"ბლუ ბულზი" და "ჩიფსი" ზე რაგბის ნახევარფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
ზე რაგბის რეგულარული გათამაშება დასრულდა. პლეი ოფის ნახევარფინალში პირდაპირ ორი გუნდი გავიდა.

ესენია: სამხრეთ აფრიკის კონფერენციის გამარჯვებული პრეტორიის "ბლუ ბულზი" და ახალი ზელანდიის კონფერენციის პირველადგილოსანი, ტურნირის შარშანდელი ტრიუმფატორი ჰემილთონის "ჩიფსი".

ავსტრალია
ავსტრალიის კონფერენციაში პირველ ადგილზე გასული კანბერას "ბრამბიზი" ნახევარფინალის შესარჩევ მატჩში ითამაშებს.

კანბერელებმა 60 ქულა დააგროვეს და "ჩიფსს" ექვსი ქულით ჩამორჩნენ, "ლურჯ ხარებს" კი - სამით.

არადა, "ბრამბიზს" შესანიშნავი შანსი ჰქონდა, მდგომარეობა არ გაერთულებინა. ბოლო ტურში "გაუხედნავმა ცხენებმა" სტუმრად ითამაშეს აუტსაიდერ პერთის "ფორსთან" და 15:21 დამარცხდნენ.

არადა, გამარჯვების შემთხვევაში, პრეტორიელების
ადგილს დაიკავებდნენ ნახევარფინალში.

ძნელი სათქმელია, რით იყო გამოწვეული, მაგრამ კანბერელებმა, ფაქტობრივად, პირველ 45 წუთში წააგეს თამაში. ამ დროისთვის მასპინძლები 21:3-ს იგებდნენ. სტუმრები მერეღა გამოცოცხლდნენ, მაგრამ გვიანი იყო.

"ბრამბიზის" მეტოქე ნახევარფინალის შესარჩევ მატჩში სამხრეთ აფრიკის კონფერენციის მეორეადგილოსანი ბლუმფონტეინის "ჩიტაზი" იქნება. ამ წყვილში გამარჯვებული ნახევარფინალში "ჩიფსს" დაუპირისპირდება.

ავსტრალიის კონფერენციაში მეორე ადგილი დაიკავა ბრისბენის "რედსმა", რომელმაც ბოლო ტურში სტუმრად დაამარცხა სიდნეის "ვორათაზი" - 14:12. ეს ანგარიში მატჩის 55-ე წუთზე დაფიქსირდა და თამაშის დასრულებამდე აღარ შეცვლილა.

"წითლების" მეტოქე პლეი ოფში გაცილებით სერიოზული გუნდია. ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზმა" ახალი ზელანდიის კონფერენციაში მეორე ადგილი დაიკავა და ახლა ბრისბენელებთან მოუწევს პაექრობა.

საკმაოდ საინტერესო გამოდგა უმოტივაციოდ დარჩენლი გუნდების, "მელბურნ რებლზისა" და დანიდინის "ჰაილენდერზის" დაპირისპირება, რომელიც მელბურნელებმა მინიმალური სხვაობით მოიგეს - 38:37. მატჩში გუნდებმა ათი ლელო გაიტანეს, აქედან ორ-ორი "მელბურნ რებლზის" მორაგბეების - ბრაის ჰეგარტის, ვუნა კუპერისა და ტომ ინგლიშის ანგარიშზეა.

XX ტური
მელბურნ რებლზი-ჰაილენდერზი 38:37, ვორათაზი-რედსი 12:14, ფორსი-ბრამბიზი 21:15.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბრამბიზი - 60 ქულა, 2. რედსი - 58, 3. ვორათაზი - 45, 4. რებლზი - 37, 5. ფორსი - 31.

ახალი ზელანდია
ახალი ზელანდიის კონფერენცია, როგორც უკვე ვთქვით, "ჩიფსმა" მოიგო. ბოლო ტურში წაგების შემთხვევაში ჰემილთონელებს პირველი ადგილის დაკარგვის საფრთხე ემუქრებოდათ, თუმცა სტუმრად, მესამეადგილოსან ოქლენდის "ბლუზთან" შესანიშნავად ითამაშეს და 26:16 მოიგეს.

ისიც აღსანიშნავია, რომ მასპინძლები 22-ე წუთიდან მოყოლებული, კაცნაკლულნი თამაშობდნენ, რადგან მატჩის არბიტრმა ოქლენდელთა მესამეხაზელ კენ ბარეტს წითელი ბარათი უჩვენა. "ჩიფსმა" მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანა, აქედან ორი პირველხაზელმა ბენ ტამეიფუნამ მიითვალა.

"კრუსეიდერზმა" კი, რომელმაც წლეულს წარუმატებელი სტარტის შემდეგ მდგომარეობა რეგულარული გათამაშების მიწურულს გამოასწორა, შინ მოუგო ველინგთონის "ჰარიკენზს" - 25:17. ფორმას იბრუნებს "ჯვაროსნების" მგეზავი დენ კარტერი. პლეი ოფში კი, გამორიცხული არ არის, ქრაისთჩერჩელთა რიგებში გუნდის კაპიტანი და ლიდერი რიჩი მაქოა გამოჩნდეს.

XX ტური
კრუსეიდერზი-ჰარიკენზი 25:17, ბლუზი-ჩიფსი 16:26
სატურნირო მდგომარეობა
1. ჩიფსი - 66 ქულა, 2. კრუსეიდერზი - 60, 3. ბლუზი - 44, 4. ჰარიკენზი - 41, 5. ჰაილენდერზი - 29.

სამხრეთი აფრიკა
სამხრეთ აფრიკის კონფერენციაში ბოლო ტურის წინ ყველაფერი გარკვეული იყო. "ბლუ ბულზმა", რომელმაც პლეი ოფში თამაში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა, სტუმრად წააგო კეიპთაუნის "სტორმერზთან" - 13:30. ამ გამარჯვებას მასპინძლებისთვის შვება არ მოუტანია, ვინაიდან მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდნენ და პლეი ოფის მიღმა დარჩნენ.

ზე რაგბის დატოვება მოუწევს დებიუტანტ "საუთერნ კინგზს", რომელმაც სამხრეთ აფრიკის კონფერენციაში ბოლო ადგილი დაიკავა და ადგილი იოჰანესბურგის "ლაიონზს" უნდა დაუთმოს.

"სამხრეთელმა მეფეებმა" ბოლო ტურში სტუმრად წააგეს დურბანის "ნატალ შარქსთან" - 58:13.

XX ტური
ნატალ შარქსი-საუთერნ კინგზი 58:13, სტორმერზი-ბლუ ბულზი 30:13.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბლუ ბულზი - 63 ქულა, 2. ჩიტაზი - 54, 3. სტორმერზი - 50, 4. ნატალ შარქსი - 48, 5. საუთერნ კინგზი - 24.

შესარჩევი
კრუსეიდერზი-რედსი
ბრამბიზი-ჩიტაზი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული