ირაკლი ჩაჩუა: პრემიალური თანხა ფრენბურთშიც გაჩნდა

AutoSharing Option
ფოტოზე: მარცხნიდან - ვლადიმერ პატკინი, ანდრე მეიერი და ირაკლი ჩაჩუა

საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი შარშან, დეკემბერში გამართული საანგარიშო ყრილობის შემდეგ შეიცვალა. სპორტის ამ ულამაზეს სახეობას სათავეში ვეტერანი ფრენბურთელი ირაკლი ჩაჩუა ჩაუდგა, რომელსაც, იმავდროულად, სამწვრთნელო გამოცდილებაც აქვს.

ის წლების განმავლობაში თურქეთის ქალაქ ბურსასა და საქართველოს ნაკრების ვაჟთა გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო.

შვიდი თვე ძირეული ცვლილებების განსახორციელებლად, ცხადია, საკმარისი არ არის. თუმცა გარკვეული გამოცოცხლება ქართულ ფრენბურთში მაინც შეინიშნება.

ჩატარებულ სამუშაოსა და მომავლის გეგმებზე ირაკლი ჩაჩუა თავად გვიამბობს:

- ვინაიდან 2015 წელს თბილისში
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ტარდება, უწინარესად, სწორედ ამ შეჯიბრებაში ქალთა და ვაჟთა გუნდების მომზადებაზე გადავიტანეთ აქცენტი. იანვარში ქალთა გუნდის მთავარ მწვრთნელად პაატა ულუმბელაშვილი, ხოლო ვაჟთა გუნდში სულხან ახვლედიანი დაინიშნა.

თებერვალში ჩავატარეთ 1997-98 წლებში დაბადებულთა საქართველოს ჩემპიონატი, სადაც მწვრთნელებს საშუალება მიეცათ, ნაკრების კანდიდატები შეერჩიათ. ტურნირში, თბილისის გარდა, რეგიონების შვიდი გუნდი ასპარეზობდა. ამასთან ერთად, დავიარეთ თბილისის საჯარო სკოლები და 20-20 გოგონა და ვაჟი შევარჩიეთ. მათ ცალკე პროგრამით ერთი თვის განმავლობაში ვავარჯიშებდით. საბოლოოდ კი, ოთხი გოგონა და სამი ვაჟი ავარჩიეთ.

- მას შემდეგ უკვე ნახევარი წელიწადი გავიდა. თუ მოახერხეს ამ გუნდებმა რაიმე ტურნირზე ასპარეზობა, რათა დაგენახათ, რამდენად სწორადაა აღებული განვითარების კურსი?
- ორივე გუნდმა, როგორც გოგონებმა, ისე ვაჟებმა, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ მსოფლიოს სპორტის ფესტივალზე იასპარეზეს. გოგონები მეორე ადგილზე გავიდნენ. მათ საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგეებს, საფრანგეთისა და ჰოლანდიის გუნდებს სძლიეს. ფინალში კი ავსტრიის აუსბადენის გუნდთან დამარცხდნენ. ვაჟებმა თავისზე ერთი წლით უფროსების წინააღმდეგ ითამაშეს და მესამე ადგილისთვის მატჩში ყაზახეთის ნაკრებთან დამარცხდნენ. საკმაოდ კარგი ტურნირი იყო. ძლიერმა გუნდებმა იასპარეზეს და დავინახეთ, რაზე გვაქვს კიდევ სამუშაო.

- რაიმე ცვლილებები ხომ არ იგეგმება საქართველოს ჩემპიონატის გამართვის სისტემაში?
- წლევანდელ ჩემპიონატში ქალთა და ვაჟთა ექვს-ექვსი გუნდი ასპარეზობდა. პირველად მოხდა, რომ საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს პრემიალური თანხა ერგოთ. ჩემპიონს ხუთი ათასი ლარი გადავეცით, მეორეადგილოსანს - ოთხი ათასი, მესამეს კი - სამი ათასი ლარი.

ამასთან ერთად, ჩატარდა პირველი ლიგის გათამაშება ვაჟთა შორის, სადაც ათი გუნდი ასპარეზობდა. ახლახან მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა რვამდე გავზარდოთ. ამიტომ აქ ხელმოცარულებს პირველ ლიგაში დაქვეითება აღარ მოუწევთ. უმაღლესში თამაშის უფლება კი საჩხერისა და რუსთავის გუნდებმა მოიპოვეს.

- რეგიონები ახსენეთ. რა მდგომარეობაა აქ ფრენბურთის განვითარების მხრივ?
- რეგიონში ნელ-ნელა საქმე დაიძრა. გუნდი გაჩნდა თეთრიწყაროში, საჩხერეში, წყალტუბოში, მცხეთაში. ბათუმში ფრენბურთი საკმაოდ პოპულარულია. სპორტის ამ სახეობის განვითარების სურვილი ხულოს რაიონმაც გამოთქვა. ქუთაისში მოთამაშეთა ასაკი ჯერ არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ საქართველოს ჩემპიონატში იასპარეზონ. ტრადიციულად კარგი გუნდები ჰყავთ დიდ ჯიხაიშს, დუშეთსა და ბოლნისს. მათ კვალში რუსთავიც ჩაუდგა, რომელიც ძლიერი სპორტული ქალაქია.

- რა მდგომარეობაშია საფრენბურთო ინფრასტრუქტურა? თუ არსებობს ბაზები, ურომლისოდაც სპორტის ამ სახეობის განვითარება შეუძლებელია...
- თბილისში ვაჟა კაჭარავას სახელობის ოლიმპიური მზადების საფრენბურთო ცენტრში ყველა პირობაა შექმნილი საიმისოდ, რომ ნებისმიერი რანგის გუნდმა საწვრთნელი შეკრება გაიაროს. ასეთივე ბაზაა ყვარელშიც, თუმცა იქ იატაკის სისქე არასაკმარისია და ამიტომ ოდნავ პრობლემურია. სხვა სპეციალიზებული ბაზა არ არსებობს. საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდები თავიანთ დარბაზებში ვარჯიშობენ. ჩემპიონატის მატჩები კი ორ ტურად ჩავატარეთ თბილისსა და ოზურგეთში.

- ეროვნული ნაკრებების გეგმებზე რას გვეტყვით?
- შემოდგომაზე განაცხადი უნდა შევიტანოთ, რათა გაისად 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ვიასპარეზოთ. ვაჟთა 21-წლამდელთა ნაკრები 15-24 აგვისტოს უნგრეთის ქალაქ დებერცენში საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება. საფესტივალო ასაკის გოგონათა და ვაჟთა გუნდები კი 18-25 აგვისტოს ბულგარეთში გასამართ ტურნირზე გაემგზავრებიან.

- ცხადია, საშინაო მეურნეობის გამართვა ფრენბურთის განვითარებისთვის აუცილებელია. თუმცა ამის მიღწევა საერთაშორისო დახმარებისა თუ კონტაქტების გარეშე ძალიან გაჭირდება...
- პირველი ვიზიტით თურქეთში ვიყავი. ამ ქვეყნის ფედერაციის პრეზიდენტმა ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე დამპატიჟა და იქ ბევრ რამეზე შევთანხმდით. ახლა დახმარების პროგრამის შემუშავება იწყება, რაც მწვრთნელებისა და მსაჯების სემინარების გამართვას, ამხანაგური მატჩების ორგანიზებას ითვალისწინებს.

იქვე ვესაუბრეთ აზერბაიჯანის ფრენბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს. მათთანაც საქმიანი ურთიერთობა დავამყარეთ. ამას წინათ აზერბაიჯანის საფესტივალო ქალთა და ვაჟთა გუნდები გვსტუმრობდნენ. მალე ჩვენც ვეწვევით საპასუხო ვიზიტით.

2-5 მაისს ლუქსემბურგში, ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის 40 წლისთავზე მიგვიწვიეს. იქვე გადაწყდა აღმოსავლეთ ევროპის ფრენბურთის ზონალურ ასოციაციაში ჩვენი ფედერაციის გაწევრიანების საკითხი. ამ ორგანიზაციაში შედიან ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, ბელორუსი, რუსეთი, პოლონეთი და აზერბაიჯანი. წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი კი ლვოვში გამართულ აღმოსავლეთ ევროპის ფრენბურთის ზონალური ასოციაციის ასამბლეაზე გადმოგვცეს. იქვე გადაწყდა, რომ მომავალ წელს ასამბლეა თბილისში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს რეგიონში ფრენბურთის განვითარების კოორდინატორი რუსეთის ფედერაციაა. მათ უნდა მოავლინონ საქართველოში სპეციალისტები, ჩაატარონ სემინარები. ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ კონკრეტული პროგრამის შესაქმნელად.

- საქართველოს სახელით დიდი ხნის განმავლობაში ორი ბრაზილიური წყვილი გამოდიოდა პლაჟის ფრენბურთში. მათ ჩვენი ქვეყნის ღირსება 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზეც დაიცვეს. რატომ აღარ ჩანან ისინი საერთაშორისო ასპარეზზე?
- შარშანდელი სეზონი ორივე წყვილმა ტრავმიანმა ითამაშა. მათთან ურთიერთობა გავწყვიტეთ და პლაჟის ფრენბურთის განვითარების ალტერნატიული გეგმა შევიმუშავეთ. გადავწყვიტეთ, დავიწყოთ ახალგაზრდების მომზადება, მოვაწყოთ რაც შეიძლება ბევრი ტურნირი, მოვიწვიოთ სპეციალისტები. საჭიროა მეტი პოპულარიზაცია.

პლაჟის ფრენბურთში საქართველოში ოთხი ტურნირია, სადაც სარეიტინგო ქულების დარიცხვა ხდება. ესენია: "ქართველას თასი", რომელიც თბილისში ახლახან დასრულდა, ბათუმის საერთაშორისო ტურნირი და საქართველოს ჩემპიონატი ქალთა და ვაჟთა შორის. ვფიქრობთ, რომ სწორ გზას ვადგავართ და უკეთესი ფინანსური პირობების შემთხვევაში პროგრესი აუცილებლად გვექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული