ანა შანიძე ანტალიის 10 000-იან ტურნირში 1/8-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
ანტალიაში,  ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) კვლავ წარმატებით ითამაშა 14 წლის ანა შანიძემ.

გუშინ ერთეულთა ძირითად ბადეში პირველი გამარჯვება იზეიმა - სამ სეტში აჯობა ლიზა-მარი მაეჩკეს (გერმანია) - 6:4, 2:6, 6:4 და მერვედფინალში გავიდა, სადაც დანიელა ვუკოვიჩს გაუწევს მეტოქეობას. ამ უკანასკნელმა გზიდან მე-3 ნომრად განთესილი სილვია ჟირიჩი (ხორვატია) ჩამოიშორა - 6:0, 6:3.

წყვილებში შანიძე ანასტასია გასანოვასთან (რუსეთი) ერთად ნახევარფინალშია. ქართულ-რუსული დუეტის მეტოქე დღეს გამოვლინდება.

გუშინ ასპარეზობის რეიტინგფავორიტებმა - ფატმა ალ ნაბჰანიმ (ომანი) და ები მიიერსმა (ავსტრალია) მელის
ბაირახტაროღლუ (თურქეთი) და ტინა ტეჰრანი (აშშ) დაამარცხეს - 6:1, 6:1. მეოთხედფინალში ისინი სილვია ჟირიჩსა (ხორვატია) და ნატალია ვაიდოვას (სლოვაკეთი) შეხვდებიან. ამ ორ წყვილს შორის გამარჯვებული ნახევარფინალში სწორედ შანიძესა და გასანოვას ტანდემთან გაარკვევს ურთიერთობას.

* * *
სტამბოლის 50.000-იანი ტურნირის მეორე წრეში სოფიო შაფათავა ასპარეზობის რეიტინგფავორიტ სუ-ვეი შიენის (ტაივანი) მძლეველ იზაბელა შინიკოვას (ბულგარეთი) დაუპირისპირდა. პირველი ხელი ჩვენებურმა იოლად მოიგო - 6:2, მეორე და მესამე სეტებში უპირატესობა მეტოქეს გადააბარა და 3:6, 3:6 დამარცხდა.

წყვილებში მეორე ნომრად განთესილ შაფათავას და ანასტასია ვასილიევას (უკრაინა) მეოთხედფინალში ნიგინა აბდურაიმოვა (უზბეკეთი) და ბარბორა სტეფკოვა (ჩეხეთი) გაუწევენ მეტოქეობას.

პირველ წრეში ამ დუეტმა მარტინა კარეგაროს (იტალია) და რეკა-ლუკა იანის (უნგრეთი) დააყრევინა ფარ-ხმალი - 6:3, 6:4.

* * *
ბუხარაში გრძელდება ჩოგბურთელ ვაჟთა 25.000-იანი საერთაშორისო ტურნირი, რომელსაც გუშინ თბილისელი ალექსანდრე მეტრეველი ჩამოშორდა - მეორე ნომრად განთესილმა ჩვენებურმა მასპინძელ ხუმოიუნ სულტონოვთან დათმო პაექრობა 6:3, 1:6, 4:6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული