ბლეიკ გრიფინი ნაკრებისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს კლიპერსის" ფორვარდმა ბლეიკ გრიფინმა გადაწყვიტა მონაწილეობა მიიღოს აშშ-ის ნაკრების საწვრთნელ ბანაკში, რომელიც აგვისტოში ლას ვეგასში გაიმართება. ამით კალათბურთელი აპირებს იბრძოლოს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე მოსახვედრად.

გრიფინმა ექიმების რეკომენდაციით გამოტოვა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა ოქროს მედლები მოიპოვა. მას ასევე არ უთამაშია ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე, რისი მიზეზიც მარცხენა მუხლის ტრავმა იყო.

გრიფინმა გასულ სეზონში "კლიპერსის" შემადგენლობაში 67 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 21.9 ქულა, 7.6 მოხსნა და 5.3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. პლეი ოფის 14 მატჩში კი 26
წლის ფორვარდის სტატისტიკა ასე გამოიყურებოდა: 25.5 ქულა, 12.7 მოხსნა და 6.1 პასი.

- ავსტრალიელი გამთამაშებელი მეტიუ დელავედოვა "კლივლენდ კავალიერზში" გააგრძელებს კარიერას. კალათბურთელმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, რომლის ღირებულება 1.2 მილიონი დოლარია, - წერს ESPN-ის მიმომხილველი დეივ მაკმენამინი.

დელავედოვა ამ ზაფხულს გახდა შეზღუდული უფლებების თავისუფალი აგენტი და დიდი ხანი ვერ ახერხებდა "კლივლენდთან" შეთანხმებას. მცველს წელიწადში მინიმუმ 4 მილიონი დოლარის მიღება სურდა, რისი მიცემაც "კავალიერზს" არ შეეძლო.

ადრე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დელავედოვას გადაბირებით "პორტლენდი" იყო დაინტერესებული, მაგრამ ავსტრალიელმა მაინც "კლივლენდის" მოკრძალებული კონტრაქტი ამჯობინა.

- "მაიამი ჰიტის" გამთამაშებელი შაბაზ ნაპიერი გაცვლის შედეგად "ორლანდოში" გადავიდა. ფლორიდულმა კლუბმა სანაცვლოდ მომავალი დრაფტის მეორე რაუნდში არჩევანის უფლება მიიღო. ამის შესახებ, საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა Yahoo! Sports-ის მიმომხილველმა ადრიან ვოინაროვსკიმ.

გასულ სეზონში ნაპიერმა 51 მატჩში მიიღო მონაწილეობა, აქედან 10-ჯერ გამოჩნდა "ჰიტის" სასტარტო ხუთეულში. მისი საშუალო სტატისტიკა 5.1 ქულას, 2.5 შედეგიან გადაცემასა და 2.2 მოხსნას უდრიდა.

- კიდევ ერთი კალათბურთელი, რომელიც "მაიამიმ" გაუშვა, სლოვენიელი მცველი ზორან დრაგიჩია. ფლორიდელებმა ეს კალათბურთელი "ბოსტონს" დაუთმეს, სანაცვლოდ კი დრაფტის მეორე რაუნდში არჩევის უფლება მიიღეს.

ამ კალათბურთელის გაშვებით, "მაიამი" ექვსი მილიონით განტვირთავს სახელფასო ბიუჯეტს. ამასთან, "სელტიქსში" სლოვენიელს სათამაშო დროის მიღების რეალური შესაძლებლობა ექნება.

ზორანი გასული სეზონის მსვლელობისას, თავის ძმასთან გორანთან ერთად გადავიდა "ფინიქსიდან" "მაიამიში". უმცროსმა დრაგიჩმა 16 მატჩში საშუალოდ 4.7 წუთი სათამაშო დრო მიიღო და 1.8 ქულა დააგროვა.

- "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი მზად არის ახალ სეზონში შემტევი მცველის პოზიციიდან მსუბუქი ფორვარდის ამპლუაზე გადაერთოს. ამის შესახებ, გუნდის ექიმმა გერი ვიტიმ "ლოს ანჯელეს თაიმსს" მოუყვა. ბრაიანტი მზად არის ეს ნაბიჯი გადადგას იმისთვის, რომ დახუროს აღნიშნული პოზიცია როტაციაში და გაუნთავისუფლოს ადგილი დაცვაში ახალგაზრდა მოთამაშეებს - ჯორდან კლარკსონსა და დ'ანჯელო რასელს.

"კობიმ მკითხა: "ვინ ითამაშებს მსუბუქ ფორვარდად?" შევხედე მას და ვუთხარი: "შენ". და მან ასპროცენტიანი დამაჯერებლობით მიპასუხა: "შემიძლია ამის გაკეთება", - განაცხადა ვიტიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული