ჩატარდება პაკიაოსა და მეივეზერის ბრძოლა ოდესმე?

AutoSharing Option
პროფესიულ კრივში ერთ-ერთ წამყვან პრომოუტერს, ბობ არუმს მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია კრივის სამყაროში ყველაზე ნანატრი ბრძოლის ორგანიზება, მენი პაკიაოსა და ფლოიდ მეივეზერს შორის.

პრომოუტერული კომპანია Top Rank-ის პრეზიდენტმა ისევ ააფორიაქა კრივის მოყვარულები. არუმი მიიჩნევს, რომ თუ პაკიაო 23 ნოემბერს, ბრენდონ რიოსთან შეხვედრაში კარგ ბრძოლას უჩვენებს, ამან, შესაძლოა, ბიძგი მისცეს ფლოიდ მეივეზერთან მოლაპარაკების პროცესს.

"ძირითადი პრობლემა ის არის, რომ ფლოიდი კონტრაქტით არის დაკავშირებული Showtime-თან, პაკიაო კი HBO-ს არხზე ჩხუბობს, - აცხადებს არუმი. - ამავდროულად, არსებობს პრეცედენტი: მაიკ ტაისონი და ლენოქს
ლუისი ასეთივე სიტუაციაში იყვნენ, მაგრამ ბრძოლა მაინც გაიმართა. ასე რომ, თუ ეს ორი ტელეარხი ერთად შეიკრიბება და განიხილავს მომავალი შეხვედრის კონტრაქტს, ბრძოლა შეიძლება რეალური იყოს".

"თუ მენი კარგად იჩხუბებს 23 ნოემბერს, ჩვენ შევძლებთ ასეთი შეხვედრის ორგანიზებას, -
აგრძელებს არუმი. - გულშემატკივრებისთვის სულერთია, რა სირთულეებს წავაწყდებით. მათთვის მთავარია, იხილონ მეივეზერისა და პაკიაოს ბრძოლა".

არუმის ვარაუდით, ასეთი შეხვედრა შეიძლება 2014 წლის მეორე ნახევარში გაიმართოს.

მაგომედი კომაში ჩააგდეს
გასული უქმეები არ ყოფილა დატვირთული მეგა-ბრძოლებით, მაგრამ ერთმა შეხვედრამ ნიუ იორკში ყურადღება მიიპყრო. მასში კუბელმა მაიკ პერესმა 12 რაუნდის შემდეგ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, დაამარცხა რუსი მაგომედ აბდუსალამოვი.

კუნძულელი სასტიკად გაუსწორდა მეტოქეს. ბრძოლის შემდეგ ექიმებმა რუს მოკრივეს მარცხენა ხელისა და ცხვირის მოტეხილობა დაუდგინეს. გარდა ამისა, აბდუსალამოვს ტვინში მცირე სისხლჩაქცევა დაუფიქსირეს.

ბრძოლის შემდეგ რუსი ნიუ იორკში St. Luke's-Roosevelt-ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მოკრივემ თავის არეში ძლიერი ტკივილები იგრძნო და მისი მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა. შედეგად, ექიმებმა აბდუსალამოვი ხელოვნურ კომაში შეიყვანეს, რათა შესაძლო გართულებები აეცილებინათ თავიდან.

"იმედია, მაგო მალე დატოვებს საავადმყოფოს. მან ბევრი დარტყმა მიიღო თავის არეში. მისი მარცხენა ხელი სამუშაოა და როგორც კი ის მოიტეხა, მარჯვენათი მუშაობდა, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰქონდა. მას ჩაუტარდა ოპერაცია თავის არეში, რათა შეჩერებულიყო ტვინში სისხლჩაქცევა", - განაცხადა პრომოუტერული კომპანია Sampson Boxing-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნათან ლევკოვიცმა.

ამ მომენტისთვის რუსის მდგომარეობა სტაბილურია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მენი პაკიაოს დამმარცხებლებმა ერთმანეთში იჩხუბეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული