ზე რაგბის ფინალი: ჩიფსი VS ბრამბიზი

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშების ნახევარფინალური შეხვედრები, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბულ, საინტერესო ბრძოლაში წარიმართა.

შეხვედრათა ანგარიშებიდანაც კარგად ჩანს, რომ ბრძოლა ბოლომდე, მატჩის უკანასკნელ წამებამდე გრძელდებოდა. თუმცა ფორტუნამ იმ დღეს ზე რაგბის მოქმედ ჩემპიონს, ჰემილთონის "ჩიფსს" და კანბერას "ბრამბიზს" გაუღიმა.

პრეტორიაში სამხრეთ აფრიკის კონფერენციის გამარჯვებულმა "ბლუ ბულზმა" ავსტრალიურ კანბერას "ბრამბიზთან" 23:26 წააგო.

"ლურჯმა" ხარებმა პირველი ტაიმი შედარებით სუსტად ჩაატარეს და 11:16 დამარცხდნენ. ბრამბიზელებმა, რომელსაც სამხრეთაფრიკელი კრის ვაითი თავკაცობს, თამაში თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და მე-15 წუთამდე 10:0 იგებდნენ.

ძნელად თუ ვინმე დაიჯერებდა, რომ პირწმინდად
წაგებული სტარტის შემდეგ, მასპინძლები თამაშის შემობრუნებას შეძლებდნენ. თუმცა მე-15 წუთზე პრეტორიელთა შუამარბის იაკობუს ენგელბერხტის ლელომ "ბლუ ბულზის" ქომაგებს იმედი ჩაუსახა.

შესვენების შემდეგ "ბლუ ბულზმა" თამაშის დალაგება შეძლო და მგეზავ მორნი სტეინის ფეხჩუბინობის წყალობით 59-ე წუთისთვის ანგარიშში ერთი ქულით დაწინაურდა - 20:19. ამ დროიდან მოყოლებული მასპინძლები სრულ სათამაშო უპირატესობას დაეუფლნენ, მატჩის მოგებაც რეალურად შეეძლოთ, მაგრამ...

პრეტორიელთა კაპიტანმა დიუვალ პოთხიტერმა კარში დასარტყმელი სამი საჯარიმოდან, მორნის სტეინს ბურთი აუტში გადაატანინა. "ლურჯმა ხარებმა" პირველ შემთხვევაში დერეფანი კი მოიგეს, მაგრამ მოლის შეკვრის შემდეგ, მეტოქის ადგილიდან დაძვრა ვერ შეძლეს. დანარჩენ ორ შემთხვევაში კი, დერეფანში უხეიროდ გაისარჯნენ.

ამ მოვლენებმა სტადიონზე დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია. მაყურებელი ჯიუტად ითხოვდა საჯარიმოს კარში დარტყმას, მაგრამ პოთხიტერი თავისას არ იშლიდა. "ბლუ ბულზმა" კიდევ ერთხელ, მეოთხედ მიიღო საჯარიმოს დატყმის უფლება.

ტელეეკრანზე გამოჩნდა, რომ გუნდის მწვრთნელმა ფრანს ლუდეკმა მკაცრად მოითხოვა კარში დაერტყათ. სტეინი ასეც მოიქცა და თავისი გუნდი ოთხი ქულის სხვაობით დააწინაურა - 23:19. თამაშის დასრულებამდე ხუთი წუთი იყო დარჩენილი.

კანბერელებმა ბოლო იერიში წამოიწყეს. მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ მეტოქის დაცვის ხაზი გაწელეს და მარცხენა ფრთაზე მიღწეული რიცხობრივი უპირატესობა კარგად გამოიყენეს.

78-ე წუთზე ლელო "ბრამბიზის" შუამარბმა ტევიტა კურიდრანიმ გაიტანა, მისმა მეწყვილემ კრისტიან ლეალიიფანომ გარდასახვა ზუსტად დაარტყა და თავისიანები სამი ქულით დააწინაურა - 26:23. მასპინძლებს დრო აღარ ეყოთ, მატჩის გადასარჩენად რამე ეღონათ.

ბლუ ბულზი-ბრამბიზი 23:26
ბლუ ბულზი (15-9) კირხნერი, ნდუნგანე (ვერმაკი 57), ენგელბერხტი, სერფონტეინი, ბესონი, სტეინი, ჰუგარი. (1-8) გრეილინგი (მალეტი 46), რელეპელე (ვისაჟი 67), კრუხერი (კირსტენი 67), ფან დერ მერვე, ჰეტინგი (ვილიამსი 79), სტიგმანი, ი. პოთხითერი, დ. პოთხითერი (როსი 67).
ლ: ენგელბეხტი. 6ს: სტეინი.
ბრამბიზი (15-9) მოგი, სპეიგთი, კურიდრანი, ლეალიიფანო, რათბონე (ტომანე 52), ტოომუა, ვაითი. (1-9) სიო, მური, ალექსანდერი (ჰ. სმითი 69), ფერდაი, ს. კარტერი (აუელუა 60), კიმლინი, ჯ. სმითი, მუვენი.
2ლ: კურიდრანი, მოგი. 2გ,4ს: ლეალიიფანო
მსაჯი: კრეიგ იუბერი (სამხრეთ აფრიკა)

კანბერას "ბრამბიზის" მეტოქე ფინალში ზე რაგბის შარშანდელი გამარჯვებული ჰემილთონის "ჩიფსი" იქნება, რომელმაც შინ ამ ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზი" დაამაცხა მინიმალური სხვაობით - 20:19.

არადა, მატჩის პირველი ნახევარი "ჯვაროსნების" უპირატესობით წარიმართა. მგეზავი დენ კარტერის სამ საჯარიმოს, ახალი ზელანდიის ნაკრებში მისმა დუბლიორმა აარონ კრადენმა მხოლოდ ერთით უპასუხა და სტუმრები შესვენებაზე ექვსქულიანი უპირატესობით წავიდნენ - 9:3.

მეორე ნახევარში, სულ რაღაც 11-წუთიან მონაკვეთში მასპინძლებმა იმდენი მოახერხეს, რომ მატჩის მოსაგებად (როგორც მოგვიანებით გაირკვა) საჭირო ქულები დააგროვეს. 46-ე წუთზე კრადენმა კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანა - 6:9.

ექვს წუთში ჰემილთონელთა ეფექტური შეტევა გარემარბმა ლელია მასაგამ დაასრულა. ლელო, ცხადია კრადენმა გარდასახა, რომელმაც ხუთ წუთში კიდევ შვიდი ქულა შემატა თავისი გუნდის მონაგარს - 20:9. სულ კი, აარონ კრადენმა 15 ქულა მიითვალა.

დასკვნით 20 წუთში "ჯვაროსნებმა" ყველაფერი იღონეს მატჩის გადასარჩენად. მალე ქრაისთჩერჩელთა ფულბეკმა იზრაელ დაგმა ლელო გაიტანა, რომელიც კარტერმა გარდასახა და ანგარიშში სხვაობა ოთხ ქულამდე შემცირდა - 16:20.

თამაშის დასრულებამდე დრო საკმარისად რჩებოდა, რათა "კრუსეიდერზს" შეხვედრის მოგება და ფინალში გასვლა მოეხერხებინა, თუმცა მასპინძლებმა დაცვაში ისე კაგად ითამაშეს, რომ მეტოქეს მხოლოდ ერთხელ მისცეს საჯარიმოს გატანის საშუალება - 19:20.

ამრიგად, ფინალში, რომელიც 3 აგვისტოს ჰემილთონში გაიმართება, "ჩიფსი" "ბრამბიზთან" დაპირისპირებაში ტიტულის შენარჩუნებას შეეცდება.

ჩიფსი-კრუსეიდერზი 20:19
ჩიფსი (15-9) ანსკომბი, მასაგა (რობინსონი 62), ნგატაი, ჰორელი (აკი 48), ტიკოიროტუმა, კრადენი, კერი-ბარლოუ (პულუ 68). (1-8) სმითი, ელიოტი (რ. მარშალი 72), ტამეუფუნა (აფეკი 41), კლარკი, 5. ბროდი რეტალეკი, მესამი, ლატიმერი, ვანტ ლევენი.
2ლ: მასაგა, კრადენი. 2გ: კრადენი. 2ს: კრადენი.
კრუსეიდერზი (15-9) დაგი, მარშალი, კროტი, ტეილორი (ა ვაითლოქი 56), გილფორდი, კარტერი, ელისი (ჰეინცი 63). (1-8) კროკეტი (მუდი 59), ფლინი (ფუნელი 56), ფრენქსი, რომანო (ლ ვაითლოქი 65), ს. ვაითლოქი, ჯ. ვაითლოქი, ტოდდი (მაქოა 68), რიდი.
ლ: დაგი. 4ს,გ: კარტერი.
მსაჯი: სტივ ველში (ავსტრალია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული