ზაზა ფაჩულია: ნეტავ შემეძლოს, მადლობა ყველას სათითაოდ გადაგიხადოთ...

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

ამასთან, ფაჩულიამ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად თავის ავტოგრაფიან NBA-ს მაისურს უსახსოვრებს.

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო კითხვა-პასუხს ინტერნეტკონფერენციიდან.

მკითხველი:
- მოგესალმები, ზაზა. პირველ რიგში, გილოცავ წლევანდელ ძალიან მაგარ სეზონს, განსაკუთრებით, რეგულარულ ჩემპიონატში. იმედი მაქვს, ისეთ გუნდში გადახვალ, სადაც სათანადოდ დაგაფასებს მწვრთნელი და უაზრო ექსპერიმენტების კეთებას არ დაიწყებს. რა გრძნობა დაგეუფლა მაშინ, როდესაც გაიგე, რომ All-Star-ზე მოხვედრამდე ძალიან ცოტა დაგაკლდა?
- მოვხვდებოდი თუ არა All-Star-ზე, ამაზე ნაკლებად
ვფიქრობდი, რადგან იმხელა მხარდაჭერა ვიგრძენი ჩემი ქართველებისგან, ჩემი ქვეყნიდან, რომ ეს მახარებდა. სწორედ ეს იყო ჩემთვის ბევრის მთქმელი და ამას იმიტომ არ ვიძახი, რომ ვერ მოვხვდი. უბრალოდ, განვიცდიდი ამას, ვგრძნობდი ყოველდღე, ყოველ სტატუსზე, ყოველ დარეკილზე და ყოველ გამოქვეყნებულ შედეგებისას - ასმაგ ენერგიას და მოტივაციას მაძლევდა ყოველივე ეს.

შეიძლება, არ ვართ დიდი ქვეყანა, მაგრამ გააზრება იმის, რომ ქვეყნის ამხელა ნაწილი გვერდით გიდგას, ბევრს ნიშნავს.

სიყვარულს ვერ იყიდი, ადვილად ვერ მოიპოვებ ხალხის გულს და ბედნიერი ვარ, რომ ამხელა თანადგომა მივიღე. ნეტავ შემეძლოს, მადლობა ყველას სათითაოდ გადაგიხადოთ, მაგრამ სოციალურ ქსელში იმ სტატუსის გამოქვეყნებაში მთელი გული ჩავდე.

მკითხველი:
- წლების განმავლობაში ნბა-ს 4 კლუბში გითამაშიათ უამრავი გულშემატკივრის წინაშე. ყოველივე ამის გათვალისწინებით, რა გრძნობა ეუფლებოდა და ეუფლება ზაზა ფაჩულიას მომქანცველი სეზონის შემდეგ, გადაჭედილ სპორტის სასახლეში თამაშისას? თუ შეგიძლიათ შეადაროთ ერთმანეთს ეს ორი ემოცია...
- მახსოვს, ჩემი პირველი თამაში სპორტის სასახლეში: ხელში ამიყვანეს, ისე გამიყვანეს და მანდ დაიწყო ჩემი სანაკრებო კარიერა. არ შეიძლება ადამიანს ამ მომენტის მერე სპორტის სასახლეში თამაში სიამოვნებას არ განიჭებდეს.

ჩემს მიწა-წყალზე, სადაც დავიბადე, გავიზარდე, თამაში ყოველთვის განსაკუთრებული და განსხვავებულია. ამ გრძნობას არანაირი მატერიალური მხარე არ გააჩნია - ესაა გული, სული, ადამიანობა და ქართველობა. დიდი სიამაყის გრძნობაა, როცა შენი ქვეყნის მაისურით გადიხარ მოედანზე მისი სახელის დასაცავად.

ჩემს ხასიათში ეს ზის, ასე გავიზარდე და სიამაყის გრძნობა მაქვს, როცა ჩემს ქვეყანას წარმოვაჩენ. და, ზოგადად, არ აქვს სპორტის სახეობას მნიშვნელობა და არც იმას, თუ რამდენად ვარ მასში ჩართული - საქართველოს ნაკრებია და ყოველთვის გვერდში ვუდგავარ!

სრული ინტერნეტკონფერენციის ნახვა შეგიძლიათ აქ – ზაზა ფაჩულიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მადლობა ზაზას ჩემი კითხვა რო გამოარჩია.

ჩემი ნომერი გათიშული იქნება რაღაც პერიოდის მანძილზე და ელექტროფოსტის მეშვეობით შემეხმიანეთ (სხვა ნომერი რო მოგწეროთ).
Grigol Grigolava
15:32 30-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული