ვარსკვლავებს ძველი ცოდვები გაუხსენეს

AutoSharing Option
საფრანგეთის სენატმა გამოაქვეყნა იმ ველომრბოლების სრული სია, რომლებიც 1998 წელს ტურ დე ფრანსზე გამოდიოდნენ და მათი დოპინგ-სინჯები 2004 წელს ხელახლა შეამოწმეს.

როგორც ირკვევა, 1998 წლის ველომარათონზე 40 დადებითი სინჯი აიღეს. იმ დროს, არ არსებობდა ტესტი ერითროპოეტინზე, ამიტომაც ეს აკრძალული პრეპარატი სპორტსმენების ორგანიზმში მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ აღმოაჩინეს, შედეგის გამოქვეყნება კი მხოლოდ ახლა გადაწყვიტა ფრანგულმა მხარემ.

დადებითი სინჯები აღმოაჩნდათ შემდეგ სპორტსმენებს: ანდრეა ტაფის, ერიკ ცაბელს, ბო ჰამბიურგერს, ლორან ჟალაბერს, მარკოს სერანოს, იენს ჰეპნერს, იერონ ბლეილევენსს, ნიკოლა მინალის, მარიო ჩიპოლინის, ფაბიო საკის,
ედი მაცოლენის, ჟაკი დიურანს, აბრაჰამ ოლანოს, ლორან დებიენს, მარკო პანტანის, მანუელ ბელტრანს, იან ულრიხსა და კევინ ლივინსგტონს.

ასევე გამოქვეყნდა საეჭვო სინჯების მქონე ველომრბოლთა სია: ერმანო ბრინიოლი, ალენ ტურიკია, პასკალ შანტორი, ფრედერიკ მონკასანი, ბობი ჯულიჩი, როლანდ მეიერი, ჯუზეპე კალკატერა, სტეფანო ძანინი, ედი მაცოლენი, სტეფან ბარტი, სტიუარტ ო'გრეიდი, აქსელ მერქსი.

სენატი არ აპირებს ამ ველომრბოლთა წინააღმდეგ რაიმე სანქციის გამოტანას.

* * *
ამასობაში, საეჭვოების სიაში მოხვედრილმა ავსტრალიელმა ველომრბოლმა სტიუარტ ო'გრეიდიმ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

ო'გრეიდი 39 წლისაა. მას კარიერაში მოგებული აქვს კლასიკური რბოლა - "პარიზი-რუბე" და ტურ დე ფრანსის ორი ეტაპი. ავსტრალიელს 17-ჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული ტურ დე ფრანსში და ამ მხრივ, რეკორდს იყოფს ამერიკელ ჯორჯ ჰინკეპისთან ერთად.

გარდა ამისა, სტიუარტს ო'გრეიდი ტრეკზეც გამოდიოდა და მის ანგარიშზეა ოთხი ოლიმპიური მედალი, მათ შორის, ერთი ოქროსი.

"ყოველთვის ვოცნებობდი კარიერის განსაკუთრებულ დასასრულზე და განვლილმა ტურ დე ფრანსმა მომცა ამის საშუალება. შესანიშნავი რბოლა ჩავატარეთ და ვამაყობ ჩემი კარიერის გამო", - ამბობს ავსტრალიელი.

აღვნიშნავთ, რომ 5 ივნისს, ო'გრეიდიმ ახალი კონტრაქტი გააფორმა ველოსაჯინიბო Orica GreenEdge-თან და 2014 წლის სეზონის შემდეგ გეგმავდა კარიერის დასრულებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლენს არმსტრონგი: ტურ დე ფრანსს უდოპინგოდ ვერ მოიგებ!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული