2.6 მილიონი ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონებისთვის

AutoSharing Option
ამერიკის ღია პირველობის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს ტურნირის ისტორიაში სარეკორდო თანხის შესახებ, რომელსაც 2013 წლის ჩემპიონატის მონაწილეები მიიღებენ.

"დიდი სლემის" რიგით მეოთხე ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 34.3 მილიონი დოლარი იქნება, ხოლო ბონუსების გათვალისწინებით, ეს თანხა 37 მილიონს მიაღწევს, - იტყობინება აშშ-ის ღია პირველობის ოფიციალური ვებგვერდი.

ქალთა და მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში გამარჯვებულები მიიღებენ 2.6 მილიონ დოლარს (თითოეული), რაც სარეკორდო თანხაა ჩოგბურთის ისტორიაში. ცნობისთვის, შარშანდელმა ჩემპიონებმა - ბრიტანელმა ენდი მარეიმ და ამერიკელმა სერენა უილიამსმა 1.9 მილიონი ევრო მიიღეს.

საპრიზო თანხის დანარჩენი ნაწილი შემდეგნაირად დარიგდება:

ფინალი: 1.3 მლნ დოლარი
1/2 ფინალი: 650 ათასი
1/4 ფინალი: 325 ათასი
1/8 ფინალი: 165 ათასი
III წრე: 93 ათასი
II წრე: 53 ათასი
I წრე: 32 ათასი

საკვალიფიკაციო ტურნირის (20 აგვისტოს დაიწყება) საპრიზო თანხა 1.4 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. ძირითად ბადეში შეჯიბრი 26 აგვისტოს დაიწყება და 9 სექტემბერამდე გასტანს.

ცონგა მონრეალში არ მიდის
ფრანგმა ჟო-ვილფრიდ ცონგამ უარი განაცხადა მონრეალის მასტერსში მონაწილეობაზე, რისი მიზეზიც მუხლის დაზიანებაა. ჩოგბურთელის თქმით, მას აღდგენისთვის დამატებით დრო ესაჭიროება, რათა უკეთ მოემზადოს ამერიკის ღია პირველობისთვის.

"ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩემი მუხლი რეაბილიტაციის კურსს საჭიროებს. სამწუხაროა, რომ არ შემიძლია მონრეალში ჩასვლა. ძალიან მომწონს ეს ტურნირი, ქალაქი და ადგილობრივი გულშემატკივრები", - ამბობს ცონგა.

ფრანგი ჩოგბურთელი 26 ივნისის შემდეგ არ გამოჩენილა კორტზე, როცა მუხლის პრობლემების გამო ვერ დაასრულა უიმბლდონის მეორე წრის მატჩი ლატვიელი ერნესტ გულბისის წინააღმდეგ.

მონრეალის მასტერსი 5-11 აგვისტოს გაიმართება.

* * *
კიდევ ერთი ჩოგბურთელი, რომელიც კანადაში ვერ შეძლებს თამაშს, ATP-ის 62-ე ნომერი, რუსი დმიტრი ტურსუნოვია. თუმცა, ამ შემთხვევაში მიზეზი სხვაა - ჩოგბურთელი ვიზის არქონის გამო ვერ ახერხებს კანადაში ჩასვლას.

"ვერ მოვახერხე კანადური ვიზის დროულად აღება, ამიტომაც, მონრეალში ვერ ვითამაშებ, - დაწერა თავის "ტვიტერზე" ტურსუნოვმა. - რატომ არ არის კანადა აშშ-ის 51-ე შტატი?"

ამჟამად, რუსი ჩოგბურთელი ვაშინგტონის ტურნირში თამაშობს, სადაც მესამე წრემდე გააღწია, როცა ფრანგი ჟილ სიმონი დაამარცხა - 6:4, 6:2.

უკრაინელი ინდური გვარით
უკრაინული ჩოგბურთის ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა მარია კორიტცევამ გვარი შეიცვალა - ახლა, მას მარია ბჰადრა ჰქვია და პროფესიულ ტურში დაბრუნებას არ აპირებს.

"ეს სახელი ჩემმა გურუმ ქალღმერთი კალის საპატივცემულოდ დამარქვა. ეს ქალღმერთი ეგოს დამანგრეველია"
, - განაცხადა კორიტცევამ უკრაინულ პრესასთან კომენტარში.

ბოლოს, მარია ბჰადრა კორტზე გასული წლის მარტში გავიდა. მას კარიერაში მოგებული აქვს წყვილთა თანრიგის ექვსი ტურნირი. უკრაინელმა ჯამში 900 ათასი დოლარი გამოიმუშავა.

"ნახევარი წელი ვიცხოვრე ინდოეთში, კიდევ ორი თვე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ახლა კი უკრაინაში დავბრუნდი. რით ვარ დაკავებული? უბრალოდ, საკუთარი სიამოვნებისთვის ვცხოვრობ", - ამბობს ყოფილი ჩოგბურთელი.

მარიას თქმით, მის სამომავლო გეგმებში ბავშვთა მწვრთნელობა შედის.

"მომწონს, როცა ჩემს გამოცდილებას სხვებს ვუზიარებ, განსაკუთრებით ბავშვებს. ვიმუშავებ იმისთვის, რომ მათ საჩოგბურთო ცხოვრება გაუადვილდეთ და ითამაშონ მსუბუქად და სიამოვნებით", - აღნიშნა კორიტცევამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დიდი ჩოგბურთი ბრუნდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული