[თენგიზ გაჩეჩილაძე რიოდან] რა აუფერულებს ოლიმპიადას?

AutoSharing Option
საცოდავი მოხალისეები
ოლიმპიადა ზეიმია, ასეც უნდა შეიგრძნო, მაგრამ ახლა რიოში ამას ვერ ვგრძნობთ ისე ძალუმად, როგორც ტრადიციის კვალდაკვალ იყო მოსალოდნელი. რა აუფერულებს? ანგარიშგასაწევია ბევრი რამ, მაგრამ თავი და თავი მაინც ეკონომიკური სიდუხჭირეა - სულ სხვა იყო ვითარება, როცა რიომ ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება მოიპოვა და სულ სხვაა ახლა.

თვით ბრაზილიელები გულგრილები არიან ოლიმპიადისადმი, არსად იგრძნობა სიამაყე, პირიქით. კიდევ კარგი, ოლიმპიადის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მაინც შეწყვიტეს.

მერწმუნეთ, საქართველოში და განსაკუთრებით, თბილისში, უფრო სიხარულით მოელოდნენ რიოში ოლიმპიადის დაწყებას. ჩვენთან დიდი ხნით ადრე გაჩნდა
შთამბეჭდავი ბილბორდები, შეიქმნა ფანკლუბები, სადემონსტრაციო ეკრანებიც მოეწყო. მსგავს რამეს რიოში ვერ ნახავთ და ვერ იგრძნობთ.

ვისთანაც ოლიმპიელებს და სტუმრებს აქ ურთიერთობა აქვთ, მეტი წილი სხვა ქვეყნებიდან ჩამოყვანილი მოხალისეები არიან. უმეტესად კი, მათი ფუნქცია ამოიწურება ღიმილით, დახმარებით ვერაფერში დაგეხმარებიან იმის გამო, რომ, როგორც ჩვენში იტყვიან, მინდობილი საქმის ბაიბურში არ არიან და ნერვები მართლაც დღეში იმდენჯერ მოგეშლება, რამდენჯერაც მათთან ურთიერთობა მოგიწევს. პირიქით, ისევ შენ უნდა დაეხმარო, რომ ერთად გაირკვეს გასარკვევი.

რას იხსენებენ ჟურნალისტები
რიოში ოლიმპიადის შემხედვარე ჟურნალისტები ახლა ნიშნისმოგებით იხსენებენ ამერიკის პრეზიდენტის სიტყვებს, რითაც მან, როგორც იტყვიან, დაამუნათა სოკ-ის წევრები 2016 წლის მასპინძლის შერჩევის გადაწყვეტილების მიღების წინ. სოკ-ის სესიაზე გამოსვლისას ბარაკ ობამამ პირდაპირ და დაუფარავად განაცხადა, რომ 2016 წლის ოლიმპიადის მასპინძელი მისი მშობლიური ქალაქი ჩიკაგო უნდა იყოს:

"მოგიწოდებთ, არჩევანი ჩიკაგოზე შეაჩეროთ. მოგიწოდებთ, არჩევანი ამერიკაზე შეაჩეროთ. და თუ ამას დათანხმდებით, თუ ამ გზას ერთად გავუდგებით, შემიძლია დაგპირდეთ - ქალაქ ჩიკაგოთი და ამერიკის შეერთებული შტატებით მსოფლიო იამაყებს!"

რიომ ბოლო ეტაპზე კონკურენციაში შთამბეჭდავი უპირატესობით კი მოუგო მთავარ მოცილეებს, მაგრამ ეს თურმე ჯერ კიდევ არ ნიშნავდა იმას, რომ ბრაზილიის ეს ქალაქი ყველაფრით ჯობნიდა კონკურენციაში მის მიერ განზე გაწეულ ჩიკაგოს, ტოკიოს, მადრიდს. მეტიც, იმთავითვე მოწმენდილ ცაზე მეხის დაქუხებას ჰგავდა, რიო დე ჟანეიროს მერმა ედუარდო პაესამ საჯაროდ რომ სამარცხვინო უწოდა 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ბრაზილიაში ჩატარებას. ინტერნეტში მოვიძიე ადრინდელი მისი განცხადება. მან სიტყვასიტყვით ასე თქვა:
"სირცხვილია, 2016 წლის ოლიმპიადას ბრაზილია რომ მასპინძლობს".

ბრაზილიის პრეზიდენტმა კი ამ მიღწევას "ისტორიული" უწოდა:

"ეს არის 190 მილიონი ადამიანის ერთობლივი გამარჯვება" - თქვა მან. უცნაური პარალელია მერისა და პრეზიდენტის შეფასებებში!

მერე ხმამაღლა ცხადდებოდა, რომ ეს ოლიმპიადა იქნებოდა "მსოფლიოში საუკეთესო სპორტული ზეიმი". მაგრამ არის კი?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული