ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ ოლიმპიელებს: ახლა ჯერი თქვენზეა

AutoSharing Option
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ ოლიმპიელებს მიმართავს და მათ წარმატებას უსურვებს.

როგორც ღარიბაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, დაუშვებელია სპორტის პოლიტიზება და სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობით, საქართველო დგამს კეთილი ნების ნაბიჯს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ზოგადად, ოლიმპიური მოძრაობის მიმართ.

"ძვირფასო ოლიმპიელებო! ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა ნებისმიერი სპორტსმენისათვის უაღრესად საპატიოა.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ქართველი სპორტსმენები აკმაყოფილებთ ოლიმპიური თამაშების სტანდარტებს და მონაწილეობთ მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენთა უმაღლესი დონის შეჯიბრებებში.

2014 წლის სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა ჩვენში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს, რადგან ოლიმპიადა ტარდება საქართველო-რუსეთის საზღვართან, ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს.

მეტად რთული იყო
გადაწყვეტილების მიღება ამ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შესახებ, მაგრამ ჩვენ გავითვალისწინეთ სხვადასხვა ფაქტორი და ეს გადაწყვეტილება ქართული სპორტისა და ჩვენი სპორტსმენების, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების სასარგებლოდ მივიღეთ. საქართველოს მეგობრები იზიარებენ ჩვენს პოზიციას.

დაუშვებელია სპორტის პოლიტიზება. სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობით, საქართველო დგამს კეთილი ნების ნაბიჯს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ზოგადად, ოლიმპიური მოძრაობის მიმართ",
- ნათქვამია პრემიერის მიმართვაში.

ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, მთელი საქართველო ქართველი ოლიმპიელების გულშემატკივარია.

"ახლა ჯერი თქვენზეა, ჩვენს სახელოვან სპორტსმენებზე. მთელი საქართველო, ყველანი თქვენი გულშემატკივრები ვართ და განსაკუთრებული ინტერესით ვადევნებთ თვალს თქვენს წარმატებებს", - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

სოჭის ოლიმპიადაში სულ ოთხი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას: მოთხილამურეები - ნინო წიკლაური, იასონ აბრამიშვილი, ალექსი ბენიაიძე და მოციგურავე ელენე გედევანიშვილი, რომელიც სოჭში 14 თებერვალს კანადიდან ჩავა. საქართველოს ნაკრების მედროშე ოლიმპიადის გახსნაზე ნინო წიკლაური იქნება.

წყარო: interpressnews.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული