როჯერ ფედერერი: ტრავმით არ უნდა მეთამაშა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ არ უნდა გასულიყო ტრავმით მოედანზე ამა წლის მარტსა და ივლისში.

"დიდი სლემის" ტურნირების 17-გზის ჩემპიონს ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა მარტსა და ივლისში, მაგრამ არ თქვა უარი ინდიან უელსის, ჰამბურგისა და გშტაადის ტურნირებში თამაშზე.

"ახლა, როცა უკან ვიყურები, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა. შეცდომა დავუშვი", - განაცხადა ფედერერმა Tennis.com-თან კომენტარში.

32 წლის შვეიცარიელმა ასევე აღნიშნა, რომ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მზად არის იმისთვის, რომ სეზონის დარჩენილ სამ ტურნირზე ჩაატაროს 15 შესაძლო შეხვედრა. ამ
ტურნირებს ბაზელი, პარიზი და ლონდონი უმასპინძლებს.

კითხვაზე, შეძლებს თუ არა 2011 წლის შედეგის გამეორებას და ამ სამი ტურნირის მოგებას, ფედერერმა უპასუხა, რომ არ იცის, რამდენად მაღალია ამისთვის მისი ამჟამინდელი სათამაშო დონე.

* * *
ამასობაში ATP-მ გამოაქვეყნა განახლებული რეიტინგი, რომლის მიხედვითაც, როჯერ ფედერერმა ერთი საფეხურით მაღლა ასვლა შეძლო. მან ადგილი გაუცვალა ჩეხ ტომაშ ბერდიხს და მეექვსე პოზიციაზე იმყოფება.

ტოპ-ათეულში წინ წაიწია კიდევ ერთმა შვეიცარიელმა სტანისლას ვავრინკამ. მან ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას გაუსწრო და მერვე ჩოგანი გახდა. ლიდერებს შორის სხვა ცვლილება არ მომხდარა.

TOP10
1(1). რაფაელ ნადალი (ესპ) 11 520
2(2). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 11 120
3(3). დავიდ ფერერი (ესპ) 6 800
4(4). ენდი მარეი (ბრიტ) 6 295
5(5). ხ-მ. დელ პოტრო (არგ) 5 365
6(7). როჯერ ფედერერი (შვეიც) 4 245
7(6). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 4 180
8(9). სტანისლას ვავრინკა (შვეიც) 3 240
9(8). ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 3 235
10(10). რიშარ გასკე (საფ) 3 220

პეტროვა ასეულიდან გააგდეს
ორშაბათს ასევე გამოქვეყნდა ქალთა ახალი რეიტინგი. აქაც ტოპ-ათეულში ორი ცვლილება მოხდა. კერძოდ, ჩეხმა პეტრა კვიტოვამ გაუსწრო იტალიელ სარა ერანის და მეექვსე პოზიციაზე აღმოჩნდა, აპენინელმა კი ერთი საფეხურით უკან დაიწია.

ლუქსემბურგის ტურნირის მოგების მიუხედავად, ერთი ადგილით ქვემოთ ჩამოვიდა დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი. ის ახლა მეათე ნომერია, მეცხრეზე კი გადავიდა გერმანელი ანჟელიკ კერბერი.

ახალ რეიტინგში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო - რუსი ნადეჟდა პეტროვას გავარდნა WTA-ს ტოპ-ასეულიდან, რომელშიც ეს ჩოგბურთელი 1999 წლიდან იმყოფებოდა. წინა კვირის დასაწყისში პეტროვა 59-ე ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ 376 სარეიტინგო ქულა დაკარგა და ახლა 105-ე ადგილზე იმყოფება.

TOP10
1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 12 040
2(2). ვიქტორია აზარენკა (ბლრ) 7 676
3(3). მარია შარაპოვა (რუს) 5 891
4(4). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 5 890
5(5). ნა ლი (ჩინ) 5 120
6(7). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 4 370
7(6). სარა ერანი (იტა) 4 190
8(8). ელენა იანკოვიჩი (სერ) 3 860
9(10). ანჟელიკ კერბერი (გერ) 3 715
10(9). კაროლინ ვოზნიაცკი (დან) 3 520

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პირველი ტიტული შარაპოვას წყალობით: მარიას შეყვარებულმა თავი გამოიჩინა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული