იმედიანი "მერსედესი"

AutoSharing Option
"რედ ბულის" შემდეგ ჟურნალისტების წინაშე ახალი მანქანა წარმოადგინა "მერსედესმა". ბოლიდის ინდექსია - W05. გერმანელები ამ მანქანით 1955 წლის შემდეგ პირველი ტიტულის მოპოვებას აპირებენ.

გასულ პარასკევს, "მერსედესის" პილოტს, ნიკო როსბერგს საშუალება ჰქონდა, ახალი მანქანით 40 კილომეტრი გაევლო სილვერსტოუნის ტრასაზე, 28 იანვარს კი ტესტებზე ლუის ჰემილტონი მუშაობდა.

ამ შემთხვევაშიც უნდა აღვნიშნოთ მანქანის "ცხვირის" დიზაინი, რომელიც, გარკვეულწილად, "ფერარის" ახალი ბოლიდის ვარიანტს მოგვაგონებს, რადგან ორივე გუნდი "ნისკარტისებურ ცხვირს" გამოიყენებს.

როს ბრაუნის წასვლის შემდეგ ახალი მანქანის შექმნის პროცესს ხელმძღვანელობდა პედი ლოუ, რომელიც კმაყოფილი დარჩა გაწეული
სამუშაოთი და ახალი ძრავების სიმძლავრით.

"ჩვენი გუნდი ამაყობს გაწეული სამუშაოთი, მაგრამ არავის აქვს ილუზია იმაზე, რომ უკვე ყველაფერი გაკეთებულია. ჩემპიონატის პირველ სტარტამდე ძალიან რთული ექვსი კვირა გველოდება"
, - განაცხადა ლოუმ.

სეზონი ავარიით დაიწყო
უკან დარჩა რამდენიმეთვიანი დაძაბული მუშაობა ახალი მანქანების შესაქმნელად. 2014 წლისთვის ტექნიკური რეგლამენტი სერიოზულად შეიცვალა, კონსტრუქტორებმა პროექტის სუფთა ფურცლიდან დაწყების შანსი მიიღეს და 28 იანვარს ესპანეთის ხერესში პირველ ტესტებზე გავიდნენ.

ორი გუნდი არ მონაწილეობს ესპანურ ტესტებში: "ლოტუსმა" დიდი ხნით ადრე თქვა ამაზე უარი - გუნდი ბაჰრეინში გასამართი ორი სატესტო სერიისთვის ემზადება, რომელიც თებერვალში შედგება; "მარუსია" კი ტექნიკურ პრობლემებს წააწყდა და ბოლიდი ბაზაზე შეაჩერა, თუმცა დღეს რუსულ საჯინიბოს ტრასაზე ვიხილავთ.

სხვა გუნდებისთვის კი გუშინდელი პროგრამა სტანდარტული იყო - საბაზო შემოწმებები და დარწმუნება იმაში, რომ მრავალრიცხოვანი სისტემა სწორ რეჟიმში ფუნქციონირებს. პირველმა ბოქსები ლუის ჰემილტონმა დატოვა - "მერსედესმა" გასულ კვირას რამდენიმე წრე გაიარა სილვერსტოუნში. ამიტომაც ხერესში თავიდანვე შეუდგა მუშაობას.

მაგრამ ბრიტანელი დიდი ხანი არ დარჩენილა ტრასაზე - სწორ მონაკვეთზე W05-ს წინა ანტიფრთის სამაგრი მოსძვრა, მანქანამ მართვა დაკარგა, ტრასიდან გადავარდა და დამცავ ბარიერს შეეჯახა. ამით ლუის ჰემილტონის მუშაობა დასრულებული იყო - სათადარიგო ანტიფრთასა და სხვა დეტალებს გუნდი დღეს მიიღებს, როცა "მერსედესის" საჭეს ნიკო როსბერგი მიუჯდება.

ამის შემდეგ წითელი დროშები ტრასაზე მაშინ ააფრიალეს, როცა სწორ მონაკვეთზე კიმი რაიკონენის "ფერარი" გაჩერდა. გუნდები ფრთხილად მოქმედებდნენ - ნებისმიერ მცირე პრობლემაზე მოუწოდებდნენ პილოტებს, ჩაექროთ ძრავა, რათა გარკვეულიყვნენ მიზეზებში და თავიდან აეცილებინათ უფრო დიდი პრობლემები.

საერთო ჯამში, ვერც ერთმა გუნდმა ვერ აიცილა პრობლემა, მაგრამ ასეთი ტესტების მიზანიც სწორედ ეს არის - სირთულეებში გარკვევა სეზონის სტარტამდე და ეს სამუშაო მხოლოდ ახლა იწყება. ზოგიერთმა მანქანამ ბოქსები მხოლოდ საღამოს დატოვა, როცა ინჟინრებმა მზადება დაასრულეს, "მაკლარენი" კი საერთოდ არ გვინახავს საქმეში.

ყველაზე გრძელი დისტანცია კიმი რაიკონენმა გაიარა და სწორედ ის ჩაუდგა სათავეში 28 იანვრის ოქმს.

1. რაიკონენი (Ferrari) 1:27.104 (31 წრე)
2. ჰემილტონი (Mercedes) +0.716 (18)
3. ვერნი (Toro Rosso) +9.426 (15)
4. პერესი (Force India) +11.330 (7)
5. გუტიერესი (Sauber) +15.153 (4)
6. ბოტასი (Williams) დროის გარეშე (2)
7. ერიქსონი (Caterham) დროის გარეშე (1)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული