ევრობასკეტი 2011. ნახევარფინალები: საფრანგეთი და ესპანეთი ოლიმპიადაზე მიდიან

AutoSharing Option
გუშინ, ნახევარფინალური მატჩები მოიგეს იმ გუნდებმა, რომლებიც ამას ყველაზე მეტად იმსახურებდნენ და ხვალ, კაუნასის სპორტულ დარბაზში ყველაზე სასურველსა და ლოგიკურ ფინალს ვნახავთ.

მაკედონიის ნაკრებმა კინაღამ კიდევ ერთი სენსაცია შემოგვთავაზა. ესპანეთის ნაკრებმა, რომელიც მანამდე სასტიკად უსწორდებოდა ნებისმიერი ძალის მეტოქეს, მხოლოდ ბოლოსკენ გატეხა დოკუზოვსკის ბრწყინვალე გუნდის წინააღმდეგობა.

მაკედონიელებმა სერიოზული განწყობა მატჩის დებიუტშივე გამოაჩინეს, როცა 7:4 წაიყვანეს ანგარიში. თანაც სწრაფი ორი ჯარიმა მიაღებინეს პაუ გასოლს და მას სათადაგიროთა სკამისკენ მოუწია წასვლა.

მაგრამ ამან მხოლოდ დადებითად იმოქმედა ესპანელებზე. გასოლის ნაცვლად მოედანზე შესული იბაკას დანკმა
ესპანეთი გამოაფხიზლა და პირველი მეოთხედის ბოლო წამზე ლიულის სამქულიანის შემდეგ ფავორიტის უპირატესობა 8-ქულიანი იყო - 26:18.

მეორე 10-წუთეულში პაუ გასოლის ჩატენვამ სკარიოლოს გუნდს ორნიშნა უპირატესობა მოუტანა და თითქოს ესპანეთს საბოლოოდ უნდა მოეღო ბოლო მეტოქისთვის, მაგრამ თამაშის სურათი კარდინალურად შეიცვალა. 14:3 გაქცევამ, რომელიც დამიან სტოიანოვსკის სამქულიანით დასრულდა, მაკედონიას ერთქულიანი უპირატესობა მოუტანა. ესპანელები აშკარად დაბნეულები ჩანდნენ და ამის ხარჯზე მეტოქემ თავის სასარგებლოდ მინიმალური სხვაობა დიდ შესვენებამდე შეინარჩუნა. ეს უკვე დიდი სენსაცია იყო.

ქულა-ქულაში თამაში მესამე მეოთხედის შუამდე გაგრძელდა, რის შემდეგაც მატჩის სადავეები ხელში აიღო ფენომენალურმა ნავარომ. მესამე ათწუთეულში ამ კალათბურთელის მონაგარი 19 (!) ქულა იყო. მის გარღვევებსა და სამქულიანებს მაკედონიელებმა ვერაფერი მოუხერხეს და საბოლოოდ, ბარსელონელმა 35 ქულა გააკეთა, რითაც სერიოზული განაცხადი გააკეთა ევრობასკეტის MVP-ის ტიტულზე.

ნავაროს პაუ გასოლმაც აუბა მხარი და "ლეიკერსის" ფორვარდმა მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა - 22 ქულა და 17 მოხსნა. ამ დუეტისა და გამოღვიძებული რუბიოს წყალობით ესპანეთმა ბოლო მეოთხედის წინ 71:62 წაიყვანა ანგარიში და შემდეგ უკვე ახლოს აღარ მიუშვა მეტოქე.

ნავაროსა და გასოლის კარგი თამაშის გარდა, ესპანელთა გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა შეტევაში მოხსნები - ასეთი მაკედონიას მხოლოდ შვიდი ჰქონდა, ესპანეთს - 19, შესაბამისად, მეორე შანსით მოპოვებული ქულების რაოდენობით სკარიოლოს გუნდმა მეტოქეს 22:6 მოუგო.

თავისი ნორმა შეასრულა მაკალებმა - მაკედონიელთა ლიდერმა 19 ტყორცნიდან 11 მოათავსა კალათში, დააგროვა 25 ქულა, ხუთი პასი შეასრულა და 34 წუთის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეცდა.

* * *
2007 წლის ევრობასკეტის ფინალი არ განმეორდება - რუსეთმა ვერ შეძლო 9-მატჩიანი მოგებათა სერიის გაგრძელება, რადგან გუშინ საფრანგეთის ნაკრები მასზე უკეთესი იყო, თანაც დევიდ ბლატის შეგირდების იღბალის ლიმიტი სწორედ ნახევარფინალურ ეტაპზე ამოიწურა.

საფრანგეთისთვის გუშინდელი გამარჯვება ისტორიული იყო - მან პირველად მოიგო ევრობასკეტის ნახევარფინალი.

პირველი სამი მეოთხედი თითქმის თანაბარი თამაში მიდიოდა, თუმცა მაინც იგრძნობოდა საფრანგეთის მცირე უპირატესობა. ვენსან კოლეს გუნდი პერიოდულად ახერხებდა გაქცევას, მაგრამ მაინც აძლევდა მეტოქეს დაწევის საშუალებას. ასე იყო მეორე მეოთხედის ბოლოსკენ, როცა 11:2 სპურტის შემდეგ საფრანგეთი 39:31 გავიდა წინ, მაგრამ იქვე ფრიძონმა სამქულიანი გაისროლა და დიდი შესვენებისთვის სხვაობა ხუთი ქულა იყო.

საფრანგეთმა მეორე ტაიმი ძალიან ცუდად დაიწყო - ზედიზედ სამ შეტევაში დაკარგა ბურთი, რითაც რუსეთმა კარგა ისარგებლა და თანდათან შეამცირა ჩამორჩენა, ბოლოს კი ანგარიში გაათანაბრა კიდეც - 45:45.

სწორედ აქ თავისი ხმამაღალი სიტყვა თქვა ბატუმმა, რომელმაც ორი სამქულიანი ჩააგდო, საფრანგეთი კი 8:0 გაიქცა და ანგარიში 53:45 გახდა. ცოტა ხანში კი ფრანგების უპირატესობამ პირველად მატჩში ორნიშნა რიცხვს მიაღწია - 61:49.

ამის შემდეგ კირილენკომ სცადა გაბრძოლება, როცა თავის გუნდს ზედიზედ ოთხი ქულა მოუტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. რუსეთმა მორიგი სასწაული ვერ მოახდინა - ბოლო სამ წუთში ვერ გააბათილა ცხრაქულიანი ჩამორჩენა. ფრანგები იოლად გაუმკლავდნენ მეტოქის პრესინგს და საჯარიმოები თითქმის უშეცდომოდ ისროლეს. ბოლო წამზე შვედის თითქმის ცენტრიდან ჩაგდებული სამქულიანი რუსებისთვის მცირე შვება აღმოჩნდა.

მატჩის გმირი, რა თქმა უნდა, ტონი პარკერი იყო, რომლის გამჩერებელი რუსეთში არავინ აღმოჩნდა, თუმცა არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ბატუმის გარჯა - 19 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 2 დაფარება.

ასე რომ, ფინალში ესპანეთისა და საფრანგეთის რემატჩს ვნახავთ. ჯგუფურ ეტაპზე სკარიოლოს გუნდმა გაანადგურა მეტოქე, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ იმ შეხვედრაში ფრანგებმა პარკერი და ნოა დაასვენეს, ასე რომ, იმ მატჩით მომავალ ფავორიტზე მსჯელობა არ შეიძლება. ფინალი კვირას გაიმართება, თუმცა საფრანგეთმა და ესპანეთმა ამოცანა მინიმუმი უკვე შეასრულეს - ისინი ოლიმპიადაზე მიემგზავრებიან.

1/2 ფინალი
ესპანეთი-მაკედონია 92:80
26:18, 18:27, 27:17, 21:18
ე: ნავარო (35), პ. გასოლი (22+17 მოხსნა), მ. გასოლი (11+10 მოხსნა+5 პასი+2 დაფარება), იბაკა (11), რუბიო (5+7 მოხსნა+4 პასი), ლიული (3), კალდერონი (3+4 პასი), ფერნანდესი (2).
მ: მაკალები (25+5 პასი), ანტიჩი (17+9 მოხსნა), ილიევსკი (15), სამარძინსკი (12+5 მოხსნა), ვ. სტოიანოვსკი (6), დ. სტოიანოვსკი (3), ჩეკოვსკი (2+5 მოხსნა).

საფრანგეთი-რუსეთი 79:71
17:16, 22:18, 16:13, 24:24
ს: პარკერი (22 +4 ჩაჭრა), ბატუმი (19+7 მოხსნა+4 პასი), დე კოლო (9+5 მოხსნა), ტრაორე (8), ნოა (7+8 მოხსნა), დიაო (6), პიეტრუსი (4), ჟელაბალე (2), კაუდი (2).
რ: კირილენკო (21+3 ჩაჭრა), მოზგოვი (12), ხრიაპა (9+5 პასი), მონია (8), ბიკოვი (7), შვედი (7), ანტონოვი (4), ფრიძონი (3).

5-8 ადგილი
საბერძნეთი-სერბეთი 87:77
34:8, 14:18, 16:22, 15:15
საბ: ბურუსისი (27+6 მოხსნა), ცისისი (18+5 პასი), ფოცისი (16+8 მოხსნა), კალატესი (10+10 პასი), ბრამოსი (6), პაპანიკოლაუ (4+8 მოხსნა), კუფოსი (4), მავროეიდისი (2).
სერ: კეშელი (22), კრსტიჩი (15), მაჩვანი (14), სავანოვიჩი (9), ტეოდოშიჩი (6+7 პასი), მარკოვიჩი (4), პაუნიჩი (3), პეროვიჩი (2), ბიელიცა (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული