უელსს ტესტებზე კრიზისი ემუქრება

AutoSharing Option
უელსის ნაკრები შემოდგომის ტესტებზე ოთხ მატჩს გამართავს. ბოლო შეხვედრა "წითელ ურჩხულებს" 1 დეკემბერს აქვს, რაც IRB-ს ოფიციალურ სანაკრებო ფანჯარას არ ემთხვევა.

უელსელების თავკაცს, უორენ გეთლენდს ამის გამო სერიოზული პრობლემა შეექმნება, რადგან ის რამდენიმე წამყვანი მორაგბის გამოძახებას ვერ შეძლებს, რადგან ამ დროს კლუბები საშინაო ჩემპიონატების მატჩებს მართავენ. ეს მორაგბეები არიან გეთინ ჯენკინსი, მაიკ ფილიპსი, ჯეიმზ კრუკი, ლუკ ჩარტერისი და ხიუ ბენეტი, რომლებიც ფრანგულ გუნდებში ირჯებიან.

არადა, უელსის ნაკრებს ძალიან უნდა, ივნისის ტესტებზე განცდილი მარცხის გამო რევანში აიღოს.

"ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. არ შეიძლება, ეროვნულ ნაკრებსა და კლუბებს შორის კონფლიქტი წარმოიქმნას. ჩვენ ყველა მორაგბეს სათითაოდ უნდა დავუკავშირდეთ და გავარკვიოთ, აქვთ თუ არა კონტრაქტში რაიმე ხელმოსაჭიდი, რათა ავსტრალიის ნაკრებთან თამაში შეძლონ.

ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ "ვოლაბებთან" თამაშის გამოტოვება გუნდის, დაახლოებით, ათ წამყვან მორაგბეს მოუწევს. ეს კი გავლენას მოახდენს ნაკრებში გამოძახებულთა სიასა და მუშაობის დაგეგმვაზე.

თუ ბოლო, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თამაშში ვერ ითამაშებს, რა აზრი აქვს სხვა დანარჩენ შეხვედრებში ასეთი მორაგბის გამოყენებას? ერთი სიტყვით, სერიოზული დილემის წინაშე ვდგავართ" - თქვა უელსის ნაკრების თავკაცმა უორენ გეთლენდმა.

სამხრეთაფრიკელს უელსში თამაში სურს
სამხრეთაფრიკელმა მეორეხაზელმა ჯორჯ ერლმა ახლახან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა უელსურ "ჰლანეჰლისთან", რაც შესაძლებელია, ამ ქვეყნის ნაკრებში მისი თამაშის უფლების მიღების საფუძველი გახდეს.

იოჰანესბურგის "ლაიონზისა" და ბლუმფონტეინის "ჩიტაზის" ყოფილი მორაგბე უელსური რაგბის დიდი ქომაგია.

"ჩემთვის დიდი პატივი იქნება, თუ უელსის ნაკრებში თამაშის საშუალება მომეცემა. ეს ყველაზე ღირსშესანიშნავი მოვლენა იქნება ჩემს ცხოვრებაში. როცა "წითელი ურჩხულების" შემადგენლობაში ასპარეზობის უფლებას დამრთავენ, 28 წლის ვიქნები. იმედი მაქვს, იმ დროისთვის უფრო დახვეწილი რაგბის თამაშს შევძლებ.

შარშან, ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში, უელსის ეროვნულ გუნდს ვქომაგობდი, რომელსაც ნახევარფინალში საფრანგეთი აუცილებლად უნდა დაემარცხებინა. ასევე, უნდა მოეგო ავსტრალიის ნაკრებთან მატჩი ივნისის ტესტებზე. ძალიან მომწონს უელსელთა თამაშის სტილი. ისინი გაშლილად, ლამაზად ბურთაობენ და ფიზიკურად შესანიშნავად არიან მომზადებულნი.

მიმაჩნია, რომ უელსის ეროვნულ გუნდს მსოფლიოში საუკეთესო უკანა ხაზი ჰყავს. არანაკლებ კარგი მოთამაშეები არიან მორკინალებიც - სემ ვერბარტონი, ალან ვინ ჯოუნზი და ბრედლი დევისი. დიდი ინტერესით დაველოდები იმ დროს, როცა მათ წინააღმდეგ მომიწევს ბრძოლა "ჰლანეჰლის" შემადგენლობაში.

დარწმუნებული ვარ, რომ უელსური რაგბი ახლა აღმასვლას განიცდის, რაც ძალიან მახარებს" - თქვა ჯორჯ ერლმა.

ოლ ბლექსს კონრად სმიტიც გამოაკლდა
ახალი ზელანდიის ნაკრების შუამარბი კონრად სმიტი ოთხი ერის გათამაშების მინიმუმ პირველ ორ მატჩს გამოტოვებს. მან ზე რაგბის ერთ-ერთ მატჩში თვალი დაიშავა და ოპერაცია გაიკეთა.

კონრად სმიტი "ოლ ბლექსის" ვეტერანია, რომელმაც ეროვნულ გუნდში 58 კეპი მოიხვეჭა. ოპერაციის შემდეგ მკურნალობა კიდევ დასჭირდა.

"მარცხენა თვალზე ორი პროცედურა ჩაუტარეს, რის შემდეგაც თავს კარგად გრძნობს. კონრადი კლინიკიდან მეორე დღესვე გავწერეთ და ახლა რეაბილიტაციის კურსს შინ გადის. ამჟამად მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სმიტი ვარჯიშს ექვსი კვირის შემდეგ შეძლებს" - თქვა მისმა მკურნალმა ექიმმა იან მერფიმ.

ერთი სიტყვით, "ოლ ბლექსის" 30 წლის შუამარბი ოთხი ერის ორ საწყის შეხვედრას გამოტოვებს ავსტრალიის ნაკრებთან სიდნეისა და ოქლენდში.

ეს დანაკლისი ახალი ზელანდიის ნაკრებისთვის დიდი დარტყმაა. სმიტის გარდა, გუნდს სხვადასხვა მიზეზით ვერ დაეხმარებიან: რიჩარდ კაჰუი, ტამატი ელისონი და სონი ბილ ვილიამსი. ახალზელანდიელთა თავკაცი 28-კაციან გაფართოებულ შემადგენლობას 5 აგვისტოს დაასახელებს.

სმიტის ტრავმის გამო ეროვნულ გუნდში მოხვედრის შანსი გაუჩნდათ რობი ფრუანს, რაია კროტის (ორივე-კრუსეიდერზი), ბენ სმიტს (ჰაილენდერზი) და ტიმ ბატმენს (ჰარიკენზი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული