მენი პაკიაოს დამმარცხებლებმა ერთმანეთში იჩხუბეს

AutoSharing Option
შაბათს, საკრივო სამყაროში ერთი საინტერესო ბრძოლა გაიმართა: ნახევრადსაშუალო წონაში (66.7 კგ-მდე) WBO-ის ტიტულისთვის იბრძოდნენ ამერიკელი ტიმოტი ბრედლი (31-0-0, 12KO) და მექსიკელი ხუან მანუელ მარკესი (55-7-1, 40KO). ეს ის მოკრივეები არიან, რომლებმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ლეგენდარული ფილიპინელის მენი პაკიაოს დამარცხება შეძლეს.

ბრძოლა ლას ვეგასში გაიმართა და მარკესმა ვერ შეძლო კარიერაში მეხუთე წონით კატეგორიაში ტიტულის მოპოვება. მან მსაჯების არაერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო: ორმა არბიტრმა უპირატესობა ბრედლის მიანიჭა (116:112, 115:113), ერთმა - მარკესს (115:113). საერთო ჯამში, ეს კანონზომიერი შედეგი იყო, რადგან ამერიკელი უფრო
უკეთ გამოიყურებოდა.

ტიმოტიმ ფრთხილად დაიწყო ბრძოლა და ზვერავდა მექსიკელის მოქმედებას. ამერიკელის ასეთმა პასიურობამ მარკესს პირველი ორი რაუნდის მოგების საშუალება მისცა, რაც რამდენიმე ზუსტი კონტრშეტევის დამსახურება იყო. მაგრამ, მესამე რაუნდიდან ბრედლიმ ჯებების რაოდენობასა და დარტყმების სწრაფ სერიებს უმატა. საერთოდ, შეხვედრის შუაში ყველა რაუნდი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და რომელიმე მოკრივისთვის უპირატესობის მინიჭება ძალიან რთული იყო: ბრედლი ბევრ დარტყმას ასრულებდა, იმ დროს, როცა მარკესის დარტყმები უფრო ზუსტი და სოლიდური იყო.

40 წლის მექსიკელისთვის ყველაზე წარმატებული იყო მეცხრე რაუნდი, როცა მან ბევრი აქცენტირებული დარტყმა შეასრულა თავისა და კორპუსის არეში. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ტიმოტი ნოკდაუნთან ახლოს იყო.

თუმცა ბრედლის აქვს ერთი კარგი თვისება - სწრაფად აღდგენა ურთულესი დარტყმების მიღების შემდეგ. ამით ის უფრო მობილიზებული და კონცენტრირებული დაბრუნდა შემდეგ რაუნდში და ბრძოლა ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. შეხვედრის დასასრულს აქტიური კრივი ვიხილეთ, განსაკუთრებით მარკესის შესრულებით, მაგრამ მექსიკელმა მაინც ვერ დააგდო რინგზე მოწინააღმდეგე. პირიქით, ბრედლიმ კონტრშეტევისას ბრწყინვალე ჰუკით კინაღამ ნოკდაუნში გაგზავნა მოწინააღმდეგე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მენი პაკიაო 30 მილიონს ერთი ბრძოლისთვის მიიღებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული