დენის როდმანი თამაშობს და მღერის

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილმა მოთამაშეებმა, დენის როდმანის მეთაურობით, საჩვენებელი შეხვედრა ჩაატარეს ჩრდილოეთ კორეაში, - წერს ESPN-ი.

მატჩი, რომელიც კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ ფხენიანში გაიმართა, იქაური ლიდერისა და დიქტატორის, კიმ ჩენ ინის დაბადების დღეს მიეძღვნა, რომელთანაც როდმანს დიდი მეგობრობა აკავშირებს.

შეხვედრას 14 ათასი მაყურებელი დაესწრო. მატჩის პირველი ტაიმი ჩრდილოკორეელი კალათბურთელების გამარჯვებით დასრულდა - 47:39, მეორე ტაიმში კი თამაში შერეული შემადგენლობებით გაგრძელდა.

როდმანის გარდა, მატჩში მონაწილეობა მიიღეს დაგ კრისტიმ, კრიეგ ჰოჯსმა, ჩარლზ სმიტმა, აგრეთვე NBA-ს "ყველა ვარსკვლავის მატჩის" ყოფილმა მონაწილეებმა - კენი
ანდერსონმა, კლიფ რობინსონმა და ვინ ბეიკერმა.

მატჩის დასრულების შემდეგ დენის როდმანმა კიმ ჩენ ინისთვის სიმღერა შეასრულა და ქვეყნის ლიდერს დაბადების დღე მიულოცა.

"ნიქსს" სმიტი აღარ უნდა

როგორც ESPN.com-ი იტყობინება, "ნიუ იორკ ნიქსი" აქტიურად განიხილავს თავისი მცველის, ჯეი არ სმიტის გაცვლის ვარიანტს. სიტუაციასთან დაახლოებული წყარო იტყობინება, რომ კლუბში უკმაყოფილონი არიან მცველის საქციელით მოედანზე და მის მიღმა.

9 იანვარს სმიტი ლიგამ 50 ათასი დოლარით დააჯარიმა არასპორტული საქციელისთვის - გასულ კვირას კალათბურთელმა შუა თამაშში თასმები გაუხსნა შონ მერიონს, რისთვისაც გაფრთხილება მიიღო; უკვე შემდეგ მატჩში კი გრეგ მონროს ფეხსაცმელზე თასმების გახსნა სცადა. ადრე სმიტი ჯარიმებსა და დისკვალიფიკაციას იღებდა "ტვიტერში" შეტყობინებების, მარიხუანას მიღებისთვისა და ჯეისონ ტერისთვის იდაყვის ჩარტყმისთვის.

ბაინუმი რვა გუნდს უნდა
როგორც ESPN-ის მიმომხილველი კრის ბრუსარი წერს, ცენტრ ენდრიუ ბაინუმის გაფორმებით ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რვა კლუბია დაინტერესებული, მათ შორის, "მაიამი ჰიტი" და "ლოს ანჯელეს კლიპერსი". ასევე, ამ სიაშია "დალას მავერიქსი".

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბაინუმი გაცვლის შედეგად "კლივლენდიდან" "ჩიკაგოში" აღმოჩნდა, რის შემდეგაც "ბულზის" ხელმძღვანელობამ კალათბურთელი გუნდიდან გაუშვა და ცენტრი თავისუფალი აგენტი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული