საფრანგეთის ღია პირველობა. II დღე: შანსი იყო, მაგრამ...

AutoSharing Option
გუშინ, როლან გაროსზე სანერვიულო გვქონდა. სამი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღიას ძირითად ბადეში მოხვდა და გუშინ ერთვებოდა ტურნირში.

ავსტრალიის ღიასგან განსხვავებით, როცა ნიკოლოზი პირველივე წრეში როჯერ ფედერერს შეხვდა, ქართველს წილისყრის მხრივ გაუმართლა - ის 21 წლის ბრიტანელ კაილ ედმუნდს ეთამაშებოდა. ამ უკანასკნელის ხანმოკლე კარიერაში მთავარი მიღწევა შარშან, დევისის თასის მოგებაა. ბრიტანეთის ნაკრების კაპიტანი ბელგიასთან ფინალში კაილს ენდო და ის ერთეულთა მატჩებზე დააყენა. და ედმუნდმა კინაღამ სენსაცია მოახდინა, როცა სეტებში 2:0-ს უგებდა დავიდ გოფენს, მაგრამ ხუთ სეტში წააგო.
თუმცა ძმებმა მარეებმა თავისი საქმე გააკეთეს და ედმუნდი დევისის თასის მფლობელი გახდა.

რაც შეეხება ბრიტანელის ინდივიდუალურ კარიერას, ის მსოფლიოს 84-ე ჩოგანია, პროფესიულ ტურში 7 მოგება და 19 წაგება აქვს და ბუნებრივია, იქ არც ერთი ტურნირი არ მოუგია. რაც შეეხება "დიდი სლემის" ჩემპიონატებს, ედმუნდი ყველაზე წარმატებული სწორედ საფრანგეთის ღიაზე იყო, როცა შარშან, მეორე წრეში გასვლა შეძლო. სამწუხაროდ, მან ეს შედეგი გუშინ გაიმეორა.

ბასილაშვილი და ედმუნდი ერთი ყაიდის მოთამაშეები არიან. აქცენტს მოწოდებაზე აკეთებენ და ეს პირველ სეტში კარგად გამოჩნდა. ქართველმა ვერაფერი მოუხერხა ბრიტანელის ჩაწოდებებს და ედმუნდის გეიმებში არა თუ ბრეიკ-პოინტი ვერ მოიპოვა, ერთხელაც არ ყოფილა ანგარიში - "თანაბარი". თავად კაილს კი მერვე გეიმში ჰქონდა ოთხი ბრეიკ-პოინტი, მაგრამ ვერ შეძლო ბრეიკის აღება. დაინიშნა ტაი-ბრეიკი, რომელიც ედმუნდმა მინი-ბრეიკით დაიწყო - 2:0. ბასილაშვილმა დაკარგული დაიბრუნა და ანგარიში გაათანაბრა - 3:3, მაგრამ იქვე ისევ წააგო საკუთარი მოწოდება. მალე ედმუნდმა სამმაგი სეტბოლი მიიღო და მესამე ცდაზე მიაღწია საწადელს.

მეორე სეტი ბასილაშვილმა გაცილებით უკეთ ჩაატარა. ჯერერთი, არც ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა მოწინააღმდეგეს, თავად კი სამჯერ შეეძლო ედმუნდის მოწოდების აღება: ერთხელ მეორე და ორჯერ მეექვსე გეიმებში. ბრეიკამდე საქმე მაინც არ მივიდა და მეორე სეტშიც ყველაფერი ტაი-ბრეიკზე გაირკვა. შემოკლებულ გეიმში ბრძოლა ძალიან დაძაბული გამოვიდა. კაილს ორჯერ - ერთხელ საკუთარ და ერთხელ მეტოქის მოწოდებაზე ორი სეტბოლი ჰქონდა, რომელთა მოგერიებაც ბასილაშვილმა მოახერხა. 6:7-დან ნიკოლოზმა ზედიზედ სამი ქულა და მასთან ერთად, სეტი მოიგო.

ქართველი მესამე სეტში აგრძელებდა თავის მოწოდებაზე კარგ თამაშს და ედმუნდს ბრეიკ-პოინტი სანატრელი გაუხდა. ამასობაში, ბასილაშვილმა მატჩში პირველი ბრეიკი შეასრულა და 4:3 დაწინაურდა, 5:4-ზე კი სეტზე აწვდიდა. და სამწუხაროდ, ამ მნიშვნელოვან მომენტში ნიკოლოზის თამაში მოწოდებაზე აირია, რითაც ედმუნდმა ძალიან კარგად ისარგებლა და ზედიზედ ორი ბრეიკი შეასრულა. ბასილაშვილმა ტაი-ბრეიკამდეც ვერ მიაღწია და 5:7 დამარცხდა.

ამ დასანანმა მარცხმა ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა ქართველზე და მეოთხე სეტში წინააღმდეგობა ვერ გაუწია ბრიტანელს. ისე გამოვიდა, რომ მესამე პარტიის ბოლოს და მეოთხეს დასაწყისში ედმუნდმა ზედიზედ ოთხი ბრეიკი შეასრულა. მეოთხე სეტში მან 5:0 წაიყვანა ანგარიში და 23 წუთში 6:1 გაანადგურა მეტოქე. ედმუნდი თითქმის იდეალური იყო საკუთარ მოწოდებაზე - მის გეიმებში ბასილაშვილმა მხოლოდ ორი ქულა აიღო.

სახურავი ჯერ არ იქნება
როგორც ფრანგი ჟურნალისტი კრისტოფერ კლერი "როლან გაროსის" ორგანიზატორებზე დაყრდნობით წერს, რომ "დიდი სლემის" რიგით მეორე ტურნირის ცენტრალურ კორტზე მოძრავი სახურავი 2020 წლამდე არ დამონტაჟდება.

როლან გაროსის პირველ დღეს წვიმის გამო 22 მატჩი გადაიდო, გუშინდელი დღე კი სამი საათის დაგვიანებით დაიწყო.

შედარებისთვის, ავსტრალიის ღია პირველობაზე მოძრავი სახურავი უკვე სამ კორტს აქვს, უიმბლდონზე 2019 წლისთვის მეორე არენა აღიჭურვება ასეთი კომფორტით, ხოლო ამერიკის ღია პირველობის ცენტრალურ კორტზე მოძრავი სახურავი წელს გაიხსნება.

I წრე
კაცები

რაონიჩი (კან, 8)-ტიპსარევიჩი (სერ) 6:3, 6:2, 7:6(5)
მანარინო (საფ)-კუკუშკინი (ყაზ) 6:4, 2:6, 6:2, 6:4
მარტინი (სლოვაკ)-მუნიოსი (ესპ) 6:2, 6:3, 4:6, 6:4
სოკი (აშშ, 23)-ჰაასე (ჰოლ) 6:3, 7:5, 3:6, 6:7(3), 6:2
ბრაუნი (გერ)-სელა (ისრ) 6:7(5), 6:4, 7:6(5), 4:6, 6:4
რამოსი (ესპ)-სებალიოსი (არგ) 6:3, 4:6, 7:5, 6:0
ტრუნგილეტი (არგ)-ჩილიჩი (ხორ, 10) 7:6(4), 3:6, 6:4, 6:2
სიმონი (საფ, 16)-და სილვა (ბრა) 7:6(5), 6:4, 6:2
პეია (არგ)-შვარცმანი (არგ) 6:2, 3:6, 6:2, 6:3
ლაიოვიჩი (სერ)-კუდლა (აშშ) 6:3, 6:3, 6:3
ტროიცკი (სერ, 22)-დიმიტროვი (ბულ) 2:6, 6:3, 5:7, 7:5, 6:3
შარდი (რუს, 30)-ლ. მაიერი (არგ) 6:4, 3:6, 6:4, 6:2
პავლაშეკი (ჩეხ)-კაბრალიესი (ესპ) 6:2, 4:6, 6:3, 1:6, 6:1
დანიელი (იაპ)-კლიჟანი (სლოვაკ) 3:6, 4:6, 7:5, 6:4, 3:0 უარი
ვავრინკა (შვეიც, 3)-როსოლი (ჩეხ) 4:6, 6:1, 3:6, 6:3, 6:4
ნიშიკორი (იაპ, 5)-ბოლელი (იტა) 6:1, 7:5, 6:3
დოდიგი (ხორ)-იუჟნი (რუს) 6:4, 5:7, 7:6, 2:6, 6:3
ვერდასკო (ესპ)-ჯონსონი (აშშ, 33) 7:5, 6:4, 7:5
ფრატანჯელო (აშშ)-კუერი (აშშ) 6:3, 6:1, 6:7(3), 6:3
გასკე (საფ, 9)-ბელუჩი (ბრა) 6:1, 6:3, 6:4
ედმუნდი (ბრიტ)-ბასილაშვილი (საქ) 7:6(4), 6:7(7), 7:5, 6:1
კარლოვიჩი (ხორ, 27)-მონტანიესი (ესპ) 6:2, 7:6(7), 7:6(5)
ტომპსონი (ავსტრა)-ჯერე (სერ) 6:3, 6:4, 7:5
ბურგი (საფ)-სამპერი (ესპ) 7:5, 7:6(5), 7:6(6)
შტეპანეკი (ჩეხ)-მარეი (ბრიტ, 2) 6:3, 6:3, 0:6, 2:4 შეწყდა
ბენეტო (საფ)-პუიე (საფ, 29) 3:6, 6:4, 4:6 შეწყდა
ისნერი (აშშ, 15)-მილმენი (ავსტრა) 6:7(4), 7:6(12) შეწყდა

ქალები
ბონდარენკო (უკრ)-ვინჩი (იტა, 7) 6:1, 6:3
ბეკი (გერ)-ზანევსკა (უკრ) 6:1, 6:2
ვანდევეგე (აშშ)-ბროუდი (ბრიტ) 6:4, 3:6, 6:3
ბეგუ (რუმ, 25)-მატეკი (აშშ) 5:7, 6:1, 6:3
როჯერსი (აშშ)-კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 17) 3:6, 6:4, 6:3
ვესნინა (რუს)-ბრენგლი (აშშ) 6:2, 6:3
კუზნეცოვა (რუს, 13)-შვედოვა (ყაზ) 4:6, 6:1, 6:4
უოტსონი (ბრიტ)-გიბსი (აშშ) 5:7, 6:2, 6:2
ბუიუქაქჩაი (თურ)-სასნოვიჩი (ბლრ) 5:7, 7:6(2), 6:2
ვიკმაიერი (ბელ)-დულგერუ (რუმ) 6:1, 6:3
ჟორჟი (საფ)-მაკჰეილი (აშშ) 6:7(7), 6:0, 6:3
მუგურუსა (ესპ, 4)-შმიედლოვა (სლოვაკ) 3:6, 6:3, 6:3
ჰალეპი (რუმ, 6)-ჰიბინო (იაპ) 6:2, 6:0
დიასი (ყაზ)-ვიტჰოფტი (გერ) 2:6, 6:4, 6:2
ლუჩიჩი (ხორ)-ჰანტუხოვა (სლოვაკ) 6:1, 6:2
ოსაკა (იაპ)-ოსტაპენკო (ლატ, 32) 6:4, 7:5
პირონკოვა (ბულ)-ერანი (იტა, 16) 6:3, 6:2
ლარსონი (შვედ)-ლინეტი (პოლ) 6:3, 4:6, 7:5
სეპედე როიგი (პარ)-ლისიცკი (გერ) 6:2, 6:2
სტივენსი (აშშ, 19)-გასპარიანი (რუს) 6:4, 6:3
სტრიკოვა (ჩეხ, 30)-ჰრადეცკა (ჩეხ) 6:4, 7:5
ჰერცოგი (სლოვენ)-დომინგეს ლინო (ესპ) 6:4, 7:6(4)
გარსია (საფ)-ცურენკო (უკრ) 6:3, 7:5
ა. რადვანსკა (პოლ, 2)-იოვანოვსკი (სერ) 6:0, 6:2
მაკაროვა (რუს, 27)-ლეპჩენკო (აშშ) 5:7, 6:4, 4:1 შეწყდა
სტოსური (ავსტრა, 21)-დოი (იაპ) 6:2, 1:3 შეწყდა
ს. ჟანგი (ჩინ)-ვოსკობოევა (ყაზ) 5:5 შეწყდა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ