სოჭი 2014: თხილამურებით რბოლა - ბიორგენი: ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი

AutoSharing Option
30-კილომეტრიანი მას-სტარტის შემდეგ მარიტ ბიორგენი ზამთრის თამაშების ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ქალი ოლიმპიელი გახდა. მან მეექვსე ოქრო მოიგო კარიერაში, მედლების საერთო რიცხვი კი ათამდე აიყვანა. აქამდე ლიდერი იყო რუსი მოთხილამურე ლიუბოვ ეგოროვა, რომელსაც ექვსი ოქრო და სამი ვერცხლი ჰქონდა. ზამთრის ოლიმპიადებზე ასევე 10 მედალი მოუგიათ საბჭოთა მოთხილამურეს - რაისა სმეტანინასა და იტალიელ სტეფანია ბელმონდოს, მაგრამ მათ ნაკლები ოქრო აქვთ აღებული. საბჭოთა მოციგურავემ ლიდია სკობლიკოვამ ექვსი ოქრო მოიგო, მაგრამ მედლები აქვს ნაკლები.

ბიორგენმა ამ შედეგს თანამემამულეებთან ორთაბრძოლაში მიაღწია. დისტანციაზე მას კონკურენცია ტერეზა
იოჰაუგმა და კრისტინ სტეირამ გაუწიეს. სტეირა უფრო ადრე დანებდა, იოჰაუგმა კი ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ საფინიშო სპრინტი არ გამოუვიდა.

რა თქმა უნდა, საინტერესოა, აპირებს თუ არა 33 წლის ბიორგენი 2018 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლას და მედლების კოლექციის შევსებას. ნორვეგიელმა ამაზე უპასუხა, რომ გაისად მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვა და ამის შემდეგ გადაწყვეტს, გააგრძელოს თუ არა კარიერა 2018 წლამდე.

რაც შეეხება მას-სტარტის მსვლელობას, სადღაც 10-კილომეტრიან ნიშნულზე გამოიკვეთა სამი ნორვეგიელის უპირატესობა და მათ ბოლოსკენ გაარკვიეს ურთიერთობა. რაც შეეხებათ სხვა ფავორიტებს, ქალთა ესტაფეტის გმირს, შვედ შარლოტა კალას მეათე კილომეტრზე გამოეცალა ძალა და საბოლოოდ, ხუთწუთიანი ჩამორჩენით 34-ე ადგილზე გავიდა, ხოლო პოლონელმა იუსტინა კოვალჩიკმა ნახევარი დისტანცია გაიარა და შემდეგ რბოლას ჩამოშორდა.

ყველაზე ტიტულოვანები
12 სპორტსმენი, რომელმაც ზამთრის თამაშებზე მინიმუმ 5 ოქრო მოიპოვა.

სოჭის ოლიმპიადის შემდეგ ზამთრის ოლიმპიადების ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენების სიაში ცვლილებები მოხდა. მატებაა იმ ჩამონათვალში, რომელშიც მინიმუმ ხუთი ოლიმპიური ოქროს მფლობელები შედიან. ამ სიას ორი სპორტსმენი შეემატა: ვიქტორ ანი და მარიტ ბიორგენი.

ჩამონათვალს ერთპიროვნული ლიდერი ეყოლებოდა, ბოლოსწინა დღეს მამაკაცთა ესტაფეტა ნორვეგიას რომ მოეგო, მაგრამ ოლე-ეინარ ბიორდალენმა ეს შანსი ხელიდან გაუშვა და იძულებულია, ისე დაასრულოს კარიერა, რომ ყველაზე ტიტულოვანის სტატუსი თანამემამულე ბიორნ დელისთან გაიყოს. სამაგიეროდ, ოლეს დელიზე მეტი მედალი (13 12-ის წინააღმდეგ) დაუგროვდა და ამით ის ყველას ასწრებს.

8 - ოლე ეინარ ბიორნდალენი (ნორვეგია, ბიატლონი)
1998 (10 კმ), 2002 (10 კმ, 12,5 კმ, 20 კმ, 4x7,5 კმ), 2010 (4x7,5 კმ), 2014 (10 კმ, შერეული ესტაფეტა)

8 - ბიორნ დელი (ნორვეგია, თხილამურებით რბოლა)
1992 (სკიატლონი, 4x10 კმ, 50 კმ), 1994 (10 კმ, სკიატლონი), 1998 (10 კმ, 4x10 კს, 50 კმ)

6 - ვიქტორ ანი (კორეა/რუსეთი, შორტ-ტრეკი)
2006 (1000 მ, 1500 მ, ესტაფეტა 5000 მ), 2014 (500 მ, 1000 მ, ესტაფეტა 5000 მ)

6 - ლიუბოვ ეგოროვა (რუსეთი, თხილამურებით რბოლა)
1992 (10 კმ, 15 კმ, 4x5 კმ), 1994 (5 კმ, 10 კმ, 4x5 კმ)

6 - ლიდია სკობლიკოვა (სსრკ, ციგურებით სირბილი)
1960 (1500 მ, 3000 მ), 1964 (500 მ, 1000 მ, 1500 მ, 3000 მ)

6 - მარიტ ბიორგენი (ნორვეგია, თხილამურებით რბოლა)
2010 (ინდივიდუალური სპრინტი, სკიატლონი, 4x5 კმ), 2014 (15 კმ, გუნდური სპრინტი, 30 კმ)

5 - ტომას ალსგაარდი (ნორვეგია, თხილამურებით რბოლა)
1994 (30 კმ), 1998 (სკიატლონი, 4x10 კმ), 2002 (სკიატლონი, 4x10 კმ)

5 - ბონი ბლეირი (აშშ, ციგურებით სირბილი)
1988 (500 მ), 1992 (500 მ, 1000 მ), 1994 (500 მ, 1000 მ)

5 - ლარისა ლაზუტინა (რუსეთი, თხილამურებით რბოლა)
1992 (4x5 კმ), 1994 (4x5 კმ), 1998 (5 კმ, სკიატლონი, 4x5 კმ)

5 - კლაუდია პეხშტაინი (გერმანია, ციგურებით სირბილი)
1994 (5000 მ), 1998 (5000 მ), 2002 (3000 მ, 5000 მ), 2006 (გამოდევნება)

5 - კლას ტუნბერგი (ფინეთი, ციგურებით სირბილი)
1924 (1500 მ, 5000 მ, მრავალჭიდი), 1928 (500 მ, 1500 მ)

5 - ერიკ ჰაიდენი (აშშ, ციგურებით სირბილი)
1980 (500 მ, 1000 მ, 1500 მ, 5000 მ, 10 000 მ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული