მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა

AutoSharing Option
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მოწვევით საქართველოში სამუშაოდ ჩამოვიდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და წარმატებული მსაჯთა ინსტრუქტორი, ბოლო 8 წლის მანძილზე ევროლიგის მსაჯთა დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე მყოფი რიჩარდ სტოკსი. უდიდესი გამოცდილების მქონე ყოფილი მსაჯი, რომელიც სხვადასხვა დროს ფიბა-ევროპისა და ევროლიგის მსაჯთა მთავარი ინსტრუქტორი იყო, თბილისში იცხოვრებს და საკუთარ ცოდნა-გამოცდილებას ქართველი არბიტრების დონის ამაღლებას მოახმარს.

დღეს, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ოფისში რიჩარდ სტოკსი საზოგადოებას წარუდგინეს.

“მინდა, წარმოგიდგინოთ რიჩარდ სტოკსი, რომელიც საქართველოში უახლოესი ორი წლის განმავლობაში იმუშავებს”, – ასე გახსნა პრესკონფერენცია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა
ვიქტორ სანიკიძემ, რომელმაც ავტორიტეტული საკალათბურთო მოღვაწის ბიოგრაფია მიმოიხილა და მას ჩვენი წერილის დასკვნით ნაწილში იხილავთ.

“მქონდა არაერთი შეთავაზება. თუმცა ყველაზე საინტერესო წინადადება საქართველოს კალათბურთის ფედერაციიდან მივიღე – განაცხადა რიჩარდ სტოკსმა – დავინახე, რომ ბევრი დიდი საქმის გაკეთება შემეძლო. ქართულ კალათბურთში დიდ პოტენციალს ვხედავ. მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანმა, რომელიც ჩემს პოზიციაზე მუშაობდა, საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია. დრაგან ნეშკოვიჩმა ქართული სამსაჯო კორპუსი გარკვეულ დონეზე აიყვანა, მე კი გამოწვევას ვიღებ, რომ ის კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანო. როდესაც მსაჯთა საკითხები მაღალ დონეზე იქნება, ეს დიდად დაეხმარება კალათბურთელებსა და მწვრთნელებს სწორად განვითარებაში”.

რიჩარდ სტოკსის ჩამოსვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელმა პაატა ლობჟანიძემ:

“დრაგან ნეშკოვიჩმა დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა. მან, ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყო და მივიღეთ ფიბა-ს კატეგორიის სამი მსაჯი. ასევე მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა კალათბურთის ფედერაციამ, რომელმაც ამ მომენტისთვის თავის სფეროში ნომერ პირველი სპეციალისტი მოიწვია. რიჩარდ სტოკსი რამდენიმე წლის განმავლობაში ფიბა-ს 400 მსაჯს ხელმძღვანელობდა, შემდეგ – ევროლიგის 70 არბიტრს. ამით ყველაფერია ნათქვამი. წარმატებებს ვუსურვებ მას”.

რიჩარდ სტოკსი საქართველოს 10 წლის წინაც სტუმრობდა, როცა ჩვენი ფედერაციის მოწვევით სასტუმრო რედისონში 3-დღიანი მსაჯთა და მწვრთნელთა სემინარი ჩაატარა, რისი დასრულების შემდეგაც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მაშინდელ მინისტრს, ლევან ყიფიანს შეხვდა.

56 წლის რიჩარდ სტოკსმა სამსაჯო კარიერა 18 წლისამ, მშობლიურ ინგლისში დაიწყო და 2 წელიწადში ფიბა-ს ლიცენზია მიიღო. 1993-დან 2005 წლამდე სტოკსი უმაღლეს საერთაშორისო დონეზე მსაჯობდა. მან იმსაჯა ევროლიგის ისტორიული, სულ პირველი მატჩი, რომელიც მადრიდის "რეალსა" და პირეოსის "ოლიმპიაკოსს" შორის 2000 წლის 16 ოქტომბერს გაიმართა. რიჩრდ სტოკსი მოემსახურა 2003 წლის ევრობასკეტს, ხოლო სამსაჯო კარიერის 2005 წელს დასრულების შემდეგ პროფესიული თანამშრომლობა განაგრძო ფიბა-ევროპასთან და 2011 წლიდან ამ ორგანიზაციის მსაჯთა დეპარტამენტის უფროსი გახდა.

2015 წელს რიჩარდ სტოკსს ევროლიგის ხელმძღვანელობამ მსაჯთა დეპარტამენტის დირექტორობა შესთავაზა და 2023 წლის ივლისამდე ის ამ საპასუხისმგებლო პოსტზე მუშაობდა, რის შემდეგაც კონტრაქტი ამოეწურა და მასთან მოლაპარაკება საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ წამოიწყო. მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და რიჩარდ სტოკსი საქართველოში ჩამოსვლას დათანხმდა. ის როგორც ფიბა-ს ლიცენზიის მქონე ქართველი მსაჯების, ისე დამწყებთა პროფესიულ განვითარებაზე იზრუნებს – ჩაუტარებს მათ სემინარებს, მეცადინეობებს და სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიებებს.

სტოკსი მუშაობას უკვე შეუდგა და სუპერლიგასთან ერთად სისტემატურად ესწრება ასაკობრივი ჩემპიონატის მატჩებს, სადაც როგორც გამოცდილ ქართველ არბიტრებს, ისე ახალგაზრდებსაც აკვირდება მათი მომავალი განვითარებისა და პროფესიული სრულყოფის მიზნით.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0