უიმბლდონი 2013: ბრიტანული ტრიუმფი 1936 წლის შემდეგ

AutoSharing Option
უამრავი სენსაციის მიუხედავად, უიმბლდონი სავსებით ლოგიკური ფინალით დასრულდა, რომელშიც პირველ და მეორე ნომრად განთესილები შეხვდნენ ერთმანეთს. ტურნირის სტარტიდან სამი დღის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ფინალის ერთადერთი ვარსკვლავური შემადგენლობა სწორედ ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ენდი მარეის დაპირისპირება იქნებოდა. უფრო ადრე მსგავსი სერია ჰქონდათ ნოვაკსა და რაფაელ ნადალს - მათ ზედიზედ ოთხჯერ გაითამაშეს "დიდი სლემი".

არ შეიძლება იმის თქმა, რომ ფინალისტებმა ძალიან იოლად მიაღწიეს გადამწყვეტ მატჩამდე. თითოეულს თითო მძიმე მატჩი ჰქონდა. ენდიმ 0:2-დან გადაარჩინა მეოთხედფინალი ფერნანდო ვერდასკოს წინააღმდეგ, ნოვაკმა კი უმძიმესი ნახევარფინალი გადაიტანა
ხუან-მარტინ დელ პოტროს წინააღმდეგ.

ენდიმ ფინალი ძალიან კარგად დაიწყო. პირველივე გეიმში სერბს სამმაგი ბრეიკ-პოინტის გადარჩენა მოუწია, ერთი გეიმის შემდეგ კი ნოვაკმა წააგო თავისი მოწოდება. ჯოკოვიჩმა მალე გააკეთა საპასუხო ბრეიკი, მაგრამ ჩანდა, რომ ბრიტანელი უფრო სტაბილურად თამაშობდა, თან სერბი პასიური იყო. პირველ პარტიაში ის გაცილებით მეტს ცდებოდა და ჩამორჩებოდა "ვინერსების" რაოდენობით - 6:17.

სტატისტიკის მიხედვით, მარეის დიდი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ქულების აღება დიდი ბრძოლით უწევდა. და მაინც, ჯოკოვიჩს აქტიურობა არ ჰყოფნიდა და თითქმის არ შველოდა საკუთარი მოწოდება. საბოლოოდ, მან დათმო სეტი, რომელიც დაახლოებით საათი გრძელდებოდა.

მეორე სეტში სურათი შეიცვალა. ჯოკოვიჩმა თამაშის გამწვავება დაიწყო და ამან გაამართლა. ნოვაკმა ბრეიკით წაიყვანა ანგარიში - 4:1, თუმცა ძალიან მალე ისევ დათმო საკუთარი მოწოდება. შემდეგ იყო მერვე გეიმი, რომელსაც ბევრი რამის შეცვლა შეეძლო.

პირველ ჩოგანს ორი "დაფარული" სეტბოლი ჰქონდა და ძალიან ახლოს იყო სეტებში ანგარიშის გათანაბრებასთან, მაგრამ ეს შანსი გაუშვა ხელიდან. სეტის ბოლოს ჯოკოვიჩს ჩავარდნა დაეწყო. სერბის რამდენიმე შეცდომამ ის გამოწვია, რომ მარეიმ სეტზე ჩაწოდების უფლება მოიპოვა, რაც ძალიან კარგად გააკეთა.

მესამე სეტის სტარტზე ნოვაკი ისევ ვერ მოვიდა გონს. რაღაც მომენტში ისე ჩანდა, რომ ის ვეღარ შეძლებდა გაბრძოლებას. და მაინც დაბრუნდა თამაშში. სერბმა მოკლე დარტყმებს მოუხშირა, რამაც თავიდან იმუშავა. ნოვაკმა შესანიშნავი სერია ჩაატარა და ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო, რითაც 4:2 დაწინაურდა, მაგრამ ეს მსოფლიოს პირველი ნომრის დროებითი აფეთქება გამოდგა. ისევ დაიწყო ჩავარდნა და მარეიმ ეს მომენტი კარგად გამოიყენა. მას შემდეგ, რაც ენდიმ ბრეიკი გააკეთა მეცხრე გეიმში და მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო, მთელი სტადიონი ექსტაზში მოვიდა.

მაგრამ ჯერ ნაადრევი იყო სიხარული, რადგან ბოლო გეიმი მოსაგები იყო. წინა ორ სეტში ბრიტანელი ბრწყინვალედ მოქმედებდა ბოლო გეიმებში და ამჯერადაც ყველაფერი კარგად დაიწყო - 40:0. ამ მომენტში სერბი ბადესთან გავიდა და გაუმართლა, რითაც მცირე იმპულსი მიიღო. შემდეგ, პირველად მატჩში, მიღებიდან ერთი დარტყმით აიღო ქულა, მესამე მატჩბოლზე კი მარეიმ შეცდომა დაუშვა.

მაყურებელი დადუმდა, როცა ჯოკოვიჩმა ორი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ ბრიტანელმა წარმატებით ითამაშა, შემდეგ მეოთხე მატჩბოლი მიიღო, რომლის რეალიზაციაში მეტოქის შეცდომა დაეხმარა. მატჩის შემდეგ ბრიტანელმა აღიარა, რომ არ ახსოვს, როგორ მოიგო ბოლო გათამაშება.

მარეი გახდა პირველი ბრიტანელი 1936 წლის შემდეგ, ვინც უიმბლდონზე გამარჯვება შეძლო. ამ ტურნირის ბოლო მასპინძელი ტრიუმფატორი იყო ფრედ პერი. ენდისთვის ეს არის "დიდი სლემის" მეორე ტიტული კარიერაში, ფინალი კი მას ხუთჯერ აქვს წაგებული. ჯოკოვიჩის ანალოგიური შეფარდებაა - 6:5.

ფინალი
ენდი მარეი (ბრიტ, 2)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1) 6:4, 7:5, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უიმბლდონი 2013: უცნაურ უიმბლდონს ლოგიკური ფინალი ექნება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული