სოჭი 2014: ბიატლონი - ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი

AutoSharing Option
ბიატლონის პროგრამის პირველი სტარტი - მამაკაცების სპრინტი - შესანიშნავ ამინდში გაიმართა. ქარი არ იყო და სპორტსმენები ძალიან კარგად ისროდნენ. თავიდანვე კარგი ორიენტირები დააწესეს ფრედრიკ ლინდსტრიომმა და ონდრეი მორავეცმა, რომლებმაც ათივე ტყვია ზუსტად გაუშვეს მიზანში.

მიუხედავად ამისა, მათ მალე გაუსწრო დომინიკ ლანდერტინგერმა, რომლისგანაც ცოტა ვინმე თუ ელოდა ასეთ ტემპსა და კარგ სროლას. ამასობაში, ავსტრიელი ბოლო წრეს ასრულებდა, როცა დისტანციაზე გავიდნენ მარტენ ფურკადი და ემილ ჰეგლე სვენდსენი. ორივე ფავორიტს სიზუსტე დააკლდა: მათ სასროლეთზე თითო შეცდომა დაუშვეს.

სუფთა სროლა არც ოლე ეინარ ბიორნდალენს
გამოუვიდა. თითქოს ლეგენდარული ნორვეგიელი პირველ წრეზე საშუალო ტემპით მიდიოდა, მაგრამ ფანტასტიკურმა სისწრაფემ შუა ნაწილსა და ბოლო კილომეტრებზე გადამწყვეტი როლი ითამაშა. სათხილამურო სტადიონი სასწაულის მოლოდინში იყო და ეს სასწაული მოხდა. 40 წლის ნორვეგიელმა ყველა ფავორიტი ჩამოიტოვა უკან.

თუმცა ბიორნდალენს შეიძლებოდა ვერც მიეღო "ოქრო", ბოლო გასროლა რომ არ აეცილებინა რუს ანტონ შიპულინს. მას მეათე გასროლისას ხელი აუკანკალდა და სამეულს მიღმა დარჩა.

რუსისგან განსხვავებით, ათივე ტყორცნა მოახვედრა მიზანში იაროსლავ სოუკუპმა და მოულოდნელად ლიდერობა მოიპოვა, მაგრამ ბოლოსკენ, ჩეხმა ტემპი ვერ შეინარჩუნა და სუპერსენსაცია ვერ მოახდინა. მაგრამ ბიორნდალენთან და ლანდერტინგენთან ერთად პოდიუმზე დგომა სოუკუპისთვის ისედაც ბრწყინვალე შედეგია.

ოლე-ეინარ ბიორნდალენი
დაიბადა: 27 იანვარი, 1974
სიმაღლე: 1.79 მ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო ნაგანო 1998, 10 კმ. სპრინტი
ოქრო სოლტ-ლეიკ-სიტი 2002, 4x7.5 კმ,
ოქრო სოლტ-ლეიკ-სიტი 2002, 20 კმ. ინდივიდუალური
ოქრო სოლტ-ლეიკ-სიტი 2002, 12.5 კმ. გამოდევნება
ოქრო სოლტ-ლეიკ-სიტი 2002, 10 კმ. სპრინტი
ოქრო ვანკუვერი 2010, 4x7.5 კმ.
ოქრო სოჭი 2014, 10 კმ. სპრინტი
ვერცხლი ნაგანო 1998, 4x7.5 კმ.
ვერცხლი ტურინი 2006, 20 კმ. ინდივიდუალური
ვერცხლი ტურინი 2006, 12.5 კმ. გამოდევნება
ვერცხლი ვანკუვერი 2010, 20 კმ. ინდივიდუალური
ბრინჯაო ტურინი 2006, 15 კმ. მას-სტარტი
სხვა ტიტულები
მსოფლიოს 19-გზის ჩემპიონი, 11-გზის ვერცხლის პრიზიორი, 9-გზის ბრინჯაოს პრიზიორი; 95 გამარჯვება მსოფლიოს თასის ეტაპებზე; მსოფლიოს თასის 6-გზის მფლობელი (1998, 2003, 2005, 2006, 2008, 2009).

ბიორნდალენის რეკორდები
1. ნორვეგიელი გახდა ზამთრის თამაშების ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული ინდივიუალურ დისციპლინებში. ტრიუმფის მომენტში ის 40 წლის და 12 დღის იყო. წინა რეკორდსმენი გახლდათ სკელეტონისტი დაფა გიბსონი (39 წლის და 190 დღის, ტურინი-2006).

2. ბიორნდალენმა გაიმეორა ალექსანდრ ტიხონოვისა და რიკო გროსის რეკორდი - ოქრო მოიგო ოთხ ოლიმპიადზე.

3. ბიორნდალენი გაუთანაბრდა ბიორნ დელის ზამთრის თამაშებზე მოპოვებული მედლების რაოდენობით - 12. იმისთვის, რომ გაიმეოროს დელის დაუჯერებელი რეკორდი - 8 ოქრო - ბიორნდალენს რჩება 5 რბოლა. ასეთ ფორმაში მყოფ ოლესგან ყველაფერია მოსალოდნელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული