ნიკოს კირგიოსი - გზა ვარსკვლავობისკენ

AutoSharing Option
ბოლო თვენახევრის განმავლობაში ნიკ კირგიოსი ATP-ის ტურნირის ფინალში გავიდა და როჯერ ფედერერი დაამარცხა. საყოველთაო მოსაზრებით, ავსტრალიელი მალე დიდ ვარსკვლავად უნდა იქცეს...

მოგებები
რა თქმა უნდა, კირგიოსის პოპულარობის მთავარი მიზეზი - კარგი შედეგებია. თანაც ის წარმატებებს იმ მომენტებში აღწევს, როცა მთელი მსოფლიო შესცქერის - "დიდი სლემის" ტურნირებზე.

წელს მელბურნში მან მეორედ გააღწია ამ სერიის ჩემპიონატების მეოთხედფინალში და ეს იმ დროს, როცა ATP-ის ტურნირებზე მხოლოდ ერთი მატჩი ჰქონდა მოგებული. და მთავარია, რომ თავის წარმატებებს ის არა მოსაწყვენ და რუტინულ, არამედ დრამატულ მატჩებში აღწევდა.
მაგალითად, უიმბლდონზე კირგიოსმა 9 (!) მატჩბოლი მოიგერია რიშარ გასკესთან მატჩში და შემდეგ რაფაელ ნადალიც დაამარცხა. ავსტრალიაში კი გმირულად სძლია ანდრეას სეპის, როცა სეტებში 0:2 იყო ჩამორჩენილი. ასეთი მონდომება და ძალისხმევა აუცილებლად დაიმსახურებდა საყოველთაო ყურადღებას.

წელს მან ოდნავ გამოასწორა სიტუაცია ATP-ში. რამდენიმე კვირის წინ, კარიერაში პირველად გავიდა ფინალში, ერთი კვირის თავზე კი როჯერ ფედერერს სძლია მატჩ-თრილერში და ეს იყო მისი მეორე მოგება TOP10-ის მოთამაშეების წინააღმდეგ. სხვათა შორის კირგიოსი მეექვსე მოთამაშეა ისტორიაში, ვინც პირველივე ცდაზე შეძლო ფედერერისა და ნადალის დამარცხება, მაგრამ პირველია, ვინც ეს იმ დროს გააკეთა, როცა შვეიცარიელიც და ესპანელის ტოპ-ათეულში შედიოდნენ.

შედეგებთან ერთად კირგიოსზე დადებითად ლაპარაკობს მისი შრომისმოყვარეობა. მაგალითად, ეშტორილში ის ყოველი მატჩის შემდეგ (ფინალის შემდეგაც კი) სავარჯიშოდ მიდიოდა და ცხელ კვალზე ასწორებდა შეცდომებს. გარდა ამისა, ის სწორად უდგება წაგებებს - ყოველ შემთხვევაში სიტყვებით. როცა შარშან ცინცინატიში ავსტრალიელი ენდი მარეიმ გაანადგურა, ნიკმა განაცხადა - მეტოქემ კლასის ხარჯზე მომიგოო.

ბრწყინავს
ნიკი ჩოგბურთელთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც გულშემატკივრების მხარდაჭერა სჭირდება, მაგრამ ამას უნდა იმსახურებდეს. არავინ უარყოფს, რომ თანამედროვე პროფესიულ ტურში კირგიოსი - ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და კაშკაშა მოთამაშეა. მისი იმიჯი იწყება ვარდისფერი ყურსასმენებით, რომლითაც კორტზე გადის და ვარცხნილობით (მან პირობა დადო, რომ 20 წლის შემდეგ წარბების კორექტირებასა და ვარცხნილობის მხრივ ექსპერიმენტებს შეეშვება) და მთავრდება თამაშით.

სწორად იყენებს პოტენციალს
კირგიოსის ინტერესებს წარმოადგენს ორი კომპანია - IMG და Global Sporting Connections. და მათი არჩევანი სრულიად გამართლებულია. ნიკი არა მხოლოდ თამაშობს და ავითარებს თავის საჩოგბურთო კარიერას, არამედ სიმბოლოებს ქმნის, რასაც განეკუთვნება, მაგალითად, უკვე ნახსენები წარბები.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში ჩაშვებულია კამპანია NK Rising, რომლის რანგში კირგიოსის ყოველ წარმატებას თან ახლავს შესაბამისი ჰეშტეგი (ჰეშტეგი - ეს არის სიტყვა და ფრაზა, რომელსაც წინ უძღვის სიმბოლო #. ამ სიმბოლოს მეშვეობით სიტყვა ან ფრაზა ინტერნეტ-მისამართად გადაიქცევა, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიგოთ ამ ჰეშტეგით მონიშნული ყველა ინფორმაცია).

ასევე ნიკს აქვს თავისი საყვარელი რიცხვი - 74. სწორედ ამ ასაკში გარდაიცვალა მისი ბებია. კირგიოსმა ამ ციფრებით ტატუც კი გაიკეთა. გულშემატკივრები ხანდახან იმ საგნების ფოტოებსაც კი უგზავნიან, რომელზეც "74"-ს შენიშნავენ. ეს ჩოგბურთელთან მიახლოების კიდევ ერთი ხერხია.

მაგრამ ამით სპეციალისტთა მუშაობა არ მთავრდება. მაგალითად, კირგიოსი დღეს ავიაკომპანია Malaysian Airlianes-ის სახეა. გარდა იმისა, რომ კონტრაქტი სარფიანია, ეს დადებითი ფაქტორია იმიჯის მხრივ, რადგან ნიკს მალაიზიური ფესვები აქვს. ამბობენ, რომ ნიკის წარმომადგენლები ძალიან მახვილგონივრულად უდგებიან თანამშრომლობაზე წინადადებებს, მაგრამ ზოგიერთი სპეციალისტი ამტკიცებს, რომ პოტენციურად თავისი კარიერის განმავლობაში ავსტრალიელმა სარეკლამო კონტრაქტების წყალობით, შესაძლოა, 50 მილიონი დოლარი გამოიმუშაოს.

კირგიოსი ჩოგბურთის მიღმაც ზრუნავს საკუთარ პოპულარობაზე, თანაც სხვადასხვა ხერხით. მაგალითად, პირველი შემთხვევა, როცა არასაჩოგბურთო წრეებს ნიკის გაცნობა შეეძლოთ, მისი "კონფლიქტი" აღმოჩნდა რეპერ Drake-თან. კირგიოსმა განაცხადა, რომ მატჩის წინ მის მუსიკას უსმენდა და ამიტომაც ვერ ითამაშა კარგად. და მთელს მსოფლიოში ცნობილმა მუსიკოსმა Drake-მა მას უპასუხა, თანაც საკმაოდ განრისხებულმა. ესეც ერთგვარი აღიარებაა.

ვარსკვლავურ გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯი იყო ფოტოსესია ჟურნალ Vogue-ში, სადაც შემთხვევით არავის იწვევენ. ასე რომ, აღიარება სახეზეა - კირგიოსი ისწრაფვის იქითკენ, რომ გახდეს დიდი ადამიანი არა მხოლოდ ჩოგბურთში, არამედ მთლიანად გართობის სფეროში.

კორტზე ზედმეტად ემოციურია
პრაქტიკულად არც ერთი მატჩი კირგიოსის მონაწილეობით არ სრულდება მსაჯის მხრიდან გაფრთხილებით გინების ან გატეხილი ჩოგნის გამო. ამას წინ, ეს მცირე სკანდალის საბაბიც კი გახდა, როცა მსაჯმა ამჯობინა მესამედ აღარ გაეფრთხილებინა ავსტრალიელი ალბერტ რამოსთან შეხვედრაში. მსაჯის მხრიდან ასეთი ლმობიერება ვარსკვლავობის ნიშნებზე მიგვითითებს.

ძალიან ხშირად ნიკი ნერვიულობას იწყებს, საკუთარ თავს ელაპარაკები და კორტზე ათასგვარ სისულელეს სჩადის, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ეს აღიქმება როგორც გამარჯვების დიდი სურვილი და ჩოგბურთისადმი დიდი სიყვარული. თუმცა ფედერერთან მატჩში ნიკი ისე იქცეოდა, რომ მსაჯმა გაფრთხილება მისცა ხაზის არბიტრის მიმართ სარკაზმის გამო, შემდეგ მოთხოვა, რომ შეეწყვიტა გაუთავებელი პროტესტი. მეორე სეტის ტაი-ბრეიკზე ფედერერმა წამოიძახა - "ჩვენ გვჭირდება ჯამბაზი ამ ცირკში". ბევრს ეგონა, რომ ეს სიტყვები ნიკისკენ იყო მიმართული, მაგრამ როჯერმა ეს მსაჯის მისამართით თქვა.

კირგიოსის საქციელს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ, მაგრამ რთულია უარყო, რომ კარგ და სანახაობრივ თამაშს ის შოუს ელემენტებს უხამებს. ამაში ნიკს ქარიზმა ეხმარება. "კი მაგრამ, სად მიდიხართ?" - ავსტრალიის ღიაზე სეპისთან მატჩის დროს გულშემატკივრებისთვის ნათქვამი ეს ფრაზა ამის კიდევ ერთი დადასტურებაა.

კირგიოსს სწორი დახასიათება მისცა ენდი მარეიმ: "შესაძლოა, ვინმეს კორტზე ასეთი საქციელი აღიზიანებს, მაგრამ არ მგონია, რომ ის ამას შეგნებულად აკეთებდეს. უბრალოდ, უნდა მივცეთ ბიჭს ზრდის საშუალება. მის ასაკში ვის არ დაუშვია შეცდომები?"

კორტის მიღმა დალაგებულია
გასაკვირია, მაგრამ ადამიანი, რომელიც რთულად აკონტროლებს ემოციებს კორტზე, მოედნის მიღმა საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებულია. მაგალითად, მან საღად აღიქვა ბორნა ჩორიჩის სკანდალური ინტერვიუ:

"მას რამდენიმე კარგი შედეგი ჰქონდა და უკვე მიაჩნია, რომ ჯოკოვიჩივით და მარეისავით თამაშობს. ეს ძალიან სახიფათო ფიქრებია, რადგან ეს ბიჭები ჩვენზე გაცილებით ძლიერები არიან - ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. ჩვენ, ახალგაზრდა მოთამაშეებს, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო".

რაც შეეხება სოციალურ ქსელებში ურთიერთობას, კირგიოსი აშკარად მარეის მაგალითს იღებს. და ეს კარგი მაგალითია. ის ქალთა ჩოგბურთის მიმართ დაინტერესებასაც კი გამოთქვამს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ინტერესი მხოლოდ კრისტინა მლადენოვიჩით შემოიფარგლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული