტოს

ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი კობლიაშვილი საკვალიფიკაციო წრიდან ჩაერთვება ტურნირში, მაგრამ ეს კიდევ არაფერი, იმდენად ძნელ ბადეში მოხვდა: რუსთა ქართველი ევროპის ჩემპიონი დავით ჩაკვეტაძე, ირანელი მსოფლიოს ორგზის მესამეპრიზიორი ჰაბიბოლაჰ აკლაგი, აზერბაიჯანელთა ნატურალიზებული ირანელი, მსოფლიოს სამგზის მესამეპრიზიორი სამან აჰმედ ტახმასები, უნგრელი და შვედი ევროპისა და მსოფლიოს რამდენიმეგზის მედალოსნები, შესაბამისად, ვიკტორ ლორინცი და ზაკარიას ბერგი, გერმანელი ევროპის პრიზიორი
დენის კუდლა - ჩვენებური ამ ჯგუფიდან თუ გავიდა, მეორე მხარეზე ლაპარაკი არც ღირს, იმის მიუხედავად, რომ იქ უკრაინელთა ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ჟან ბელენიუკიც გამოდის.

კობლიაშვილს პირველი შეხვედრას მექსიკელ ალფონსო ანტინიო ლეივა იეპესთან აქვს, ხოლო მას თუ მოუგებს, მერე კუდლასა და ყირგიზ იანარბეკ კენიეევს შორის უძლიერესს შეხვდება. მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში კობლიაშვილის მეტოქე ჩაკვეტაძის, ტახმასიბის, აკლაგისა და ბერგის კვარტეტიდან გასული იქნება.

ქაჯაიას ცოტა მეტად გაუმართლა - ფინალამდე ასცდა თურქთა ევროპის 6-გზის და მსოფლიოს ორგზის გამარჯვებული, ოლიმპიური პრიზიორი რიზა კაიაალპი, მაგრამ ნახევარფინალში ხვდება კუბელი ორგზის ოლიმპიური და ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი მიჯაინ ლოპესი, ვინც მეოთხე ოლიმპიადაზე გამოდის. კუნძულელი 36 წლისაა (თუმცა შარშან მსოფლიოს ფინალი იჭიდავა, თურქთან წააგო) და თან ნახევარფინალამდე არ ხვდება, იქამდე კი ოღონდ მივიდეს, რაც შეუძლებელი სულაც არ ჩანს.

ქაჯაია თავდაპირველად ბრაზილიელ ედუარდ სოგომონიანს ხვდება, ხოლო თუ მოუგებს, მისი მეტოქე უკრაინელი ალექსანდრ ჩერნეცკი ან ეგვიპტელი მოჰამედ აჰმედ აბდელლატიფი იქნება.

ბადის ამავე მხარესაა რუსი სერგეი სემენოვიც და ესტონელი მსოფლიოს ორგზის გამარჯვებული ჰეიკი ნაბიც, ოღონდ ის პირველ შეხვედრას კუბელთან ატარებს. აგრეთვე გამოვარჩევთ შვედ ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ პრიზიორ იონას მაგნუს ეურენს, ვინც ქაჯაიას წლეულს სალიცენზიო ტურნირზე მოუგო, თუმცა ისიც კუბელის მხარესაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გამოდის რომ ამ წონაში არ ველოდებით სიკეთეს.
გოგი
15:10 15-08-2016
0
ძვირფასო ჟურნალისტებო, მინდა ავღნიშნო, რომ ქართველი ოლიმპიელების ასპარეზობას საკმაოდ დეტალურად აშუქებთ, თუმცა კარგი იქნება, თუ სპორტის ,,არაქართულ'' სახეობებსაც მიმოიხილავთ და სისტემატურად გაკეთდება ოლიმპიური დღის დაიჯესტი.
0

სიახლეები პოპულარული