ბექა წივწივაძე: ჩემპიონობა და სუპერთასი კარგია, თუმცა ეს არ არის ყველაფერი...

AutoSharing Option
"შსს აკადემიასთვის" წლევანდელი სეზონი ტრიუმფალური აღმოჩნდა. გუნდი სეზონის განმავლობაში ნელ-ნელა შეიკრიბა, ჩამოყალიბდა, ხოლო მაისში შრომის შედეგიც "მოიმკო" - საქართველოს ჩემპიონიც გახდა და სუპერთასიც მოიგო.

ორივე შემთხვევაში გადამწყვეტ დაპირისპირებაში "დინამოს" აჯობა. გამარჯვებულისთვის განკუთვნილი თასი კაპიტანმა ბექა წივწივაძემ ჩაიბარა, რომლის ინტერვიუსაც ქვემოთ გთავაზობთ.

საქართველოში სუპერთასი სეზონის დასრულების შემდეგ თამაშდება. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ გუნდებს უჭირთ კონცენტრაციის შენარჩუნება და სუპერთასს აგებენ...

- სუპერლიგის დასრულების შემდეგ სუპერთასზე გადაწყობა რთულია, მით უმეტეს, ჩემპიონისთვის. მთელი სეზონი ვშრომობდით, სუპერლიგა მოვიგეთ. მთავარი სწორედ ეს იყო, თუმცა
ჩვენთვის არანაკლებ პრესტიჟულია სუპერთასი.

მაქსიმალურად მოვემზადეთ სეზონის ბოლო მატჩისთვის. რაც ჩემზე, როგორც კაპიტანზე, იყო დამოკიდებული, ყველაფერი გავაკეთე. გამარჯვება კი მთლიანად გუნდის დამსახურებაა. თითოეულმა კალათბურთელმა თავისი წვლილი შეიტანა წარმატებაში.

- მაინც რის ხარჯზე მიაღწია "შსს აკადემიამ" ჩემპიონობამდე?
- ყველა ხედავდა, რომ გუნდს გიორგი ცინცაძის სახით ლიდერი ჰყავდა. სხვა კალათბურთელებსაც გვქონდა ლიდერული ფუნქციები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ყველა საკუთარ თავზე ვფიქრობდით. ვცდილობდით, ყველაფერი გუნდისთვის სასიკეთოდ გეგვეკეთებინა. ისიც ვიცოდით, რომ სხვანაირად შედეგს ვერ მივაღწევდით. საბოლოოდ სწორი ტაქტიკური გათვლებითა და გუნდური თამაშით გავიმარჯვეთ.

მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო გუნდის ხელმძღვანელობას, მწვრთნელებს, კალათბურთელებს, რომლებმაც მართლაც ლომებივით იბრძოლეს.

- სეზონის განმავლობაში იყო ბევრი დაბრკოლება...
- მიმაჩნია, რომ მთავარი პრობლემა მატჩების ნაკლებობა იყო. რეგულარულ ეტაპზე 14 შეხვედრა ჩავატარეთ, რაც ძალიან ცოტაა. ვიმედოვნებ, მომავალ სეზონში სისტემა შეიცვლება.

რეგულარული ეტაპის შემდეგ, მეოთხედფინალში შევხვდით "სოხუმს", რომელთანაც ხუთმატჩიანი დაძაბული სერია გვქონდა. სწორედ ამ მატჩების დახმარებით შევედით ფორმაში და მას მერე აკრეფილი ტემპი აღარ დაგვიგდია.

- სეზონი დასრულდა, თუმცა დღესვე შეიძლება სამომავლო გეგმებზე ფიქრი. ქართული კალათბურთისთვის აუცილებელია მინიმუმ ერთი გუნდის ევროსარბიელზე გასვლა.
- საქართველოს ჩემპიონი გავხდი, ძალიან კარგია. სუპერთასი მოვიგე, ესეც კარგია. თუმცა ეს არ არის ყველაფერი ის, რაც გვჭირდება - აუცილებელია ახალი გამოწვევა.

მომდევნო სეზონში სუპერლიგაში ისევ ვითამაშებთ, ისევ ამ გუნდებთან მოგვიწევს დაპირისპირება, მაგრამ ჩვენთვის საინტერესოა, როგორ ვვითარდებით ამა თუ იმ სეზონის შემდეგ. საამისოდ კი აუცილებელია საკუთარი შესაძლებლობები უცხოურ გუნდებთან მატჩებში გამოვცადოთ.

როცა საქართველოს ნაკრების ღირსეულ შეცვლაზე ვლაპარაკობთ, საჭიროა, ევროტურნირებზე მივიღოთ გამოცდილება და მას მერე უფრო უკეთ დავეხმარებით ნაკრებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული