ერთი თვე რაგბის მსოფლიოს თასამდე [VIDEO]

AutoSharing Option
2015 წლის რაგბის მსოფლიოს თასის გახსნამდე ერთი თვით ადრე ტურნირის საორგანიზაციო ჯგუფი გულშემატკივრებს "საქომაგო გეგმას" უზიარებს.

ინგლისში გასამართი ექვსკვირიანი ტურნირი, რომლის 48 მატჩი 12 ქალაქში გაიმართება, 2.45 მილიონი ბილეთითა და 400 000 საერთაშორისო სტუმრის მოლოდინში, რაგბის ისტორიაში უდიდეს მსოფლიოს თასის გათამაშებად იქცევა.

მასპინძელი ქალაქები მსოფლიოს თასისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. ინგლისის დედაქალაქის ღირსშესანიშნაობა "ლონდონის თვალი" ტურნირის მთავარი საიმიჯო ორიენტირია.

მისი კაფსულები მოასპარეზე ოცივე ქვეყნის დროშებით შეიმოსა. მისი ინტერიერი კი გულშემატკივრების მიერ მოწოდებული მსოფლიოს თასის ტროფი-ტურისა და რაგბის დღესასწაულის დროს გადაღებული ფოტოებით მოირთვება.

ღონისძიებები დედაქალაქით არ შემოიფარგლება. მსოფლიოს თასს სხვა ქალაქებიც თავისებურად აღნიშნავენ. ნიუკასლში, თაინის ხიდზე მსოფლიოს თასის ლოგო დამონტაჟდა. ლესტერში კი ეროვნული კოსმოსური ცენტრიდან მსოფლიოს თასის ბურთი გაგზავნეს გარე სამყაროში.

განსახორციელებელი გეგმა კიდევ ბევრია და დროდადრო გულშემატკივრებს მასპინძელ ქალაქებში ახალი სიურპრიზები ელით.

მას, ვისაც თამაშებზე დასასწრები ბილეთები უკვე შეძენილი აქვს, სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით შეეძლება ბილეთების სკანირებით გაიგოს ნებისმიერი ინფორმაცია სასურველი მატჩის შესახებ, დაგეგმოს სამატჩო დღე და სპეციალური რუკების მეშვეობით, რომლებიც "გულშემატკივრების ზონაში" მიიყვანს, სხვადასხვა ინტერაქციაშიც ჩაერთოს.

ყველა ასპარეზი აღჭურვილი იქნება ტურნირის ოფიციალური გაფორმებით. ეს პროგრამა სტადიონის ექსტერიერს, ბარებსა და საზოგადოების თავშეყრის ადგილებსაც მოიცავს, რათა თითოეული სტადიონი ადვილად ამოიცნობოდეს, როგორც მსოფლიოს თასის ასპარეზი. დამატებით შეიქმნება 15 ფანზონა სტადიონის შიგნით ან ახლოს.

გულშემატკივარს ტრანსპორტის გაჩერებებზე მსოფლიოს თასის წარმომადგენლები შეხვდებიან და ფანზონამდე მიაცილებენ მაყურებელთა სასიარულო ბილიკით, რომელიც მსოფლიოს თასის ნიშნულებით (სამგანზომილებიანი ქუჩების მოხატულობა, ცოცხალი შესრულება, ქალაქის მორთულობა, სამატჩო დღის ინფორმაცია) დაიტვირთება.

ამისთვის "მსოფლიო რაგბიმ" 6 000 მოხალისე დაასაქმა. ფანზონებში განთავსებულ ეკრანებზე მატჩები ლაივსთრიმით გადმოიცემა. გამონაკლისი არც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ადგილას განთავსებული პაბები და ბარები იქნება.

მსოფლიოს თასის ფარგლებში იმოქმედებს 18 აგვისტოს დაწყებული საპრეზენტაციო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს რაგბის ახალი გულშემატკივრების მოზიდვას. კიდევ ერთი სიახლე, რაც წლევანდელ მსოფლიოს თასზე დაინერგება, ყურსასმენებით კომენტირებაა.

მატჩის მსვლელობას თან დაერთვება რაგბის წესების განმარტებები, რათა სანახაობა უფრო საინტერესო გახდეს როგორც ახალი, ისე ძველი გულშემატკივრებისთვის. სერვისი უცხოელი ქომაგებისთვისაც განხორციელდება მათთვის სასურველ ენაზე.

ტურნირის წინ ორგკომიტეტმა სპეციალური საგანმანათლებლო ვიდეოები, "რაგბის სკოლა" შექმნა. ეს წამოწყება გულშემატკივრებს რაგბის წესებისა და ელემენტების უკეთ გაგებაში დაეხმარება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მსოფლიოს თასის საორგანიზაციო გეგმის უკანასკნელი ფაზა მალე დასრულდება. თასის გახსნის ცერემონიალი "თვიქნემზე" 18 სექტემბერს, ინგლისი-ფიჯის თამაშის წინ გაიმართება.

სთივენ ბრაუნი, ორგკომიტეტის მმართველი დირექტორი:

"მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს თასის დაწყებამდე სულ რაღაც ერთი თვე რჩება, გულშემატკივრებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი, რომ ამ უდიდესი დღესასწაულის მონაწილენი გახდნენ.

ვიმედოვნებთ, რომ ყოველ სტადიონზე თითოეული სამატჩო დღე ყველა ქომაგისთვის დაუვიწყარი იქნება. მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის ბინადარს ექნება შესაძლებლობა, ექვსი კვირით რაგბის სამყაროში გადაინაცვლოს".

რაგბის კავშირის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამჟამად ვცხოცრობ ლონდონში, მინდა ბილეთების შეძენა ქართველ გულშემატკივრებთან ერთად, იქნებ დამეხმაროს ვინმე!
კობა
00:56 24-08-2015
0

სიახლეები პოპულარული