ბატუტზე ხტომაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა

AutoSharing Option
თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის 108 სპორტსმენი მონაწილეობდა ბატუტზე მხტომელთა საქართველოს ჩემპიონატში, რომელსაც გიორგი ეგნატაშვილის სახელობის ოლიმპიური მზადების ცენტრის დარბაზმა უმასპინძლა.

გოგონებში სპორტის ოსტატის პროგრამით ტოლი არ ჰყავდა პეკინისა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ფინალისტ ლუბა გოლოვინას (მწვრთნელი ვლადიმერ გოლოვინი), ხოლო ვაჟებში მსოფლიოს თასის გათამაშების მრავალგზის პრიზიორმა თენგიზ კოშკაძემ (მწვრთნელი ზაურ სულაშვილი) გაიმარჯვა.

სინქრონულ ხტომებში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ქრისტინე სორდია და ნატა ჩადუნელი (მწვრთნელი ირმა სოლოღაშვილი) ავიდნენ.

საგულისხმოა ისიც, რომ სპორტის ოსტატობის კანდიდატის პროგრამით ქუთაისელებმა ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს.

თითო მეორე და მესამე ადგილი დაიკავეს ბათუმელებმა გოგონებში, თანაც ბრინჯაო სინქრონულ ხტომებში მოიპოვეს.

აჭარის ბატუტზე მხტომელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლალა ასკეროვამ გვითხრა, რომ ბათუმში სპორტის ამ სახეობას ყურადღებას აქცევენ. 30 მოზარდის დაოსტატებას 3 მწვრთნელი ემსახურება.

"ბათუმის კომპლექსური სასპორტო სკოლის დარბაზში ვვარჯიშობთ. სკოლის დირექტორი მუხრან ვახტანგაძე ყოველმხრივ გვიწყობს ხელს. საქართველოს პირველობისთვის მერი გვიანიძეს თბილისში 10-დღიანი საწვრთნელი შეკრებაც დაუფინანსა.

მხარში გვიდგას აჭარის ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი ნატა ბერძენიშვილი, ბათუმის სპორტის დეპარტამენტმა კი ახალი ბატუტი შეგვიძინა. ამგვარ ზრუნვაზე ვეცდებით, ჩვენც მაღალი შედეგებით ვუპასუხოთ",
- დასძინა ლალა ასკეროვამ.

კვარცხლბეკი
სპორტის ოსტატის პროგრამით. გოგონები. 1. ლუბა გოლოვინა (54,60), 2. თეონა ჯანჯღავა (52,81), 3. ნანა გოგაშვილი (50,33). ვაჟები. 1. თენგიზ კოშკაძე (56,28), 2. ზურაბ ნოზაძე (53,38), 3. გიორგი ფუტკარაძე (ექვსივე - თბილისი, 51,46).

სპორტის ოსტატობის კანდიდატის პროგრამით. გოგონები. 1. ქრისტინე სორდია (89,98), 2. ნუცა ჭკუასელი (ორივე - თბილისი, 75,68), 3. ბარბარა ბაღათურია (ქუთაისი, 71,62). ვაჟები. 1. გიორგი ნაცვლიშვილი (თბილისი, 76,35), 2. ონისე თვალავაძე (74,44), 3. თორნიკე ბარბარაძე (ორივე - ქუთაისი, 73,59).

პირველი თანრიგის პროგრამით. გოგონები. 1. სოფიო დაშნიანი (თბილისი, 76,75), 2. დიანა ფოთელიძე (ბათუმი, 75,82), 3. ირინა ხუციშვილი (თბილისი, 64,61).

სინქრონული ხტომები. გოგონები. 1. ქრისტინე სორდია, ნატა ჩადუნელი (76,1), 2. ნანა გოგაშვილი, თამარ კაკაშვილი (ორივე - თბილისი, 75,2), 3. მერი გვიანიძე, თამარ ღურწკაია (ბათუმი, 50,7). ვაჟები. 1. თენგიზ კოშკაძე, გიორგი ფუტკარაძე (80,4), 2. ვალერი ბიძიშვილი, სერგო ბიძიშვილი (64,1), 3. ზურაბ ნოზაძე, ლაშა გაზაშვილი (სამივე - თბილისი, 24,2).

"ამ ჩემპიონატში ბატუტზე მხტომელთა სარეკორდი რაოდენობა მონაწილეობდა, - გვითხრა შეჯიბრების მთავარმა მსაჯმა, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაურ სულაშვილმა. - კვარცხლბეკზე უმთავრესად ვლადიმერ გოლოვინის, ლია ხრიკულის, ირმა სოლოღაშვილის, ზურაბ კიკნაძის, შალვა კალოევის შეგირდები (გიორგი ეგნატაშვილის სახელობის ოლიმპიური მომზადების ცენტრისა და სპორტკლუბ "ჯორჯიას" წევრები) ავიდნენ, თუმცა მათ ამჯერად ბათუმელმა და ქუთაისელმა სპორტსმენებმა გაუწიეს წინააღმდეგობა.

მალე კონკურენცია გაიზრდება, რადგან ხაშურის, გორის, რუსთავისა და ლანჩხუთის წარმომადგენლებიც შემოგვიერთდებიან.

აქვე ერთიც მინდა დავძინო: ეს შეჯიბრება, ფაქტობრივად, რისკის ქვეშ ჩავატარეთ, რადგან ხუთი წელიწადია, ამ ბატუტებს ვიყენებთ, ამორტიზებულია - ზამბარები და ბადეები გაწელილია. სპორტის სამინისტრო დაგვპირდა ახალ ინვენტარს.

იმედია, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც ოქტომბრის მიწურულს გაიმართება, ახალ ბატუტებზე მოვემზადებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული