ხუთი ამბავი "ლომებისთვის"

AutoSharing Option
წლევანდელი ივნისის ტესტების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა "ბრიტანელი ლომებისა" და ავსტრალიის ნაკრების დაპირისპირებაა.

ევროპელების ტურნე მწვანე კონტინენტზე ურიგოდ როდი მიმდინარეობს. მეტიც, "ლომებს" შანსი ჰქონდათ, სერია მეორე შეხვედრაში მოეგოთ, თუმცა მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ - 15:16.

ამ შეხვედრაში გამოვარჩევთ ხუთ ამბავს, რომელმაც, შესაძლოა, გავლენა იქონიოს მესამე და გადამწყვეტ მატჩზე, რომელიც შაბათს სიდნეიში გაიმართება.

ორი გიგანტის ბრძოლა
"ბრიტანელი ლომებისა" და ავსტრალიის ნაკრების მეორე მატჩში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია გარემარბების, უელსელი ჯორჯ ნორსისა და ავსტრალიელი იზრაილ ფოლაუს დაპირისპირებამ. ეს უკანასკნელი ძალიან სწრაფად ყალიბდება მსოფლიო დონის ვარსკვლავად.
თავის პირველ, სადებიუტო მატჩში მან ორი ლელო მიითვალა.

მელბურნულ მატჩშიც ის ძალიან აქტიური იყო და ნორსი რომ ვერაფერს გახდა, ხელში აიტაცა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაახევინა.

უელსელის ამ ქმედებას, შესაძლოა, მოწინააღმდეგის დაშავება მოჰყოლოდა, თუმცა ორივეს ძალიან გაუმართლა: ერთი ტრავმას გადაურჩა, მეორე კი - დისკვალიფიკაციას. თუმცა მთავარი ეს არ არის.

ეპიზოდი იმდენად ეფექტური იყო, რომ ის სამუდამოდ დარჩება მატჩის მხილველთა მეხსიერებაში. ამასთან ერთად, სავარაუდოდ, ფოლაუსგან მომდევნო მატჩში საპასუხო რეაქციას უნდა ველოდოთ.

დრო უმოწყალოდ გარბის
"ბრიტანელი ლომების" ირლანდიელი შუამარბი ბრაიან ოდრისკოლი გუნდის საკვანძო ფიგურაა, თუმცა მისმა ძალისხმევამ შედეგი არ გამოიღო და სერიაში საბოლოო გამარჯვება ვერ მოხერხდა.

ეს ნიშნავს, რომ მომავალ უქმეებზე "ლომებმა" კიდევ ერთხელ უნდა შეძლონ ძალების კონცენტრაცია, საბრძოლო განწყობის შექმნა.

მთელი ეს მძიმე მოვალეობა კი მხრებზე ვეტერან ოდრისკოლის დააწვება, რადგან მესამეხაზელმა სემ ვერბარტონმა ტრავმა მიიღო და კაპიტანი სწორედ ის იქნება.

ირლანდიის ნაკრების ლეგენდარული შუამარბი პირველად საერთაშორისო არენაზე 2001 წელს სწორედ "ბრიტანელი ლომების" ვიზიტისას გამოჩნდა.

მას შემდეგ 12-მა წელიწადმა განვლო. ოდრისკოლი უკვე 34 წლისაა და რაგბიდან წასვლას აპირებს. დრო უმოწყალოდ გარბის.

ჰორვილი ყველაზე იღბლიანია
მატჩის დამთავრების შემდეგ შეუძლებელი იყო, არ შეგემჩნიათ ავსტრალიის ნაკრების კაპიტან ჯეიმზ ჰორვილის გაცისკროვნებული სახე. მან ყველაზე კარგად იცის, როგორ გაუმართლა, ამ შეხვედრაში ასპარეზობის უფლება რომ მისცეს.

პირველ მატჩში ალუნ ვინ ჯოუნზს რომ ტრავმა მიაყენა, ეს შემთხვევა დიდი მითქმა-მოთქმის საგანი გახდა.

ჰორვილის საქციელის თაობაზე ბევრი იმსჯელეს, თუმცა "ვოლაბების" კაპიტანი დისკვალიფიკაციას გადაურჩა. მეტიც, მას მესამე, გადამწყვეტ მატჩში თამაშის უფლება მისცეს. რას უნდა დავაბრალოთ ეს, თუ არა მის საოცარ იღბალს?!

ფეხჩუბინების დუელი
"ბრიტანელი ლომების" ფულბეკი ლი ჰალპფენი კარში დარტყმის ახალ სტანდარტს აწესებს. მისი ორთაბრძოლა ავსტრალიელთა შუამარბ კრისტიან ლეალიიფანოსთან ჯერჯერობით თანაბრად მიმდინარეობს.

უელსელს მეორე მატჩის მიწურულს შეეძლო ყველაფერი დაესრულებინა, თუმცა 53 მეტრიდან ბურთი კარამდე ვერ მიაწვდინა.

მთავარი ისაა, რომ ჰალპფენის რკინის ნერვები აღმოაჩნდა, რომელიც მესამე მატჩშიც აუცილებლად გამოადგება. მაგრამ არ დავივიწყოთ კრისტიანიც, რომელიც ფეხით ასევე შესანიშნავად თამაშობს.

ზეწოლა პუატზე?
"ლომები" ძალიან ცდილობდნენ, ახალზელანდიელი მსაჯი კრის პოლოკი არ განერისხებინათ და, როგორც გამოჩნდა, ეს უკეთ შეძლეს, ვიდრე სამხრეთაფრიკელი არბიტრის, კრეიგ იუბერის შემთხვევაში.

ის საკმაოდ გამოცდილი და ცნობილი მსაჯია და მისი მოტყუება არც ისე იოლია.

ბოლო, მესამე მატჩის განსჯა ფრანგ რომან პუატს მიანდეს. თითქოს ეს ფაქტი "ბრიტანელი ლომების" წისქვილზე ასხამს წყალს. პუატი ევროპელია, რომელმაც წლეულს უელსის ნაკრების ორი მატჩი იმსაჯა.

თუმცა, "ლომები" მარტო მის იმედად ვერ იქნებიან. მომავალ უქმეებზე გასამართი მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანია და ფსონიც ძალიან მაღალი იქნება. მოიგებს ის, ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული