ევრობასკეტი 2013. II ეტაპი. F ჯგუფი: ოვერტაიმების დღე

AutoSharing Option
სლოვენიაში მიმდინარე ევრობასკეტზე პლეი ოფების დრო მოვიდა. დასრულდა მეორე ჯგუფური ეტაპი და დაკომპლექტდა მეოთხედფინალური წყვილები.

დღის პირველი მატჩი ცენტრალური იყო - საბერძნეთს აუცილებლად უნდა დაემარცხებინა ხორვატია იმისთვის, რომ პლეი ოფში გასვლის მინიმალური შანსი შეენარჩუნებინა. შედეგად, ვიხილეთ ამ ევრობასკეტის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი...

F ჯგუფი
ხორვატია-საბერძნეთი 92:88 (2ო)
16:17, 20:17, 15:16, 19:20, 7:7, 15:11
ხ: ბოგდანოვიჩი (22), ტომიჩი (15+12 მოხსნა), უკიჩი (14+5 მოხსნა+5 პასი), დრეიპერი (13).
ს: ბურუსისი (21+9 მოხსნა), სპანულისი (18), ზისისი (14+5 პასი), კაიმაკოგლუ (14).
ორქულიანები: 30/58 (51,7%) - 20/47 (42,6%)
სამქულიანები: 7/22 (31,8%) - 6/27 (22,2%)
საჯარიმოები: 11/17 (64,7%) - 30/35 (85,7%)
მოხსნები: 54-42. პასები: 13-13. შეცდომები: 18-9.

გადამწყვეტი მომენტი: როცა ზისისმა მეორე ოვერტაიმის დასრულებამდე 19 წამით ადრე ორქულიანი ააცილა, ბერძნებმა ჯარიმა აიღეს ბოგდან ბოგდანოვიჩზე, რომელმაც ორივე საჯარიმო ჩააგდო და ხორვატების უპირატესობა 17 წამით ადრე ოთხი ქულა გახდა - 90:86.
მატჩის გმირი: ბოგდანოვიჩმა მხოლოდ ცხრა ქულა დააგროვა ძირითად დროში, სამაგიეროდ, პირველი ოვერტაიმის დასრულებამდე 25 წამით ადრე სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა - 77:77, მეორე დამატებით დროში კი რვა ქულის მოგროვება შეძლო.
სტატისტიკა არ ტყუის: ხორვატიამ მეტოქეზე ორჯერ მეტი - 18 შეცდომა დაუშვა, აქედან 17 ძირითად დროზე მოდის. სამაგიეროდ, ამ გუნდმა დაჯაბნა საბერძნეთი ფარქვეშ ბრძოლაში (54:42) და დაცვაშიც შესანიშნავად ითამაშა, როცა მეტოქეს მხოლოდ 35.1 პროცენტის სიზუსტით ასროლინა.

ცენტრალურ მატჩში თავიდანვე დაძაბული ბრძოლა გაჩაღდა და გუნდები ერთმანეთს წინ არ უშვებდნენ. ბერძნების რიგებში ბურუსისი გამოირჩეოდა, ხორვატები კი აქცენტს სამქულიანებზე აკეთებდნენ, თუმცა ამჯერად ეს საქმე ბოლომდე კარგად არ გამოსდიოდათ. სწორედ ამ მიზეზით პირველი მეოთხედი ბერძნებმა ერთი ქულით მოიგეს.

მეორე მეოთხედში საინტერესო დუელი მოაწყვეს დონტეი დრეიპერმა და ბერძნების ღრმა რეზერვისტმა ვასილის კავადასმა. ეს უკანასკნელი შესანიშნავად მოქმედებდა ფარქვეშ, დრეიპერი კი ყველა სროლას ათავსებდა კალათში. ხოლო, როცა მოედანზე სასტარტო მოთამაშეები დაბრუნდნენ, საბერძნეთმა სპანულისისა და კაიმაკოგლუს დახმარებით გაქცევა სცადა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლო წუთები უკეთ ხორვატიას გამოუვიდა და მან დიდი შესვენებისთვის ორქულიანი უპირატესობა მოიპოვა.

დაიწყო მეორე ტაიმი და გააქტიურდა ანტე ტომიჩი, რომელიც სამწამიანში ჯობნიდა ბურუსისს. ძირითადად მისი წყალობით, ხორვატია ყველაზე დიდი სხვაობით გავიდა წინ - ექვსი ქულით დაწინაურდა. ამ დროს საკუთარ თავზე აიღო თამაში ბოლო ორი ევროლიგის საუკეთესო მოთამაშემ სპანულისმა, რომელიც მუდმივად გამწვავებაზე მიდიოდა, მეტოქეს დაჯარიმებას აიძულებდა და საჯარიმოს ხაზიდან არ ცდებოდა. თუმცა ბოლო მეოთხედის წინ დაწინაურებული მაინც ხორვატია იყო, ოღონდ მინიმალური სხვაობით.

ქულა-ქულაში თამაში მეოთხე მეოთხედში გაგრძელდა, მაგრამ ძირითად დროში მაინც უფრო ახლოს გამარჯვებასთან ხორვატია იყო - ბოგდანოვიჩმა და უკიჩმა სირენამდე წუთნახევრით ადრე ოთხქულიანი უპირატესობა მოუტანეს თავიანთ გუნდს. როცა დასასრულამდე 21 წამი რჩებოდა, ხორვატები სამი ქულით იგებდნენ.

ამ უმძიმეს მდგომარეობაში საბერძნეთი გადაარჩინა ზისისმა, რომელიც მთელი მატჩი “ჩუმად” იყო. მან რთული სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა. ხორვატებს ჰქონდათ დრო საბოლოოდ წინ გასასვლელად, მაგრამ უკიჩმა შორიდან ნასროლი მიზანს ააცილა - 70:70.

პირველი ოვერტაიმი ბერძნების უპირატესობით წარიმართა და ახლა უკვე ხორვატიას მოუწია მატჩის გადარჩენაზე ზრუნვა და როგორც ზემოთ გითხარით, ზუსტი სამქულიანით მეორე დამატებით დროში გადაიყვანა შეხვედრა ბოგდანოვიჩმა. ბოლო შეტევა ბერძნებმა გააფუჭეს - ამჯერად ზისისმა ფარქვეშიდან ვერ ჩააგდო.

ბოგდანოვიჩის გმირული თამაშის წყალობით, მეორე ოვერტაიმის შუაში ხორვატია 7 ქულით გავიდა წინ, მაგრამ ამით მატჩი არ დასრულებულა. ზისისს წუთნახევარი ეყო ანგარიშის გასათანაბრებლად - მიზანს მიაღწია სამქულიანმა და ორმა ორქულიანმა. ხორვატთა დამრიგებელმა ბოლო ტაიმ-აუტი აიღო და მის მიერ დაგეგმილი კომბინაცია დრეიპერის ორქულიანით დასრულდა, საპასუხო შეტევაში კი ზისისმა ვერ იყოჩაღა.

ხორვატიამ პირველი ადგილი დაიკავა ურთულეს ჯგუფში და მეოთხედფინალში ყველაზე იოლ მეტოქეზე - უკრაინაზე გავიდა, საბერძნეთმა კი სამარცხვინოდ დაასრულა ევრობასკეტი და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის გარეშე დარჩა.

იტალია-ესპანეთი 86:81 (ო)
24:12, 13:25, 8:19, 25:14, 16:11
ი: ჯენტილე (25+7 მოხსნა), არადორი (17), ბელინელი (16+8 მოხსნა), დატომე (11), კუზინი (4+11 მოხსნა+3 დაფარება).
ე: მ. გასოლი (32+10 მოხსნა), როდრიგესი (18+6 პასი).
ორქულიანები: 24/41 (58,5%) - 27/52 (51,9%)
სამქულიანები: 6/26 (23,1%) - 5/25 (20,0%)
საჯარიმოები: 20/26 (76,9%) - 12/20 (60,0%)
მოხსნები: 48-38. პასები: 9-12. შეცდომები: 17-9.

გადამწყვეტი მომენტი: ლუიჯი დატომემ ძირითადი დროის ბოლო წამებზე ზუსტი ორქულიანით ოვერტაიმში გადაიყვანა შეხვედრა. დამატებით დროში კი ალესანდრო ჯენტილეს მონდომებით, იტალია 8:0 გაიქცა და კომფორტული უპირატესობა მოიპოვა, რომელიც ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვა - 80:72. ბოლოს ასეთი დიდი სხვაობა მატჩში მეორე მეოთხედში დაფიქსირდა, მას შემდეგ კი ქულა-ქულაში თამაში მიდიოდა.
მატჩის გმირი: პიეტრო არადორიმ ძირითადი დროის ბოლო შვიდ წუთში ცხრა ქულა ჩააგდო და დიდი როლი ითამაშა ჩამორჩენის გაბათილებაში, მაგრამ ასევე იმსახურებს გმირის სტატუსს მატჩის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ჯენტილე, რომელმაც 25 ქულა მიითვალა და 11-დან 11 საჯარიმო მოათავსა კალათში.

და, რა თქმა უნდა, აუცილებლად აღსანიშნავია მარკ გასოლის გმირობა. მან საერთაშორისო დონეზე პირადი რეკორდი დაამყარა - 32 ქულა ჩააგდო, რასაც 10 მოხსნაც დაუმატა.
სტატისტიკა არ ტყუის: იტალია, საშუალოდ, ყველაზე დაბალი გუნდია ევრობასკეტზე, მაგრამ მაინც აჯობა მოხსნებში მეტოქეს - 48:28. შთამბეჭდავი იყო ორქულიანების გამოყენების პროცენტი - 58.5.

ფინეთი-სლოვენია 92:76
22:26, 20:16, 29:14, 21:20
ფ: ლი (17+6 მოხსნა), სალინი (16+5 მოხსნა), კოივისტო (16), კოპონენი (14+6 პასი), აჰონენი (11).
ს: ნახბარი (15+5 მოხსნა), ბალაჟიჩი (14).
ორქულიანები: 19/30 (63,3%) - 19/38 (50,0%)
სამქულიანები: 17/32 (53.1%) - 8/20 (40,0%)
საჯარიმოები: 3/8 (37.5%) - 14/23 (60,9%)
მოხსნები: 32-30. პასები: 19-16. შეცდომები: 13-11.

გადამწყვეტი მომენტი: მასპინძლები მეორე მეოთხედის ბოლოს ხუთი ქულით იყვნენ წინ, მაგრამ ფინეთმა დიდ შესვენებამდე 5:0 გაქცევით გაათანაბრა ანგარიში, მესამე მეოთხედი კი სკანდინავიელთა 20:3 სპურტით დაიწყო. ეს ყველაფერი ექვს წუთში მოხდა და დაფიქსირდა მატჩში ყველაზე დიდი სხვაობა - 62:45.
მატჩის გმირი: მიკო კოივისტო გადამწყვეტი გაქცევის სულისჩამდგმელი იყო, თუმცა მატჩის გმირი ჯერალდ ლი გახლდათ, რომელმაც თამაშიდან რვიდან შვიდი ტყორცნა ჩააგდო და 17 ქულა დააგროვა.
სტატისტიკა არ ტყუის: ფინეთმა ფანტასტიკური პროცენტით ისროლა სამქულიანები - საწყისი 23 შორეული ტყორცნიდან 12 მოათავსა კალათში. მიუხედავად სიმაღლეში უპირატესობისა, სლოვენიამ წააგო მოხსნებში: 30:32.

ა გ თ მ წ ბ ქ
1. ხორვატია 5 4 1 372-361 9
2. სლოვენია 5 3 2 385-379 8
3. იტალია 5 3 2 374-357 8
4. ესპანეთი 5 2 3 357-339 7
5. ფინეთი 5 2 3 341-385 7
6. საბერძნეთი 5 1 4 381-407 6

1/4-ფინალი
18 სექტემბერი
19:45 სერბეთი-ესპანეთი
23:00 სლოვენია-საფრანგეთი


19 სექტემბერი
19:45 ხორვატია-უკრაინა
23:00 ლიტვა-იტალია


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევრობასკეტი 2013. II ეტაპი. E ჯგუფი: ორი დარჩა გასარკვევი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული